9
24 ნოემბერი 2024, 23:55
ჩვენ ლეგიტიმაციას გვაძლევს ქართველი ხალხი, ის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც აირჩია „ქართული ოცნება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფომ აღიარება და ლეგიტიმაცია 1991 წელს აღიდგინა.
„ერთეული პოლიტიკური აქტორების, ლიდერების თუ უცხოელების სხვა მოლოცვა ან არ მოლოცვა ვერ გადაწყვეტს და ვერ გადაწონის, ქართველი ხალხის და ზოგადად, დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ, ეს კეთილი ნების გამოხატვის ჟესტია მოლოცვა-არ მოლოცვა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გლობალური პოლიტიკის ველზე საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური პროცესებია, ამიტომ ყველა ქვეყანას თვისი მიმდინარე პრობლემები და საკითხები აქვს. არც გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესებისთვის ნამდვილად არ სცალიათ და ბევრს არ ცხელა - ბევრგან რიგგარეშე ვადამდელი არჩევნებია დანიშნული; აშშ-ში უფლებამოსილებას მალე ახალი პრეზიდენტი შეუდგება, ამიტომ, ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ ყველა ქვეყანას ვფიქრობ, საკუთარი ქვეყნის საკითხები აქვს აქტუალურად.
თავისთავად, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ლეგიტიმაციას გვაძლევს ქართველი ხალხი, ის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც აირჩია „ქართული ოცნება“. არ არსებობს დამადასტურებელი არც ერთი კონკრეტული ფაქტი იმისა, რომ არჩევნებში რაიმე უმაღლეს სტანდარტზე ნაკლები გაკეთდა, ვიდრე ჩვენ ამას ვამბობთ და ვიდრე ამაზე ცესკო საუბრობს“, - აღნიშნა წილოსანმა.
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება, - ხვალინდელი სხდომის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |