ამ ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ვიდრე აქამდე იყო, – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ფეისბუქ სტატუსით აფასებს.
„ახლა მეც ჭეშმარიტად თქვენთან ერთად გავიხარე, როდესაც ევროსასამართლოს ვერდიქტზე შევიტყვე, მაგრამ როდესაც გავეცანი ამ გადაწყვეტილებას, სადაც პირდაპირ წერია, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარები არ ყოფილა საქართველოში და რუსეთი პასუხს არ აგებს, რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში 8 -12 აგვისტოს, რადგან ისინი თურმე იცავდნენ მშვიდობისმყოფელებსა და სამოქალაქო მოსახლეობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან და ა. შ. მოკლედ სიხარულიდან არაფერი აღარ დამრჩა. მესმის, რომ ყოფილ და ახლანდელ მმართველ ძალებს სურთ, დააფიქსირონ საკუთარი დამსახურებანი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ, დამერწმუნეთ, ამ ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ვიდრე აქამდე იყო.
ამიტომ არარსებულ გამარჯვებებზე საუბარს მოვრჩეთ და ნუ მივაძინებთ სამუდამოდ ამ ოპიუმით იმ სახალხო ჟინს, რამაც დიდი საქართველო უნდა აღგვადგენინოს.
P.S. შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროპის სასამართლომ დისპოზიციურ ნაწილში ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პუტინთან მომზადებული განცხადებები ასახა იმის თაობაზე, თითქოს ჩვენს მიწაზე ჩვენვე გავაჩაღეთ ომი“, – წერს შალვა ნათელაშვილი. ფეისბუქის გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |