266
26 ივნისი 2023, 20:52
„მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით სახელმწიფო ცხოვრებაში ჩარევის შეზღუდული ფუნქციებით სარგებლობს, თორემ მას რომ ჰქონდეს აბსოლუტური უფლებამოსილება თავის თანამდებობაზე, აი ამ მიდგომით წარმოდგენაც არ მინდა, რა სერიოზულ შარში ჩააგდებდა ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, გადაცემა „პოლიტიკური პოსტში“ განაცხადა და პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე ისაუბრა.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას, ამომრჩეველს რომელმაც მას ხმა მისცა და დღეს ლეგიტიმური კითხვები აქვთ, ეთამაშება.
„წარმოიდგინეთ, მთავარსარდალია ქალბატონი პრეზიდენტი - გინდა აქედან მიუდექი, გინდა იქიდან. მადლობა ღმერთს, რომ კონსტიტუციით სახელმწიფო ცხოვრებაში ჩარევის შეზღუდული ფუნქციებით სარგებლობს, თორემ მას რომ ჰქონდეს აბსოლუტური უფლებამოსილება თავის თანამდებობაზე, აი ამ მიდგომით წარმოდგენაც არ მინდა, რა სერიოზულ შარში ჩააგდებდა ჩვენს ქვეყანას. როდესაც შეწყალების კომისიის შტატგარეშე წევრად გამოგყავს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ამაზე არანაირი პასუხი და ახსნა-განმარტება არ გაქვს და გვეთამაშები ჩვენს საზოგადოებას და კელი დეგნანის პოზიციაში დგები (რომელსაც უსვამ ელემენტარულ შეკითხვებს და პასუხის ღირსად არ გთვლის), ყოველ შემთხვევაში საზოგადოების, ამომრჩევლის წინაშე (ჩემი არჩეულია, ორ გზის მივედი მის ასარჩევად, გადავარჩინე და ავირჩიე, რატომ გავაკეთე უკვე აღარ ვიცი) როგორც ამომრჩეველს პასუხი მაინც მაღირსე. ეს რა იყო?! - ეს იყო სირცხვილი და თავის მოჭრა.
მაქვს ვერსია, რომელსაც ალბათ გავაჟღერებ უახლოეს დღეებში, კიდევ რა დგას ნიკა გვარამიას შეწყალების უკან - ამის შესახებ, ახლა არ მინდა კარტები გავხსნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან, რომელშიც ნიკა გვარამია და მისი უახლოესი ოჯახის წევრები არიან ჩათრეულები. ეტყობა, ეს დაუფასდა გვარამიების ოჯახს და ჩვენი პრეზიდენტის ხელით გამოუშვეს გარეთ. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, პარაშუტი არ გაიხსნა, ეგრევე ნაღმს დააბიჯა ფეხი და იმ ჟენია იმ პრიგოჟინის წინსვლას ტაშს უკრავდა, რომელიც დღეს დაბანაკებულია თავისი სისხლისმსმელებით კიევიდან 100 კილომეტრში“,- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |