196
07 თებერვალი 2023, 12:26
ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ბიჭები უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით გადაადგილდებიან. ჩვენი ბიჭები სამუშაო პროცესში უკვე მალე ჩაერთვებიან. მშვიდობიანი გზა“,- წერს კოვზიაშვილი.
ბოლო ცნობით, თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის 5000-ს აღწევს. განადგურებულია ინფრასტრუქტურა , შეზღუდულია გადაადგილება, რეგიონში უმძიმესი ვითარებაა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და მაშველები გაგზავნა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |