იაპონიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელის იოსიტაკე იოკოკურას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლის ზაფხულისთვის კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება შემუშავებული, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზება გართულდება.
„ჩემი აზრით, თუ ეფექტური ვაქცინა არ გვექნება, ოლიმპიური თამაშების ჩატარება რთული იქნება. არ ვამბობ, რომ თამაშები არ უნდა ჩატარდეს. ვამბობ, რომ ეს იქნება რთული ამოცანა. ამიტომაც წამლის და ვაქცინის შესაქმნელად უნდა ვიჩქაროთ,“ - ტოკიოში ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა იაპონიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ოლიმპიადის გაუქმების შესახებ ეჭვი გამოთქვა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ესირო მორიმ.
"თუ 2021 წელს კაცობრიობა ვერ დაამარცხებს კორონავირუსს და ის კვლავაც სერიოზული საფრთხე იქნება ადამიანებისთვის, მაშინ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს კიდევ ერთი წლით აღარ გადაიტანენ და, დიდი ალბათობით, გააუქმებენ", - განაცხადა მან.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ოლიმპიადა კიდევ ერთი წლით გადაიტანონ კორონავირუსის საფრთხის შემთხვევაში, მორიმ ამას უარყოფითი პასუხი გასცა.
„არა, ასეთ შემთხვევაში თამაშები გაუქმდება. აქამდე, ოლიმპიადებს აუქმებდნენ ომების გამო, მაგრამ ახლა, კაცობრიობა ებრძვის უხილავ მტერს,“ – განაცხადა მორიმ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, 2020 წლის ოლიმპიადა ტოკიოში 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |