280
20 ივლისი 2023, 20:39
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად დადასტურდა საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების არსებობა. შაქარიშვილის თქმით, სხვა ახსნა არ აქვს იმ ფაქტს, რომ ლობისტური კომპანიის მიერ მომზადებული ტექსტი, შესაძლოა ევროპარლამენტის რეზოლუციად იქცეს, რომელსაც წაკითხვის გარეშე ასეულობით დეპუტატი დაუჭერს მხარს.
“ევროპარლამენტში, “კატარგეიტის” სახელით ცნობილი, საუკუნის კორუფციული სკანდალი გრძელდება.
გუშინ, ბელგიის პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა ევროპარლამენტარის, სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის წევრის, მარია არენას სახლში.
შეგახსენებთ აღნიშნულ კორუფციულ საქმეზე სხვა ევრო-ჩინოვნიკებთან ერთად, დაკავებულია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ევა კაილი, რომლის სახლიდანაც ამოღებულია უკანონო ლობისტური საქმიანობისთვის ქრთამის სახით მიღებული 600.000 ევროს ოდენობის ნაღდი ფული.
ამ ყველაფრის პარალელურად, აშშ-ში მოქმედმა “რუსულმა კანონმა” “FARA”-მ ახალ სკანდალს დაუდო სათავე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შესაფერისი სახელი - “მიშაგეიტი” უწოდა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ დამნაშავე სააკაშვილის გარშემო მთელი ეს უკრო-ევრო-ამერიკული ისტერია დიდი ფულის, ლობიზმის და პოლიტიკური ინტერესების ნაყოფია და მას რეალობასთან საერთო არც ერთ ეტაპზე ჰქონია!
ამ ისტორიაში, არაფერია გასაკვირი სააკაშვილის, მისი ოჯახის და ნაც-მოძრაობის მხრიდან! ეს დამნაშავეთა ბანდა ყოველთვის, ხელისუფლებაში ყოფნისას თუ ოპოზიციის რიგებიდან მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს საზიანოდ! ისინი მტრობენ ჩვენს ქვეყანას, რადგან მათთვის ის მხოლოდ პოლიტიკური ასპარეზია და არა სამშობლო! მათ მხოლოდ ძალაუფლება სურთ და ამისათვის ყველაფერზე მიდიან!
აქ მნიშვნელოვანია იმის დოკუმენტურად დადასტურება, რაზეც ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს -
დ ი დ ი შ ე თ ქ მ უ ლ ე ბ ა !
გასაჯაროებულმა დოკუმენტებმა გაშიფრა სქემა, რომელშიც მონაწილეობენ - ამერიკული ლობისტური კომპანიები (რომელთაც მხოლოდ შუამავლის და გამტარის ფუნქცია აქვთ); ევროპარლამენტარები; დასავლური მედია საშუალებები; უკრაინის ხელისუფლების წარმოამადგენლები და საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელის წევრები! აღნიშნული შეთქმულების საბოლოო მიზანი, სააკაშვილის ვივა-მედიდან დახსნა არ არის, არამედ საბოლოო მიზანია - საქართველოში ხელისუფლების გადატრიალება და ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა!
თუ არა დიდი შეთქმულება, სხვა ახსნა ვერ მოეძებნება, იმას რაც გამოაშკარავდა, რომ რიგითი ლობისტური კომპანიის მიერ მომზადებული აბსურდული ტექსტი, შესაძლოა იქცეს ევროპარლამენტის რეზოლუციად, რომელსაც წაკითხვის გარეშეც კი ასეულობით დეპუტატი მისცემს ხმას!
დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათი აღქმით “გონივრული” შემხვედრი კითხვა დასვეს - თუ რეზოლუციები, სტატიები, განცხადებები ლობიზმის შედეგია და ამაში კონკრეტული თანხებია გადახდილი, რატომ არ აკეთებს იგივეს ქართული ოცნებაო?..
აღნიშნული არგუმენტი ვერ გამოდგება მათ სასარგებლოდ, მეტიც ის მათთვის კონტრპროდუქტიულია, რადგან სწორედ ამ კითხვას მივყავართ მთავარ პასუხამდე - გლობალური ომის პარტიის ინტერესებამდე!
ამ ინტერესებთან მიმართებაში კი, უძლურია დიპლომატია, ნებისმიერი კანონიერი ლობიზმი, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები და ყველანაირი თამაშის წესები! ამის ნათელი დასტურია - გასულ წელს, კნდიდატის სტატუსზე მიღებული აბსოლუტურად დაუსაბუთებელი უარი.
ასევე, ამ უსამართლობასა და უთანასწორობაზე მეტყველებს, ბიძინა ივანიშვილსა და "კრედიტ სუისს" შორის მიმდინარე საქმის გარშემო გამოვლენილი ფაქტები.
უკანასკნელ პერიოდში, გამოქვეყნდა არაერთი წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მოგვითხრობენ იმ ბარიერების შესახებ, რომელსაც აწყდებიან, როდესაც საქმე ეხება დასავლურ მედიაში კონკრეტული სტატიების გამოქვეყნებას. მაშინ, როცა სააკაშვილის შესახებ ფეიკ ჰედლაინებით აჭრელებულია ცნობილი გამოცემები, ბიძინა ივანიშვილს არ ეძლევა შესაძლებლობა ფართოდ გაავრცელოს საკუთარი პოზიცია და რეალური ინფორმაცია მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც მას უკანონოდ უზღუდავენ საკუთარ ფინანსებზე წვდომას და ამისთვის იყენებენ მსოფლიოში სანდოობით სახელგანთქმულ შვეიცარიულ საბანკო სისტემას.
თავის მხრივ კი, მთლიანად ეს პროცესი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის მექანიზმს, რომელსაც მის წინააღმდეგ იყენებს გლობალური ომის პარტია. ანუ, როდესაც საქმე ეხება დიდი ძალების ინტერესებს, ევროსტრუქტურებთან, პოლიტიკოსებთან, საერთაშორისო მედიასთან და სხვა აქტორებთან ურთიერთობისას ჩვენი სიმართლე უფასურდება და უპირატესი - საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი ხდება მათი ნებისმიერი ქმედების განმსაზღვრელი!
მაგრამ სიმართლე ერთია და სიმართლე ჩვენს მხარეს არის!
ვერანაირი ფულით, ლობიზმით, რეზოლუციებით, კანდიდატის სტატუსით თუ სხვა პოლიტიკური ბერკეტებით ჩვენს ქვეყანას ვერ მოერევიან!!!” - წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |