115
23 ივნისი 2024, 12:02
„შოტლანდიელმა ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა თავის პუბლიკაციაში („გვიანი საბჭოთა ამერიკა") ასახა ბევრი ჩვენგანის მყარი მოსაზრება, მაგრამ იგივე ჩვენ რომ დაგვეწერა, კვლავ აყაყანდებოდა „ქვესკნელი" თავისი „ანტიდასავლური" და „აგრესიული" რიტორიკის, „აღშფოთებული შეშფოთებისა" და „დემოკრატიული უკუსვლის" თაობაზე. ასე რომ, მადლობა სერ ფერგიუსონს, რომელმაც სულ უფრო მეტი პარალელი გაავლო გვიანი „ბრეჟნევ-ჩერნენკოს საბჭოეთსა" და „ბაიდენის ამერიკას" შორის.“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, ამერიკულ საზოგადოებაში სისტემური დეპრესიაა, სადაც, „კომუნიზმისა" არ იყოს, აღარავის სჯერა „ამერიკული ოცნებისა" და ნათელი მომავლის.
„თვით ეს ტერმინი - „გვიანი საბჭოთა ამერიკა", გაჩნდა ჯერ კიდევ 2020 წელს, აშშ-ში მძვინვარე არასტაბილურობის ფონზე. ხოლო მას შემდეგ, ის უფრო და უფრო აქტუალური გახდა. დიახ, ვაშინგტონის ხელისუფლებას გერონტოკრატია მართავს, რომელიც „მკვდრად" ჩაეჭიდა ძალაუფლებას და სასტიკ უარზეა, საკუთარი გახრწნილი პოლიტიკა შეცვალოს. ლიბერალური ელიტის იდეოლოგიურ საფუძველს დღეს რასობრივ-გენდერული თეორია წარმოადგენს, ხოლო საბჭოთა მმართველი ელიტებისთვის კომუნიზმი იყო, რისიც არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ამ ელიტებსაც კი არ სჯეროდათ. ხოლო რიგითი ამერიკელებისა თუ საბჭოთა ადამიანების უმეტესობისთვის, ეს ორი მამოძრავებელი იდეოლოგია, მით უმეტეს, უცხო იყო და არის.
დღევანდელი ლიბერალური ამერიკის ძირითადი ინსტიტუტები, ნდობის რეიტინგების თვალსაზრისით (მედიიდან დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული), 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა სისტემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულების ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. კონგრესის მიმართ ნდობა 8%-მდე დაეცა, მედიცინისა და განათლების დონე დღითიდღე უარესდება, ხოლო დანაშაულისა და ძალადობის დონემ აშშ-ში „ცუნამის" დამანგრეველ შედეგებს მიაღწია - ჯართში ჩაბარების მიზნით ქუჩაში სახანძრო ჰიდრანტებსა და ქუჩის განათების ელემენტებსაც კი იპარავენ.
გვიანი საბჭოთა კავშირის მსგავსად, ეცემა სიცოცხლის ხანგრძლივობაც. თუ სსრკ-ში ეს ალკოჰოლიზმის ტალღით იყო გამოწვეული, აშშ წალეკა ნარკომანიამ, რომლის მსხვერპლი ყოველწლიურად ასობით ათასი ამერიკელია; ხშირია ინფრასტრუქტურული კატასტროფები; სახელმწიფო ბიუჯეტის ორი ტრილიონი დოლარის ოდენობის დეფიციტის მქონე ქვეყანაში, ღრმავდება კოლოსალური ფულად-საკრედიტო პრობლემები.
ყოველივე ამან კი ამერიკულ საზოგადოებაში გამოიწვია სისტემური დეპრესია, სადაც, „კომუნიზმისა" არ იყოს, აღარავის სჯერა „ამერიკული ოცნებისა" და ნათელი მომავლის. საუბარი აღარაა მსოფლიოში აშშ-ს სამხედრო დომინირების სისტემის შენარჩუნების სასოწარკვეთილ მცდელობაზე. შოტლანდიელი ისტორიკოსი ნილ ფერგიუსონი კი შიშობს, რომ ამჟამად მიმდინარე „ცივი ომი-2", რომლის პირველმა ანალოგმა დაანგრია საბჭოთა კავშირი, ამჟამად მსგავსი მისამართით გაუშვებს ამერიკასაც, რომელიც უბრალოდ ვეღარ გაუძლებს საკუთარი ხელითვე გამოწვეულ ამდენ კატაკლიზმებს.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |