კახა კალაძე მილანის „ინტერთან“ თამაშზე: მატჩი სანახაობრივად საინტერესო იქნება, ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 06 მარტი 2024, 22:08

კახა კალაძემ Legend Series-ის პირველი თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სპორტული მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვა თამაშს სანახაობრივს გახდის და ამასთან ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ჩავატარო შეხვედრა „ინტერთან“. წლების განმავლობაში ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა „მილანში“ თამაშის შესაძლებლობა მომცა. როგორც ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი მოვიგე. ამ შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი პროექტისთვის. ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა სანახაობრივადაც საინტერესო იქნება. ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრესკონფერენციაში, კახა კალაძესთან ერთად, არჩილ არველაძემ, მარკო მატერაციმ და ხავიერ ძანეტმა მიიღეს მონაწილეობა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ „ინტერში“ თამაშის წლები გაიხსენა და ხვალინდელ თამაშზე ქართველი მეტოქეების სიძლიერეს გაუსვა ხაზი.

„მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა და დავპირისპირებოდი ისეთ ფეხბურთელს, როგორიც კახა კალაძეა. ბევრი თამაში ჩავატარეთ, სამწუხაროდ, მოგვიწია ბევრჯერ მატჩის დათმობა, რადგან ძლიერი მოთამაშე იყო. ხვალ გვექნება საშუალება, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ამხანაგურ მატჩზე. გარდა თამაშისა, იქნება მხიარული გარემო და ბევრი ღიმილი“, - აღნიშნა მარკო მატერაციმ.

პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ მილანური დერბის თამაშებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოლის გატანის სიხარული მისთვის ახლაც დიდი ემოციაა, თუმცა ხვალინდელ შეხვედრაში დაცვაში ითამაშებს.

„მილანური დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. ამაში დამეთანხმება გულშემატკივარი. სრულიად ქალაქი ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება ამ თამაშისთვის. „ინტერი“ – „მილანის“ თამაში არის რადიკალურად განსხვავებული ყველა დანარჩენი შეხვედრისგან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამეტანა „ინტერის“ კარში და მოგვეგო ის შეხვედრა ანგარიშით 1:0. რთულია, იმ ემოციების გადმოცემა, რასაც მაშინ ვგრძნობდი და ბიჭები დამერწმუნებიან, თუ რამხელა სიხარული აქვს იტალიაში, მილანურ დერბში გამარჯვებას. ეს არის უდიდესი პოზიტივი გულშემატკივრებისა და ფეხბურთელებისთვის. ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამომეცადა ეს ყველაფერი. გამიხარდება, თუ მომეცემა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ისეთი ფეხბურთელები გვყავს - შოთი, აჩი, გიო ქინქლაძე, დემეტრაძე, იაშვილი, კობი, ქეცბა, რომლებმაც უნდა გაიტანონ. ჩვენ დავიცავთ“, - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

ბათუმში, 7 მარტს, „აჭარაბეთ არენაზე“ ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ მატჩში დედაქალაქის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი