სტატიები
ნიკა მელია - რადიკალების ახალი გმირი თუ ძველი ილუზია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
667 17 თებერვალი 2021, 12:17

ვერა რობაქიძე

ზვიად გამსახურდია ყოველთვის თავისუფლების სიმბოლო იყო, ახლა მას რადიკალები საკუთარ ხატად გამოაცხადებენ. არადა, პრეზიდენტის პოსტზე მას სწორედ რადიკალებთან მოუწია შეტაკება და სწორედ რადიკალიზმთან  ბრძოლაში დამარცხდა ჯერ პოლიტიკურად, შემდეგ კი - ფიზიკურადაც. 

სწორედ ამ რადიკალიზმმა, - ბოიკოტმა, საყოველთაო დაუმორჩილებლობამ და ყველას რუსეთის აგენტად მონათვლის მავნე ჩვევამ, - ეროვნული მოძრაობა ჯერ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, შემდეგ კი - ხანგრძლივ პოლიტიკურ მიწისძვრებამდეც. 

არადა არავინ იცის, როგორი იქნებოდა საქართველო, მაშინ, 90-იანი წლების დასაწყისში, ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში რომ მართლა შეხვედროდნენ და პოლიტიკური შეთანხმებისთვის მიეღწიათ. როგორც კი ედპ-მ, მთავარმა რეაქციონერმა, ამის საფრთხე იგრძნო, მაშინვე დაიწყო საუბარი გამსახურდიას პრორუსულ ინტერესებზე. არადა, მოგვიანებით, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ედპ თავად მოიწვევს შევარდნაძეს საქართველოში, ირინა სარიშვილი კი ხალხს მის წინაშე დააჩოქებს და სთხოვს, არ დატოვოს ქართული პოლიტიკა. 

ეროვნული მოძრაობა თავისი ფორმით - ბრძოლის მეთოდებით - სრულიად დამანგრეველი იყო. ბევრჯერ დავწერე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ლოგიკურია, რომ დიდი ხანია ისინი პოლიტიკაში აღარ არიან. თუმცა ამ გამოცდილებიდან, როგორც ჩანს, ვერც ვერაფერი ვისწავლეთ და ვერც ვერაფერი დავინახეთ.

ახლა რადიკალებმა გამოაცხადეს ეროვნული მოძრაობა. „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმშია და საყოველთაო დაუმორჩილებლობის გათამაშებას ცდილობს. არჩევნების გაყალბება ვერავის დაუმტკიცეს, ამიტომაც შეეცდებიან, ახალი მითი შექმნან. მითის შინაარსი და მოკლე დახასიათება თავად ნიკა მელიამ შემოგვთავაზა.


„მთელ საქართველოს მინდა ვუთხრა, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს. ახლა არ არის დრო პარტიისა და  პარტიული პოლიტიკის. არის ეროვნული ქართული მოძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის დელეგატები. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია უკან დახევა და შეუძლებელია, უსამართლობას თავი დავუხაროთ, ეს უბრალოდ არ მოხდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე და გამარჯვებამდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი პრიმიტიული არ არის, როგორიც ედპ იყო. მით უფრო, რომ დღეს რადიკალებს დასავლეთის არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ამიტომაც მათ ეროვნული მოძრაობის სახელითა და მელიას გვარით ახალი ისტორიის შექმნა უნდათ. ისეთი ისტორიის, რომელიც მათ ტრიუმფით დააბრუნებს ვერტიკალზე. 

ახლა საქართველოდან გაქცეული მესამე პრეზიდენტი ორ კურდღელს დასდევს. ერთი უკვე თითქმის მოინადირა კიდეც. აზარტული სანახაობაა, როგორ ანადგურებს ოპოზიციაში ის კონკურენტებს. მიშას საათზე აჯანყების დროა. სწორედ ამიტომ გამოაცხადა მელიამ, პარტიული პოლიტიკის დრო არ არისო. ამით ნაციონალები ცდილობენ, აზრი დაუკარგონ მოლაპარაკებებს, პარლამენტში შესვლის იდეას და რაც ყველაზე მთავარია, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობის ყოველგვარ მცდელობას. ერთადერთი გზა რევოლუცია უნდა იყოს. მის გაკეთებაში უკვე ჩაება „დაშლილებში ჩაბარების“ ყველა კანდიდატი. ვინც დაშლილი არ არის, ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. 

თუ ხელისუფლება ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივ ბერკეტებს არ გამოიყენებს, ეს ვერტიკალის ჩამოშლის პირველი სერიოზული სიგნალი იქნება. სწორედ ამაზე თამაშობენ ახლა რადიკალები, ისევე როგორც თავის დროზე გია ჭანტურიამ ითამაშა. 

ერთი მხრივ, მთელი ეს ცარიელი ხმაური ნაციონალებს პოლიტიკაში გასააქტიურებლად სჭირდებოდათ. თავადაც ნახეთ, საცივიდან თავი კი ამოყვეს, მაგრამ ხალხს ქუჩაში გამოსვლის კი არა, მათი მოსმენის ინტერესიც კი აღარ ჰქონდა. ახლა კი ყველა ოლიმპიური თამაშების აზარტით ადევნებს თვალს, დაიჭერენ თუ არა მელიას, გაბედავენ თუ არა და ასე დაუსრულებლად.

ეს ერთგვარი ფანჯარაა რევოლუციისკენ. თუკი ეს ფანჯარა ხელისუფლებამ საკუთარი ხელით გააღო, - სხვას მისი გაღების შესაძლებლობა არ აქვს, - მაშინ თამაში კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს. 

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი ხელისუფლება გამოსავალს არ იპოვის? არ არის გამორიცხული, რადიკალებმა სხვა 53 ათას პირსაც მოუწოდონ ამ სამაჯურის მოხსნა, ძალოვნები ისევ დუელში გამოიწვიონ: აბა, მიდით ახლა და თითი დააკარეთ, მათ ჩვენ ვიცავთო.

პოლიტიკური პროცესი თითქოს იმ წითელ ხაზს უახლოვდება, რომლის იქითაც უკვე ქაოსი ჩანს. ჯერ მხოლოდ ჩანს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი