სტატიები
კორონა - ვისთვის კრიზისი, ვისთვის შესაძლებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2651 11 აპრილი 2020, 16:07

„ქართული ოცნება“ შეიძლება პოლიტიკურად გაკოტრდეს - ამის თეორიული შანსი არსებობს. მმართველი პარტია სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. ოპოზიციაში მთავარი პოლიტიკური სტატუსით მოქმედი „ნაციონალური მოძრაობა“ კი მორალურად უკვე გაკოტრებულია.

ისე ჩანს, თითქოს მთავარი პოლიტიკური აქტორები მოთმინების წითელ ხაზთან დგანან და ერთმანეთის აფეთქებას ელოდებიან. ოპოზიცია ელოდება, როდის გადაკვეთს მმართველი პარტია ამ ხაზს, როდის დაუშვებს სერიოზულ შეცდომებს, როდის დაკარგავს კონტროლს ვითარებაზე, რომ უფრო თამამი, ხმაურიანი და რადიკალური მოქმედებების ლეგიტიმური უფლება მიიღოს. 

მაგალითად, ფართომასშტაბიანი აქციების უფლება. არა, აქციების უფლება კი აქვთ, - დროებით არის შეზღუდული საგანგებო ვითარების გამო, - მაგრამ ხალხი აქციებზე ჯერჯერობით არ ჩანს, არ დადის. შემთხვევით არ თქვა გუბაზ სანიკიძემ, ეპიდემია ყველაზე ეფექტური გზაა რევოლუციისკენო. რადიკალები სწორედ ამისთვის ემზადებიან. 

თუმცა, იმდენი იძახეს, უუნარო ხელისუფლება, უუნარო მთავრობაო, - რიგ შემთხვევაში სამართლიანად, რიგ შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით, - რომ ბოლოს თავად აღმოჩნდნენ ფრუსტრაციაში. ოპოზიციას მტკიცედ სწამდა თავისავე შექმნილი მითის, ისევე როგორც ხელისუფლებას სურდა ამ მითის დანგრევა და საკუთარი უნარიანობის დემონსტრირება.

ხელისუფლებამ ეს მოახერხა, ოპოზიციას კი, ისე ჩანს, მოთმინების ძაფი უწყდება. 

შეცდომები? რა თქმა უნდა, იყო. თუნდაც, პრემიერ გახარიას რეაქცია მიხეილ სააკაშვილის ავანტიურისტულ შეთავაზებაზე.

ქართულენოვანმა ექსპრეზიდენტმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მზად არის, 10 ათასი ემიგრანტი ჯერ ჩამოიყვანოს და მერე კარანტინისა და სამედიცინო მომსახურებაც გაუწიოს. და ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ. 

უკრაინულენოვანმა ექსგუბერნატორმა კი კიევს ურჩია, არ ჩამოეყვანა უკრაინის მოქალაქეები უცხოეთიდან და ამით ზედმეტი პრობლემები თავიდან აეცილებინა.

ამიტომაც მიმაჩნია მისი შეთავაზება ავანტიურად. და კიდევ იმიტომ, რომ შეთავაზების გამეორების დროს, კარანტინისა და სამედიცინო ხარჯების საკუთარ თავზე აღების სურვილი და მზადყოფნა უკვე აღარ დაუფიქსირებია, იგივე შეთავაზების მესამედ განხილვისას კი სააკაშვილმა თქვა, რომ თვითმფრინავში სულ 171 ადამიანი ეტევა და ევროპის სულ სამი ქვეყნიდან უნდა განეხორციელებინათ ფრენა. 

როგორც ჩანს, საქართველოდან გაქცეული მესამე პრეზიდენტი უკრაინულ ენაზე უფრო გულწრფელია. 

მაგრამ პრემიერმა გიორგი გახარიამ ქართულენოვან სააკაშვილს უპასუხა და ჯერ თქვა, რომ არავის დახმარებას არ საჭიროებს. მოგვიანებით კი, წარუმატებელი პასუხი ჩაასწორა და გაქცეულ პრეზიდენტს თანხის ვირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხვა ურჩია. რა თქმა უნდა, ფონდში ფული არავის ჩაურიცხავს.

სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი. ამ ინფორმაციამ ნაციონალებზე რატომღაც ჭინჭრის ეფექტი მოახდინა. ამიტომაც ამის შესახებ ბევრი მითი მოვისმინე. ითქვა, რომ ივანიშვილმა ეს ფული ჯერ მოიპარა და მერე ქველმოქმედებაში გაუშვა; რომ კრიზისი ხელოვნურად შექმნა; რომ ლარს აუფასურებს, საქართველოს აქცევს და ასე შემდეგ. მთელი ამ მითების ჩამოთვლას აზრი არ აქვს. სწორედ მითოსზე იმედების დამყარება უქმნის ნაციონალებს მორალურ პრობლემებს.

ანალიზი
შოთა გვენეტაძე
ეკონომისტი
ბევრი ქვეყანა შეეცდება, ჩინეთში საკუთარი ბიზნესი დახუროს. შესაბამისად, ისინი დაიწყებენ ახალი ბაზრებისა თუ ბიზნესის გახსნისთვის ახალი ადგილების ძებნას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეძლოს მათი ინტერესების საქართველოში გადმოტანა.

ვარდების რევოლუციის დროს ისინი კორუფციის დამარცხებასა და რეფორმებზე საუბრობდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაზე, ადამიანის უფლებებზე, ახლა მათი საუბრის თემა მხოლოდ მითებია. თუმცა, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის ისტორიებს თუ გადავხედავთ, მითოლოგიას ჯერ არავისთვის გაუხსნია გზა ვერტიკალისკენ. ბოლო მცდელობა „გაერთიანებულ ოპოზიციას“ ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილის დროს. 

თუმცა, რადიკალიზმი და მითოლოგია ნაციონალებს საშუალებას მისცემს, ოპოზიციაში გაიმყარონ პოზიციები. ეს იმ შემთხვევაში, თუკი თეორია, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, პრაქტიკაში არ განხორციელდა. ეპიდემიას ხელისუფლება უმკლავდება, ახლა ოპოზიცია ეკონომიკურ კრიზისს დაელოდება. თეორიული შანსი, რომ მმართველი პარტია ამ გამოწვევას - მსოფლიო კრიზისის გათვალისწინებით - ვერ გაუძლებს, არსებობს. შესაბამისად, სანიკიძის ფორმულა - „კოვიდ-19“-დან რევოლუციამდე“ - თუ არ იმუშავებს, მაშინ ყველა იმედს ეკონომიკურ კრიზისზე დაამყარებენ. 

ეკონომიკის ექსპერტი შოთა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმოქმედოს და კრიზისი ახალი შესაძლებლობებისთვის გამოიყენოს: „ძალიან ბევრი ქვეყანა შეეცდება, ჩინეთში საკუთარი ბიზნესი დახუროს. შესაბამისად, ისინი დაიწყებენ ახალი ბაზრებისა თუ ბიზნესის გახსნისთვის ახალი ადგილების ძებნას და ხელისუფლებამ უნდა შეძლოს მათი ინტერესების საქართველოში გადმოტანა“. 

ხელისუფლება ჯერჯერობით საკმაოდ კარგად ართმევს თავს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. პრემიერი გიორგი გახარია ძალიან დამაჯერებელია, ის ვითარებას სრულიად აკონტროლებს. ქართული ოპოზიცია თავის კრიტიკასა და უკმაყოფილებაში მეფე ლირის როლშია. ყველა, მათ შორის ელჩები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დასავლეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკითა და მოქმედებებით კმაყოფილია.

ქეთი ხატიაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი