152
26 დეკემბერი 2023, 14:41
იგი ეხმიანება ევროკავშირის 9 დათქმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმას და აღნიშნავს, რომ პრაქტიკულად ამ გეგმაში გაწერილია ის ქმედებები, რასაც აქამდეც ასრულებდა საქართველო.
“დღეს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა ევროსაბჭოს მიერ ჩვენს წინაშე დასახული ცხრა რეკომენდაციის შესრულების მიზნით. ვერაფერი განსაკუთრებული, რასაც აქამდე არ ვასრულებდით მანდ ვერ აღმოვაჩინე.
ჩვენს სამთავრობო გეგმაზე ბუნდოვანი ზოგიერთი რეკომენდაცია უფრო მეჩვენება. დავიწყოთ პირველით: "ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა". ამ რეკომენდაციას მთავრობა შემდეგნაირად პასუხობს: "საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით".
პრინციპში, როგორი რეკომენდაციაც არის - ასეთივეა პასუხიც. "დეოლიგარქიზაციისა" არ იყოს - მოგვთხოვეს ანტიდემოკრატიული დათქმის აღსრულება: "ჩავეკითხეთ", დავაზუსტეთ, ავუხსენით, მივახვედრეთ - და დათქმაც გამოიწვიეს უკან.
რას ნიშნავს "ევროკავშირის ფასეულობები" თუ "ღირებულებები", დარწმუნებული ვარ, ამასაც ჩავწვდებით ბოლომდე. ევროკავშირი წარმოადგენს 27 სხვადასხვა განსხვავებული ისტორიული, ეთნიკური, ტრადიციული, კონფესიული ფასეულობების ერთობლიობას. რომის პაპიდან დაწყებული, ევროპარლამენტის კონსერვატიული ფრთით დასრულებული სწორედ ამის წინააღმდეგ გაისმის აღშფოთებული ხმა: "ჩვენ ვართ მულტიფასეულობების გაერთიანება და არა "ერთფასეულობრივი" უნიფიცირებული სუბსტანცია". ასე რომ, ამ საკითხში გარკვევა აუცილებლად მოგვიწევს.
მანამდე კი შემოვიფარგლები ევროკავშირის იმ ხუთი ძირითადი კომპეტენციით, რომლებიც ქმნიან მის ხერხემალს და სწორედ მათ მივაკუთვნებ (პირობითად) "EU ფასეულობათა" ერთობლიობის სტატუსს. ესენია: 1) საბაჟო კავშირი, 2) შიდა ბაზარზე კონკურენციის წესების დამკვიდრება, 3) ევროზონის წევრი ქვეყნების ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, 4) საზღვაო ბიორესურსების შენარჩუნება და 5) ერთიანი სავაჭრო პოლიტიკა. ეს არის ის ხუთი ძირითადი სფერო, რომელიც აერთიანებს ევროკავშირში შემავალ ყველა სახელმწიფოს და ჩემი აზრით, ამ ორგანიზაციის ძირითად "ფასეულობებს" წარმოადგენს.
მთელ რიგ სპეციფიურ საკითხში, როგორიც არის მაგალითად, ალბათ ყველაზე მგძნობიარე "გენდერული მრავალფეროვნება" - ევროკავშირში შემავალ უმეტეს ქვეყანაში ამ უკუღმართობებს კრძალავს ან კანონი, ან რეფერენდუმის შედეგი ანდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მსგავსი განსხვავებული მიდგომაა მთელ რიგ სხვა კერძოსახელმწიფოებრივ და არა ზოგადსაევროკავშირო საკითხებთან. ასე რომ, გაუგებარია, რა "ფასეულობებზე" მიდის საუბარი. თუ რა საერთო სფეროების დელეგირება მოახდინეს ქვეყნებმა ევროკავშირში - მოგახსენეთ. აი მათ მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან კი უფალმა დაგვიფაროს!” - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |