27
22 ნოემბერი 2024, 18:21
დესტრუქციის ქუჩაში გაგრძელების რესურსი არ აქვთ. ვფიქრობ, რომ პუფობას გადაწყვეტენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით რადიკალებს რესურსი არ გააჩნიათ, რომ რევოლუციური სცენარები განავითარონ.
„ყველაფერს განაპირობებს ორი ფაქტორი, ეს არის შიდა ვითარება, რომელიც საქართველოშია, შიდა განწყობები, საზოგადოების დამოკიდებულება არჩევნების მიმართ და რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ შავმა წერტილმა გამოჟონა ბიულეტენის ერთი მხრიდან მეორე მხარეს და ყდაში ჩადების მიუხედავად, ვინმე არსებობს ვინც გამოიცნობს, რომელ პარტიას მისცეს ხმა ამ წერტილის საშუალებით, მითუმეტეს თუ ეს წერტილი არ ჩანს, აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ, რომ უახლოეს პერიოდში, ამ აბსოლუტურად სულელურ ბრალდებას ყველანაირი საფუძველი წაერთმევა. იმიტომ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებსაც და მითუმეტეს უმრავლესობის მხარდამჭერებს ლოგიკა გააჩნიათ იმაზე მეტი, ვინც აკეთებს ასეთ ხისტ და ყეყეჩურ განცხადებებს. არ არსებობს ასეთი დარღვევა, ეუთო/ოდირმა ეს დაადასტურა.
ეს რესურსი, რომლითაც ხალხი უნდა გაეღიზიანებინათ, გაებრაზებინათ და შუბლით წასულიყვნენ იმ ჯახზე, რომელსაც ისინი გეგმავდნენ, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით, სისხლის ღვრით რაზედაც სააკაშვილი ინტენსიურად მიუთითებდა და კიდევ გაიმეორა და ახლაც ამ თემაზე აქვს აქცენტი. რა საკვირველია, საზოგადოება ხვდება, რომ ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
არსებობს საგარეო ფაქტორი, რაზედაც ასევე აქვთ გარკვეული გათვლა, მაგრამ ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ არჩევნები ჩატარდა და ბევრი დამოუკიდებელი ევროპელი დამკვირვებელი ადასტურებს, რომ ეს იყო მაღალი დონის არჩევნები.
არის მესამე, წარსულის გამოცდილებაც, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. იყო ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, იყო ერთი რევოლუციური ლიდერი სააკაშვილი, რომელიც თითქოს მოკვდა, დემენცია დაემართა, ახლა ამ როლიდან უნდა, რომ გამოვიდეს და რევოლუციას ჩაუდგეს სათავეში, როგორც მაშინ აპირებდა კონტეინერით, რომ ჩამოიყვანეს საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |