საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ საქართველოს მთავრობას და სპორტის სამინისტროს მიმართვა გაუგზავნეს.
„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების საშიშროების გამო თავიდანვე გაითვალისწინეს მედიცინის წარმომადგენლებისა და მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები და განკარგულებები და ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრებმა პირველივე დღიდან შეწყვიტეს საწვრთნელი პროცესი, შეკრებები და ვარჯიში სახლის პირობებში შინ გააგრძელეს.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადების გამო სპორტის ზოგიერთი სახეობის წარმომადგენლებმა საერთოდ გააუქმეს წელს დაგეგმილი საერთაშორისო შეჯიბრებები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები. ძალოსნობა კი ეს არის სპორტის უკონტაქტო სახეობა, არ არის კონტაქტი მეტოქესთან და ძალოსანს შეხება მხოლოდ შტანგასთან აქვს და სწორედ ამიტომ საერთაშოროსო ფედერაციის მესვეურებმა გაითვალისწინეს ეს ფაქტორები და შემოდგომით სხვადასხვა ტურნირების ჩატარებას გეგმავენ.
სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებმა უკვე განაახლა მზადების ეტაპები, ჩვენ კი ისევ სახლის პირობებში ვვარჯიშობთ, რაც მოყვარულისთვის შესაძლებელია, თუმცა ეს პროფესიულ დონეზე დაუშვებელია. შედეგად კი ჩვენი სპორტსმენების სავარჯიშო ფორმის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება, რაც საბოლოოდ შედეგებზეც გავლენას იქონიებს.
სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე გთხოვთ, საქართველოს ძალოსანთა ოლიმპიური გუნდის წევრებს მოგვცეთ საწვრთნელი შეკრების ჩატარების უფლება.
უფლების მიღების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მოემზადება სრულ საკარანტინო ზონაში და დაცული იქნება სოციალური დისტანცირება.
იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების“, - ნათქვამია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის მიმართვაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |