204
07 მაისი 2024, 14:14
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების მიზანი იყო შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ თითქოს ისინიც ისეთივე ღირებულებებს ატარებენ, როგორსაც ქართული საზოგადოების უმრავლესობა.
„ცნობილი ჯინ შარპის ხელისუფლების შეცვლის 198 არაძალადობრივი მეთოდიდან მე-20 არის „ლოცვა და თაყვანისცემა“, როგორც სიმბოლური საჯარო აქტი. ყველა იმ მეთოდს შორის, რომელიც შარპს აქვს ჩამოთვლილი, ეს ერთ-ერთია, რომელიც ძალიან მგრძნობიარე საკითხს ეხება და ბევრისთვის გულისამაჩუყებელიც შეიძლება იყოს.
სწორედ ეს იყო რადიკალური ოპოზიციის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების მიზანი - სააღდგომოდ შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ისინიც ისეთივე ღირებულებებს ატარებენ, როგორსაც ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა.
სინამდვილეში კი ჩანაფიქრი შარპის „არაძალადობრივი მეთოდებით“ მოქმედება და ერთხელ უკვე დაწერილისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უკვე მომხდარი სცენარით მოქმედებაა ხელისუფლების შესაცვლელად.
ბუნებრივია, ეს სიყალბე ვერ დაიმალებოდა და ვერც დაიმალა. რეალურად რაც ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების მხრიდან აღდგომის დღესასწაულის გაშარჟება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა.
ვნახეთ ლგბტ აქტივისტის, 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე ანა სუბელიანის ნამღერი, სააღდგომო კვერცხის გატეხა პოლიტიკური სლოგანებით, ვნახეთ ნინო ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებული და მალევე წაშლილი ლგბტ დროშის ფერებში შეღებილი კვერცხი, ვნახეთ ილიასეული ტრიადის კიდევ ერთხელ შეცვლის მცდელობა „ერთობის“ დამატებით (გეგონება თვითონ არ იცოდა რას და რატომ წერდა და პირობითმა რატი ამაღლობელმა ან ლაშა ბუღაძემ უფრო იციან), ვნახეთ ბანერები, რითაც წმ. გიორგის ხატია გაშარჟებული, ასევე გაუგებარი ფიგურა, რომელიც „საქართველოს დედად“ არის მოხსენიებული, სინამდვილეში კი ქვიარ აქტივისტს უფრო ჰგავს.
მოკლედ ვნახეთ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რომლის მასშტაბიც საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. რადიკალური ოპოზიციის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების დაგეგმილი აქცია სხვანაირი ვერც იქნებოდა.
ვნახეთ ასევე აღდგომის ღამეს პოლიციელებისთვის „გულწრფელად“ დარიგებული პასკები და კვერცხები, აქციაზე დარიგებული ღვეზელები და ორცხობილები. ეს სურათი ძალიან ჰგავს ვიქტორია ნულანდის მიერ თავის დროზე კიევში, მაიდანზე დარიგებულ ორცხობილებს. ამ ქმედებას შეგვიძლია „ნულანდის პერაშკების“ დარიგებაც ვუწოდოთ, ვინაიდან ქმედება ყალბზე ყალბია და სრულდება იმისთვის, რომ აქციების ორგანიზატორების ძალადობრივი ქმედებები გადაიფაროს - პოლიციელებისთვის ფურთხება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გმირთა მოედანზე აქციის ორგანიზატორების მხრიდან მოქალაქეებზე თავდასხმები, გინება, ფსიქოლოგიური ზეწოლა წინასწარ მომზადებული ფრაზებით - „ჩვენ საქართველოს ვემსახურებით“, „გადადე ყველაფერი და მხარში დაგვიდექი“, „ქვეყნის გადარჩენაზე უფრო დიდი რა საქმე გაქვს?!“ და ა.შ.
ძალადობრივი ქმედებაა „აზრის პოლიციის“ მეთოდით ცნობილ ადამიანებზე ზეწოლა, რათა ის და ისე თქვან, როგორც ორგანიზატორები ფიქრობენ. ლაშა ტალახაძეზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვებზე შეტევა სწორედ ამის მაგალითია. ასე ხდება რიგით მოქალაქეებზეც - აქციის ორგანიზატორები ამუნათებენ ყველას გარშემო და ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობენ აკეთებინონ ის, რაც არ სურთ.
როგორი ყალბიც იყო აქციის ორგანიზატორების მხრიდან აღდგომის აღნიშვნა, ისეთივე ყალბია შარპის „არაძალადობრივი მეთოდები“. მიზანი, რაც ამ 198 პუნქტში არ წერია, არის მსხვერპლი. პარლამენტში დევი ჭანკოტაძისგან, ეთერებში ზურაბ ჭიაბერაშვილისგან საუბარი შესაძლო მსხვერპლზე ამის მაგალითია.
ასე რომ, ვინც აქციებზე „წრფელი გულით“ დადის, უნდა გაითვალისწინოს, რომ რადიკალური ოპოზიციის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების ორგანიზებულ აქციაზე მისვლა მათი ღირებულებების გაზიარებას, მათ გეგმებსა და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს,“ - წერს იოანე შაიშმელაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |