ბაკურიანში მთის ფერდობიდან ჩამოსულ თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა.
„5 ადგილობრივი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით წავიდა ე.წ. ბურანებით, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ოთხი ადამიანი გამოსულია სამშვიდობოს. ადგილზე ფეხით მისვლა ძალიან რთულია, ამიტომ სასწრაფო წესით შსს-მ გამოაგზავნა ვერტმფრენი, შესაბამისი რაოდენობის მაშველები არიან ადგილზე და ერთ საათზე მეტია, მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები“, - აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა, ძებნა-შველის ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |