არაფერი არს დაფარული - მავნებელი რადიკალური ოპოზიცია შინ და გარეთ ცდილობს ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, ანტიქართული „ტროიკა" ბრიუსელში, ვისთანაც ხელი მიუწვდება, გულამოსკვნით ეუბნება - საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არ მიანიჭოთ!.. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერასდროს გაიმარჯვებს ქართველი ხალხის სურვილზე, ღირსეულად შეუერთდეს ევროკავშირს. გრეტა წიწავა ასევე ყურადღებას ამახვილებს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატობა“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მოუწოდებს ხაზარაძეს, დაასახელოს, თუ ვინ იზიარებს ამ პოზიციას.
„არაფერი არს დაფარული-მავნებელი რადიკალური ოპოზიცია შინ და გარეთ ცდილობს ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, ანტიქართული „ტროიკა“ ბრიუსელში, ვისთანაც ხელი მიუწვდება, გულამოსკვნით ეუბნება - საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არ მიანიჭოთ!.. რადიკალური ოპოზიციის მავნებლური პოლიტიკა, რომელიც ერთი დიდი ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული „ღალატის და ომის პარტიის“ სახით, არასოდეს გაიმარჯვებს ქართველი ხალხის შემართებაზე, წავიდეს წინ და ღირსეულად შევიდეს დიდ ევროპულ ოჯახში ჩვენი ტრადიციითა და ფასეულობებით!
მამუკა ხაზარაძე ამბობს, ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი. ბატონო მამუკა, ვისი? უნდა თქვათ, თუ არ იტყვით, თქვენც ხართ თანაზიარი მაგ „ვიღაცების“ სულისკვეთების!“ - წერს გრეტა წიწავა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |