დიდი ბასტი-ბუბუ ხდება პარლამენტში, რამდენიმე ოპოზიციონერმა ჩუმად დააჭირა ხელი „ოცნების“ სასარგებლო რამდენიმე კანდიდატს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის და მერე დარბაზიდან გავიდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ელისაშვილის თქმით, მას არავისთვის დაუჭერია მხარი და დარბაზიც არ დაუტოვებია.
„მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ. მიდის ეხლა გარკვევა ვინ დააჭირა და ვინ არა. ან დაჭერა რა იყო, ან დარბაზიდან გავარდნა, ბასტი-ბუბუა მართლა“, – წერს ელისაშვილი.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე – ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. საერთო ჯამში, კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. კენჭისყრები ტექნიკური შესვენების შემდეგ განახლდება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |