294
27 მარტი 2023, 22:33
მისი თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაში მონაწილე ახალგაზრდები ადრე თუ გვიან აუცილებლად მიხვდებიან, რომ ვიღაცამ მათი პატრიოტული გრძნობები ბოროტად გამოიყენა.
„ძალიან თვალსაჩინო იყო ის, რომ კრებსითი ოპოზიცია ახალგაზრდებმა ტრიბუნიდან რუსული ხომალდის მიმართულებით გაუშვეს. ამიტომაც, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც ძალიან გვიყვარს (ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებზეა საუბარი), მიხვდება, რომ ვიღაც ბოროტმა მათი ამ ძალიან სახიფათო მანიპულაციაში ჩართვა განიზრახა.
მადლობა ღმერთს, რომ ეს მანიპულაცია მშვიდობიანად დასრულდა და ცხოვრება გრძელდება.
მინდა, იმ ახალგაზრდებს ერთი-ორი სიტყვა მეც ვუთხრა: 21-ე საუკუნის სტუდენტები ხართ და ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას ალბათ ყველა სასწავლებელში ზედმიწევნით ასწავლიან. ჩართეთ ეს ლოგიკა - „რუსული, რუსულის“ ძახილი იმ ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელმაც ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია მოუტანა და საზღვრები გაგიხსნათ; რომელმაც ჩვენი ობიექტები კი არ გადასცა რუსებს უსასყიდლოდ [როგორც წინა ხელისუფლებამ], არამედ, ქართველ მეწარმეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცე გაუხსნა. რომელ ლოგიკაში ჯდება ის, [რომ კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებდით]? რაზეც მართლა შეგრცხვებათ, როცა ჩართავთ ამ კრიტიკულ აზროვნებას და მიხვდებით, რომ იგივე პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს [კანონპროექტთან დაკავშირებით]: კანადაში, ისრაელში, ავსტრალიაში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირში“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
დავით ქართველიშვილმა გადაცემაში ისაუბრა ნორვეგიული კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული დემოკრატიის პრიზის შესახებაც.
„როდესაც ვიცით ამერიკულ იურიდიულ-ლობისტურ ფირმა „აკერმანთან“ დადებული ხელშეკრულების დეტალები - 917 000 აშშ დოლარი და ამ თანხის ფარგლებში ვიხილეთ 10-წუთიანი აბსოლუტური სიგიჟე CNN-ის მეშვეობით - აბსოლუტურ „ფეიქსა“ და დეზინფორმაციაზე აგებული რაღაც ვიდეორგოლი; როდესაც წავიკითხეთ მსოფლიოს 63 ქვეყანაში გამოქვეყნებული რაღაც სიგიჟე ტექსტი - მაქვს თუ არა უფლება ვივარაუდო, რომ ნორვეგიის ამ მესამე, ჭე კატეგორიის ერთ-ერთმა პარტიამ არც თუ ისე უსასყიდლოდ გაამზადა [სააკაშვილისთვის ჯილდოდ გადასაცემი] ეს სიგელი და შეიტანა ეს გიჟური ტექსტი, რომელმაც უნდა გადაფაროს რაღაც მომენტები?
დავანებოთ თავი საქართველოს არსებული ხელისუფლების „მიკერძოებულობას“ - ხომ არსებობს იქ, ევროპის შუაგულში, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო, რომელიც ზუსტად იმ სფეროშია არბიტრი, რა ტექსტიც ჩაუწერეს მიხეილ სააკაშვილს იმ სიგელში? ანუ, როცა იმ სიგელს ნორვეგიელის უხილავი ხელი ავსებდა, რომელმაც გაიგო (წესით, უნდა გაეგო), რომ იმ პატიმარ სააკაშვილზე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სწორედ სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, სააკაშვილის გვარის გასწვრივ სიტყვა „სამართლიანობა“ არ უნდა ჩაეწერა; როდესაც იმავე სტრასბურგმა დეპუტატ გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილთან მიმართებით ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, სააკაშვილის გვარის გასწვრივ სიტყვა „ჰუმანურობა“ არ უნდა ჩაეწერათ; როდესაც სტრასბურგმა ოჩიგავას საქმეზე საშინელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც სააკაშვილის მიერ შექმნილ სისტემას, როგორც ძალადობრივს, სადისტურს, ჯალათურს და ა.შ. ამხელდა, სულ ცოტა „ადამიანის უფლებების დაცვა“ სააკაშვილთან მიმართებით არ უნდა ჩაწერილიყო; როდესაც ვაზაგაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომ სააკაშვილის შექმნილი პოლიციური სისტემა სასტიკად უსწორდებოდა და კლავდა ადამიანებს, [იმ სიგელში] სიტყვა „დემოკრატი“ აღარ უნდა ჩაეწერათ. ამ ყველაფრით, იმ ნორვეგიულმა კონსერვატიულმა პარტიამ შეურაცხყოფა უფრო მეტად ჩვენ მოგვაყენა თუ - სტრასბურგს?
ორივე ვერსია - [არ იცოდნენ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებების შესახებ, ან იცოდნენ და მაინც დაამზადეს ასეთი ჯილდო ] - საშინელებაა; ორივე ვერსიის განხილვისას მათ ფეხში ისროლეს - ზუსტად ისეთი თვითდაზიანება მიიყენეს, რა თვითდაზიანებასაც ყოველდღე მათი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ეტალონი იყენებს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |