შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტს: ცეცხლის წაკიდება თქვენთვის თუ არის ევროპა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგოა ძალადობის, ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის ცეცხლის წაკიდების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 28 მარტი 2024, 14:07

ცეცხლის წაკიდება თქვენთვის თუ არის ევროპა, მაშინ თქვენ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგოა ძალადობის, ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის ცეცხლის წაკიდების, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ჯერ არ ვიცით სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ დავეყრდნობით პროკურატურის მტკიცებულებებს, ბრალის არსი არის ის, რომ ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა მეორე ადამიანს. თუკი ვინმე იტყვის, რომ არსებობს რაიმე მიზანი, რომელმაც შეიძლება გაამართლოს ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის ცეცხლის წაკიდება, თქვან ამ ადამიანებმა! თქვან, რომ არსებობს, ხანდახან შეიძლება, გამართლდეს ცეცხლის წაკიდება მეორე ადამიანისთვის და მისი სიკვდილისთვის განწირვა. ეს არის სწორედ მორალის დაკარგვის პირველი ნაბიჯი. 100 წლის წინ იყო რევოლუციური გამონათქვამები, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი ევროპული მომავლისთვის დასჯის შესახებ.

„ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენების. ცეცხლის წაკიდება თქვენთვის თუ არის ევროპა, მაშინ თქვენ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგოა ძალადობის, ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის ცეცხლის წაკიდების“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან „სირცხვილიას“ მიერ განხორციელებული კამპანია „მე ვესროლე“ გაიხსენა.

„სხვათა შორის, უცხოური დაფინანსებით, ხდებოდა ამის პოპულარიზაცია. შეგახსენებთ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ კამპანიას, რომელიც ევროპის დემოკრატიის ფონდიდან ფინანსდება, რომელსაც ჰქონდა კამპანია „მე ვესროლე“ - ჰქონდათ გამოსახული მოლოტოვის კოქტეილის ბოთლი, ცეცხლწაკიდებული. კამპანიის არსი ის იყო, რომ ვყოფილიყავი იმ ადგილზე, მეც ვისროდი. „ევროპულმა საქართველომ“ კანცელარიასთან აქციაც კი მოაწყო ამ სლოგანით, რომ „მე ვესროლე“ და ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრიც კი იყო ამ აქციის მონაწილე. აი, ეს არის ზოგიერთ რომ მართლა ჰგონია, რომ ძალადობა არის ევროპა. ეს არის პრობლემა და ეს არის დეზინფორმაციის ნაწილი. 9 პუნქტიდან პირველი პუნქტი ეს არის სწორედ, რომ უნდა აღიკვეთოს დეზინფორმაცია, გაიგივება ძალადობისა ევროკავშირთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს, პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი