ჩემი ინფორმაციით, კეზერაშვილი მათ კვიპროსში შეხვდა და ზოგს 100 000, ზოგს 50 000 ნაძარცვი დოლარი გადაუხადა, რათა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ ორმაგი ძალისხმევით იბრძოლონ, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპელი დიპლომატების ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გლობალური ომის პარტიისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები, ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისში ვიზიტს აპირებენ და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებებს გეგმავენ, რაც მათი მხრიდან უკვე არაერთხელ ვიხილეთ.
ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვა მარიონეტი პოლიტიკოსები მოსყიდული მოლაპარაკე თავები არიან, რომლებიც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, უკრაინიზაციისკენ მოუწოდებდნენ, აქტიურად იყვნენ და არიან ჩართულები სააკაშვილის გათავისუფლების მცდელობაში, ყველა ტრიბუნას და ინსტრუმენტს იყენებენ, რათა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ სახელმწიფოს სანქციები დაუწესდეს, უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ჩვენს სუვერენიტეტს არაფრად აგდებენ.
ჩემთვის გასაკვირი არ არის მათი ქმედებები და მოტივი, რადგანაც პირდაპირ არიან დაკავშირებულები „ნაციონალური მოძრაობის“ სპონსორებთან და გლობალური ომის პარტიასთან, რომელიც ყველანაირად ცდილობს, საქართველოში რევოლუციური სცენარით შეცვალოს ხელისუფლება, ხოლო შემდგომ ჩვენი სამშობლო პოლიგონად გადააქციოს.
ჩემი ინფორმაციით, ევროპელი პენსიონერების და ქართული სახელმწიფოს მძარცველი კეზერაშვილი ზემოთ ნახსენებ პოლიტიკოსებს კვიპროსში შეხვდა და ზოგს 100 000, ზოგს 50 000 ნაძარცვი დოლარი გადაუხადა, რათა სტაბილური ლობისტური საქმიანობის გარდა უხეშად ჩაერიონ მიმდინარე პროცესებში და გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ ორმაგი ძალისხმევით იბრძოლონ.
სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო უცხოელ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და არ გაბედონ საქართველოში რადიკალურ ძალებთან ერთად მოქმედება, რადგანაც მათი სქემები გაშიფრულია და სახელმწიფო გადატრიალების გეგმაში მონაწილეობის მიღება მათთვის გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს.
ამავდროულად საზოგადოებას სიფხიზლისაკენ მოვუწოდებ და მინდა გავაფრთხილო, არ აჰყვნენ მოსყიდული პოლიტიკოსების განცხადებებსა და ქმედებებს. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულმა ყველა პირმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, თუმცა მტრებს ისე დახვდება, როგორც ჩვენნაირ თავისუფლებისმოყვარე ერს ეკადრება“, - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |