371
12 ივლისი 2022, 17:11
დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ. გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო, - ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„დამოკიდებულებასაც თავი რომ დავანებოთ, უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, გამორიცხული და შეუძლებელია დავუშვათ ფილანთროპი - მიზანთროპად და ოლიგარქად, სიკეთე - ბოროტებად, დემოკრატია - ავტორიტარიზმად, პერსპექტივა - უიმედობად, წარმატებული ქართული სახელმწიფო - მაჩანჩალად, ძლიერი ქართული და ამაყი ჯარი - მკვდარზე აკიდებულ მკვდრად და ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეთრი შავად შეასაღონ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას.
თეორიულად რომ დავუშვათ - ეს თუ გაიტანეს, როგორღა უნდა დავიცვათ სიმართლე სხვა მიმდინარე, ყოველდღიურ თემებში?!
არ შეიძლება ქართველ ხალხზე გქონდეს წარმოდგენა, რომ მას არ შეუძლია გაარჩიოს ეს ყველაფერი ერთმანეთისგან, ან არ დააფასოს დასაფასებელი და ასე მარტივად გახდეს ყოვლად ამორალური ფეიკპროპაგანდის მსხვერპლი!
საბედნიეროდ, ყველა ჯერზე, ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ ის დგას იქ, სადაც სიმართლე, სიკეთე, საკუთარ სამშობლოზე ზრუნვა, რწმენა და ამ ქვეყნის ღირსეული, თავისუფალი, სამართლიანი და ევროპული მომავალია!“ - წერს მდინარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |