281
22 აგვისტო 2023, 11:13
„უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-დასავლეთის ომის დაწყებიდან წელიწად-ნახევარმაც განვლო, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავიც შეგვისრულდა. კვლავ ბოლომდე პასუხგაუცემელია რიგი შეკითხვები: შეიძლებოდა თუ არა ამ ომების თავიდან აცილება, რამდენად თანხვედრაში იყო 2008 წლის რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ინტერესები, არსებობდა თუ არა ავტორიტეტული დასავლელი ანალიტიკოსების წინასწარი პროგნოზები და ვარაუდები. განსაკუთრებით საინტერესოა ეს უკანასკნელი სეგმენტი, ვინაიდან უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე ხელმისაწვდომი იყო ძალზე მნიშვნელოვანი და სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური ანალიზი. 2019 წელს ავტორიტეტულმა ამერიკულმა არაკომერციულმა კვლევითმა ორგანიზაცია RAND-მა (research and development), რომელიც აშშ-ის, ევროპისა და აზიის სახელმწიფო დაწესებულებებს ანალიტიკური სერვისით უზრუნველყოფს, გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, სახელწოდებით: „რუსეთის გაფართოება. კონკურენცია მომგებიანი პოზიციებიდან“. აღნიშნული ანგარიშის მეოთხე თავი მოიცავდა ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა:
უკრაინისთვის „ლეტალური“ იარაღის მიწოდება;
სირიელი აჯანყებულებისთვის დახმარების გაზრდა;
ბელარუსში რეჟიმის ჩასანაცვლებლად ხელშეწყობა;
სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის გამოყენება;
ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენების შემცირება;
მოლდოვაში რუსეთის კომპონენტისადმი წინააღმდეგობის გაწევა.
აღნიშნული პუნქტებიდან, ამჟამად თითოეულს ვაკვირდებით მათ განხორციელების ფაზაში და ამის უშუალო მოწმეები ვართ. სად და წარმატების რა დოზით წარიმართა, ამასაც ვადევნებთ თვალყურს. ბელარუსში რეჟიმის შეცვლის მცდელობამ − „ორპრეზიდენტიანობის“ ტაქტიკამ (ლუკაშენკო/ტიხანოვსკაია) ამ ეტაპზე კრახი განიცადა. დაგეგმილთან და პროგნოზირებულთან ასპროცენტიან თანხვედრაში ვერც სირიაში მიმდინარე პროცესებს აქვს ადგილი. დუღს ვითარება მოლდოვაში და გადაჭრით იმის თქმა, რით დასრულდება იქ პრორუსული ძალების EU-ს სტატუსმინიჭებულ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა ან დნეპრისპირეთში სამხედრო ვითარების ესკალაცია, ამ ეტაპზე გაგვიჭირდება. ვიხილეთ ასევე ყაზახეთსა და ყირგიზეთში სიტუაციის არევის ინსპირირება გარე ძალების მხრიდან, თუმცა ამჟამად RAND-ის ანალიტიკური დოკუმენტის მოშველიებით, უფრო დიდი ყურადღება დავუთმოთ უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის პუნქტებს, რადგანაც ეს ორი უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.
დავიწყოთ უკრაინით.
Measure 1: Provide Lethal Aid to Ukraine (უკრაინისთვის „ლეტალური“ იარაღის მიწოდება)
RAND-ის ანალიტიკოსების აზრით, თანამედროვე რუსეთის დასუსტებისა და დაშლის მთავარი იარაღი მისი ეკონომიკური და ფინანსური გაკოტრებაა, მსგავსად ამ ტაქტიკის გამოყენებისა სსრკ-ს დაშლამდე მიყვანის პროცესებში. რუსეთი ამჟამად გაცილებით სუსტი და შეზღუდულია თავის საერთაშორისო გავლენებსა და ამბიციებში. მისი საგარეო ვალდებულებები ბევრად შეზღუდულია და მოიცავს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხოლოდ მცირე ნაწილებს, ასევე, სირიის დიდ ნაწილს. შეერთებული შტატები ამჟამად შეზღუდულად უჭერს მხარს რუსეთის ოპონენტებს ამ ქვეყნებში და საჭიროა უფრო მეტი გააკეთოს, რითაც გაზრდის ამ რეგიონებში რუსულ ხარჯებს.
რუსეთთან მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონკურენციაში, აშშ-მ ექვს ძირითად მიმართულებაზე უნდა გაამახვილოს თავისი ყურადღება: უკრაინისთვის „ლეტალური“ იარაღის მიწოდება, სირიელი მეამბოხეებისთვის მხარდაჭერის გაძლიერება, ბელარუსში რეჟიმის ცვლილების ხელშეწყობა, სომხური და აზერბაიჯანული დაძაბულობის გამოყენება, ცენტრალური აზიის მიმართ ყურადღების გამახვილება და დნესტრისპირეთის რუსეთისაგან იზოლაცია. RAND-ის კვლევაში ასევე ჯერ კიდევ 2019 წელს განხილულია NATO-ს ურთიერთობების გაძლიერება შვედეთთან და ფინეთთან, და რუსეთის პრეტენზიებზე ზემოქმედება არქტიკაზე. რუსეთის სამხედრო კომპონენტის გააქტიურების გამოწვევა ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში, დაკავშირებული იქნება დიდ ფინანსურ დანახარჯებთან, რომლებმაც შესაძლებელია დაასუსტოს იგი. თუმცა ალტერნატიულ და უფრო სავარაუდო ვარიანტად განიხილება, რომ რუსეთმა შესაძლოა თავად მოახდინოს მოვლენათა ესკალაცია − დაიპყროს უკრაინის უფრო მეტი ტერიტორია, მხარი დაუჭიროს დამასკოს რეჟიმის შემდგომ წინსვლას ან რეალურად გააძლიეროს თავისი პოზიციები ბელარუსში.
ასეთმა ნაბიჯებმა, სავარაუდოდ შესაძლოა დამატებით სერიოზულად შეარყიოს რუსეთის თავდაცვითი და ეკონომიკური შესაძლებლობები, მაგრამ ასევე, მიაყენებს სერიოზულ მარცხს აშშ-ის პოლიტიკას. რა უნდა დაუპირისპიროს ამ რისკს ამერიკამ? 2016 წლამდე შეერთებულმა შტატებმა 600 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს თანხები გამოიყენებოდა უკრაინის სამხედრო ძალების წვრთნაზე და უზრუნველყოფდა „არალეტალური“ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. 2017 წლის 2 თებერვალს სენატორმა მაკკეინმა ღია წერილით მიმართა პრეზიდენტ ტრამპს და მოუწოდა მას „თავდაცვითი ლეტალური იარაღით დახმარებოდა უკრაინას, რათა მას დაეცვა თავისი ტერიტორია შემდგომი დარღვევებისგან რუსეთისა და მისი სეპარატისტული მარიონეტების მხრიდან“. 2017 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა უკრაინისთვის „თავდაცვითი“ ლეტალური იარაღის მიყიდვის გეგმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის იარაღი მიეკუთვნება ამ კატეგორიას.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა უკრაინა უახლოეს მომავალში გაწევრიანდეს NATO-ში, რისკენაც მას აქტიურად უბიძგებს ვაშინგტონი, რუსეთის ხელმძღვანელობა გააორმაგებს თავის ძალისხმევას მოვლენათა მსგავსი განვითარების აღსაკვეთად.
უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაფართოება, მათ შორის ლეტალური სამხედრო იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ გაზრდის რუსეთის ამბიციას სამხედრო ოპერაციით დაიკავოს დონბასის რეგიონი, რაც მას დამატებით დიდი ფინანსური დანახარჯისა და შემდგომი დასუსტების რეჟიმში შეიყვანს. თუმცა აშშ-ის სამხედრო დახმარების გაზრდამ, რომელმაც შესაძლოა რუსეთის მაპროვოცირებელი „ტრიგერის“ როლი ითამაშოს, შესაძლოა აიძულოს იგი უკრაინის სიღრმეში შევიდეს და საკუთარი ტერიტორია გააფართოოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს არაპროპორციულად დიდი მსხვერპლი უკრაინის მოსახლეობაში, ტერიტორიული დანაკარგები და ლტოლვილთა ნაკადები. საბოლოო ჯამში, ამან შესაძლოა უკრაინა არახელსაყრელ მშვიდობამდეც კი მიიყვანოს.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ რუსეთს არ გააჩნია რესურსი კონფლიქტის ესკალაციისთვის. ასევე, არსებობს უკრაინელებისთვის მიწოდებული იარაღის არასწორ ხელში ჩაგდების ალბათობა ქვეყანაში არსებული შემაშფოთებელი კორუფციული ფონის გამო. უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიაში რეფორმების გატარების გარეშე, დასავლური სამხედრო ტექნიკა შესაძლოა არამიზნობრივად შევიდეს იარაღის საერთაშორისო ბაზარზე. RAND-ის ანალიტიკოსების დასკვნა ამ შემთხვევაში იყო ხისტი და ცალსახა: უკრაინის ნდობა მისთვის მაღალტექნოლოგიური სისტემების მიწოდების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე გამორიცხულია.
გარდა ამისა, თუ შეერთებული შტატები უკრაინას დახმარებას გაუწევს მისი მთავარი ევროპელი მოკავშირეების ნების საწინააღმდეგოდ, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის ევროპულ მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წევრები, რომლებიც რუსეთის საზღვართან ახლოს არიან (მაგალითად, პოლონეთი), უკრაინისადმი უფრო თამამად გასაწევ დახმარებას ემხრობიან, დასავლეთ ევროპის მთავრობების უმეტესობა ფრთხილია. Pew-ის 2015 წლის კვლევის მიხედვით, ფრანგების 59%, იტალიელების 65%, ესპანელების 66% და გერმანელების 77% ეწინააღმდეგებოდა NATO-ს მხრიდან უკრაინაში იარაღის გაგზავნას.
2015 წლის იმავე კვლევამ აჩვენა ევროპის მხარდაჭერის დონე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხებში: ამ წინადადებას უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდა გაერთიანებულ სამეფოში, პოლონეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში, თუმცა გერმანელების 57 პროცენტი ეწინააღმდეგებოდა ამას. აშშ-მ შესაძლოა აქ გადამწყვეტი როლი ითამაშოს და აიძულოს რუსეთი, მიიღოს გადაწყვეტილება მოვლენათა ასეთი განვითარების აღსაკვეთად, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს რუსეთის სამხედრო ვალდებულებები და მისი ხარჯები. რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაციამ შესაძლოა გააერთიანოს ნატოს შიგნით მისი წევრების ამ ეტაპზე არაერთსულოვანი პოზიციები, რაც აიძულებს მათ ერთიანი ფრონტით წარდგნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. აშშ-ის სამხედრო დახმარების გაზრდა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს რუსეთის დიდ დანახარჯებსაც, თუმცა ყოველივე ამის უკან უკრაინელებში დიდი მსხვერპლისა და დამატებითი ტერიტორიის დაკარგვის რისკი იზრდება, რამაც შემდგომში შესაძლოა გამოიწვიოს უკრაინისთვის კონფლიქტის არახელსაყრელი სამშვიდობო მოწესრიგება. ასეთ შემთხვევაში ეს გამოსავალი შეიძლება განიხილებოდეს აშშ-ის პოლიტიკის სერიოზულ მარცხად.
RAND-ის დასკვნა: უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების გაფართოების ვარიანტი, მისთვის „ლეტალური“ იარაღის მიწოდების სახით, უნდა შეფასდეს ძირითადად იმის მიხედვით, შეიძლება თუ არა ამით დასრულდეს კონფლიქტი დონბასში შეერთებული შტატებისთვის მისაღები პირობებით და არა უბრალოდ იმ ხარჯების გამოწვევის მიზნით, რომლებმაც შესაძლოა მოსკოვი ეკონომიკურად დაასუსტოს. RAND-ის 2019 წლის აღნიშნული კვლევა ხელმისაწვდომია (https://www.rand.org/pubs/research_reports/RR3063.html) უკრაინასთან მიმართებაში რამდენად გაითვალისწინეს მისი „შთაგონება“ ძირითადმა მოთამაშეებმა და რამდენად რეალური იყო უკრაინაში რუსეთ-დასავლეთის ომის თავიდან აცილება − თავად განსაჯეთ. რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის ბედს და გადარჩენის პერსპექტივებს, ამაზე ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება გამოთქვა ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის შემდეგ, ამჟამად უკვე 100 წელს მიღწეულმა ჰენრი კისინჯერმა: „სახიფათოა იყო ამერიკის მტერი, მაგრამ ფატალურია − იყო მისი მეგობარი“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |