885
10 დეკემბერი 2019, 10:25
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი 4 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„ნებისმიერი დასჯა უნდა იყოს ინდივიდუალური და არა კოლექტიური და უნდა იყოს დაკავშირებული იმასთან, თუ რაც ჩაიდინა ამა თუ იმ პირმა. დასჯა არ შეიძლება იყოს კოლექტიური და არ უნდა ეხებოდეს იმ ადამიანებს, რომელსაც დარღვევებთან არაფერი აქვთ საერთო. როდესაც ვინმე იღებს მსგავს გადაწყვეტილებას კოლექტიური დასჯის შესახებ, ვფიქრობ, ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილებების საფუძველი არა საერთაშორისო სპორტის სიწმინდეზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებია, რომელსაც სპორტის ინტერესებსა და ოლიმპიურ ქ მიზნებთან არაფერი აქვს საერთო“, - განაცხადა პუტინმა პარიზში ვიზიტის დროს.
მისივე თქმით, რუსეთი WADA-ს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსეთს 4 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მსხვილ სპორტულ ღონისძიებებზე იკრძალება რუსეთის სახელმწიფო დროშის აღმართვა და სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერება. ამის მიზეზი, WADA-ს რამდენიმეწლიანი გამოძიება გახდა, რომლის მიხედვითაც რუსეთს დოპინგის გამოყენების მასიური ფაქტები დაუმტკიცდა და დადგინდა ისიც, რომ სპორტსმენთა მიერ დოპინგის გამოყენებას სისტემური ხასიათი ჰქონდა და მასში რუსი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. ამის გამო, რუსეთი პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ერთხელ უკვე გამოვიდა დროშის გარეშე და არც რუსეთის სახელმწიფოს ჰიმნი აჟღერებულა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |