კუბაში კასტროების მმართველობის ეპოქა დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
321 18 აპრილი 2021, 00:26

კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა რაულ კასტრომ თანამდებობა დატოვა. 

89 წლის პოლიტიკოსმა განცხადება კომუნისტური პარტიის მერვე ყრილობაზე გააკეთა. პარტიის სათავეში ის კუბის მოქმედმა პრეზიდენტმა, 60 წლის მიგელ დიას-კანელმა ჩაანაცვლა.

რევოლუციონერი ძმების - ფიდელ და რაულ კასტროების მმართველობის ეპოქა, რომელიც 1959 წელს დაიწყო, დასრულდა.

რევოლუციის შემდეგ, 50 წლის განმავლობაში რაულ კასტრო სამხედრო მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2008-2018 წლებში სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე იყო, 2011 წლიდან კი კომუნისტური პარტიის სათავეში დგას.

მისმა ძმამ, ფიდელ კასტრომ, რომელიც კუბას რევოლუციის შემდეგ მართავდა, სახელმწიფო თანამდებობები 2008 წელს დატოვა, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან კი 2011 წელს გადადგა. ფიდელ კასტრო 2016 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, კუბა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გამო ქვეყანაში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რასაც კორონავირუსის პანდემია და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამკაცრებული ემბარგო ამძაფრებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი