386
09 ივნისი 2022, 23:20
მხოლოდ ორიოდე სიტყვა ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუციის მიღების შესახებ. დღეს, როცა საქართველოში იმდენი ტელეკომპანია მაუწყებლობს, რომ სათვალავიც აირია, როცა ყველამ ამოიდგა ენა და ვისაც, რა უნდა, იმას დაუფარავად ამბობს, ამ დროს ევროპარლამენტარების უმრავლესობის პოზიცია მედიის თავისუფლების საფრთხეზე, ჟურნალისტების დევნაზე და სიტყვის შეზღუდვაზე, სხვა არაფერია, თუ არა თვალზე ლიბრის გადაკვრა და იმის დემონსტრირება, რომ მათი მხრიდან მედიის თავისუფლება ბრალდებულ ნიკა გვარამიას თავისუფლებით იწყება და მთავრდება, - სოციალურ ქსელში წერს რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია.
"ასევე, გასაოცარია და სამწუხარო მათი დაჟინებული მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. ვისაც არ უნდა, რომ გაიგოს, როგორც ჩანს, ვერც ვერასოდეს გაიგებს იმ აუწონავი სიკეთის ფასს, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავის ქვეყანას გაუკეთა, როგორც ქველმოქმედმა, მეცენატმა, პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, როდესაც ევროპარლამენტარები მასზე ლაპარაკობენ, ვალდებულნი არიან, მისი ღვაწლის შესახებ სიმართლე იცოდნენ, თუ არა და, ის მაინც უნდა იცოდნენ, რომ როცა ადამიანს რუსეთთან კავშირებზე და არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებენ და ბრალს დებენ, მოგონილს, მოჭორილს კი არ დაეყრდნონ, არამედ დასაბუთებული და ჭეშმარიტი ფაქტები მოიპოვონ და წარმოადგინონ. ფაქტი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფული მართლაც რუსეთში იშოვა და საქართველოს დაახარჯა. 2011 წელს კი რუსეთში თუ რამე ებადა, გაყიდა და იმ ფულის ძირითადი ნაწილიც საქართველოს მოახმარა. ფაქტია ისიც, რომ როცა დარწმუნდა, რომ მის სამშობლოში, მისი ქვეყნის ტრადიციებს, ,ასევე ევროპულ ღირებულებებს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან საფრთხე დაემუქრა. როდესაც დაინახა ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ამავე დროს, მაშინდელი ოპოზიციის სრული გაჩანაგება. თავისი და მისი ოჯახის საფრთხის მიუხედავად, სათავეში ჩაუდგა დიდ პოლიტიკურ მოძრაობას და არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. შემდეგ გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან, ხოლო მცირეოდე ხნის შემდეგ კი, საერთოდ განერიდა პოლიტიკას.
იმდენად დიდია ბიძინა ივანიშვილის კვალი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობასაც, როგორც ჩანს, უჭირს დაიჯეროს მისი პოლიტიკიდან გასვლა და ყურმოკრულ ხმებზე დაყრდნობით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მას აცხადებს ქვეყნის არაფორმალურ მმართველად და ითხოვს მისთვის სანქციების დაწესებას. რას ვიზამთ, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რეზოლუცია მალამოსავით დაედოთ გულზე საქართველოს მტრებს, როგორც შინ, ისე გარეთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ვინც ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა და თუ არ ვცდები, ასეთი 308 ევროპარლამეტარია, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ევროპარლამენტარებისთვის სამართალი დაბნელებულია.
მათი ასეთი გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის დაეჭვებას, მათი როგორც ევროპელების, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებაში. რაც შეეხება იმას, თუ ეს შეცდომებით გაჯერებული რეზოლუცია, რამდენად მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ამას უახლოესი მომავალი აჩვენებს", - წერს ალექსანდრე ქანთარია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |