862
11 აპრილი 2020, 14:34
ჯეფრი ვან ორდენი
ბრიტანეთის და სხვა დასავლური დემოკრატიების უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა სტრატეგიულ გზაჯვარედინს უახლოვდება. ნატომ წამოიწყო „დაკვირვების პროცესი“ თავისი პოლიტიკური განზომილების გასაძლიერებლად. ბრიტანეთის ხელისუფლება იწყებს ერთი თაობის ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ზედმიწევნითი შეფასების პროცესს. თუმცა კორონავირუსის პანდემიას უდიდესი გავლენა ექნება ანალიზზე ორივე ხსენებულ შემთხვევაში. COVID-19-ის მასიური ეკონომიკური შედეგები და გავლენა ხარჯებზე თავდაცვის სფეროში, ასევე ბიოლოგიური იარაღის გამანადგურებელ პოტენციალის უტყუარი მტკიცებულება, ეჭვგარეშე გამოიწვევს ეროვნული უსაფრთხოების რესურსების, შესაძლებლობების და საფრთხეების საფუძვლიან გადაფასებას.
ამასობაში კი გაერთიანებული სამეფო დღესაც წარმოადგენს ევროპის მოწინავე სამხედრო ძალას და ნატოს მოკავშირეს. ევროკავშირიდან გასვლას ამ ფაქტზე არავითარი გავლენა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დღეს გაერთიანებულ სამეფოს ნაკლებად შეუძლია ევროკავშირის ამბიციების მოთოკვა ნატოსგან დამოუკიდებლად თავდაცვის სტრუქტურების შექმნასთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ დაასუსტებს ალიანსს - პოტენციური მტრების გულის გასახარად.
ბევრი ითქვა (და სამართლიანად) ბრიტანეთის თანამეგობრობის ქსელის მნიშვნელობაზე, როგორც გაერთიანებული სამეფოს მზარდი გლობალური გააქტიურების ნაწილზე ვაჭრობის, უსაფრთხოების და, ზოგადად, ღირებულებათა სფეროებში. ამ მხრივ, გაფართოებისთვის დიდი ასპარეზია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მეგობრებიც, როგორიცაა საქართველო ევროპის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოსავლეთ ფლანგზე - ერთ-ერთი ექვს შავიზღვისპირა ქვეყნიდან, სადაც ბრიტანეთის ინტერესები სასწორზე დევს.
მაშინ, როცა ნატოს ერთიანობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ევროპელ მოკავშირეთა უმრავლესობა ძალიან ცოტას ხარჯავს თავდაცვაზე, საქართველო ითვლება ნატოს ოპერაციებში მონაწილე ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად. ავღანეთში ნატოს მისიების ფარგლებში საქართველო, სულ მოსახლეზე კოეფიციენტის გათვლით, აგზავნის უფრო მეტ მებრძოლს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. თბილისის პროდასავლური მთავრობა მტკიცედ მიიწევს ნატოს მიერ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისკენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ამ მიზანს იზიარებს როგორც მმართველი ქართული ოცნების პარტია, ისე ფართო საზოგადოება, რომლის 80% მხარს უჭერს ნატოს წევრობას.
მართალია, დასავლეთის უმსხვილეს სამხედრო ალიანსში პატარა ქვეყნის შესვლა (რომლის ტერიტორიის 20% 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერ არის უკანონოდ ოკუპირებული) არარეალისტურად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ პროცესი აქტიურად მიიწევს წინ. 2019 წლის ოქტომბერში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე ბათუმში გადაწყდა ეგრეთწოდებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება, რომელიც უკვე 5 წელია ხორციელდება. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ალიანსის მხარდაჭერის გაზრდას, მათ შორის სანაპიროს დაცვის პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარების და საქართველოს საპატრულო გემებსა და ნატოს მუდმივ სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესების მხრივ.
საქართველოს მთავრობა ახლახან შეუერთდა ნატოს კიბერუსაფრთხოების პლატფორმას (ფინეთის შემდეგ მე-2 ნატოს არაწევრი ქვეყანა), რაც დამთხვევა არ გახლავთ - თბილისი იმყოფება რუსეთის მხრიდან არა მხოლოდ ტერიტორიული აგრესიის, არამედ კიბერშეტევების და დეზინფორმაციის წინა ხაზზეც. საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრთან, ისე აშშ-ის დაზვერვის სამსახურებთან, რის შედეგად დადასტურდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ონლაინ ეკოსისტემის ნაწილების დაზიანების მცდელობები.
სწორედ ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირდაპირ მოუწოდა ბრიტანეთს და სხვა პარტნიორებს ნატოში უფრო აქტიური და თანმიმდევრული მოქმედებისკენ საქართველოს უსაფრთხოების მხარდასაჭერად. გახარიას თანახმად, „საქართველო, თავისი გეოგრაფიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ორიენტირების და დასავლური და ტრანსატლანტიკური მიზნების მიმართ დადასტურებული ერთგულების წყალობით, წარმოადგენს ნატოს ფარგლებში თანამშრომლობის ახალი სტრატეგიების უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს“.
ბრიტანეთი, რომელიც კავკასიას კარგად იცნობს, სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მისწრაფებებს ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ბრიტანეთის მიერ აღებული ვალდებულებები გაწერილია საქართველოსთან 2019 წლის ოქტომბერში ბორის ჯონსონის მთავრობის მიერ ხელმოწერილ ყოვლისმომცველ დოკუმენტში: „სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმება“.
თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველ შეთანხმებასთან ერთად, ამ 359-გვერდიან დოკუმენტში განსაზღვრულია ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, რეგიონში თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის, ასევე უსაფრთხოების ზომები. ასევე აღსანიშნავია ბრიტანეთის ძლიერი მეგობრული ურთიერთობები საქართველოს 2 საკვანძო მეზობელთან: თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რომლებისთვისაც საქართველო წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის ხიდს კასპიის ნავთობის ევროპისკენ მიმავალ საექსპორტო გზაზე.
ასევე შთამბეჭდავია საქართველოს ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა (4,5%). მსოფლიო ბანკის თანახმად, ქვეყანა მსოფლიოში 27-ე ადგილზეა ბიზნესის წარმოების ინდექსში (უსწრებს 26-ს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან), ხოლო ბოლო დროს გატარებული ეკონომიკური და სოციალური რეფორმების შედეგად სულ რაღაც 10 წელიწადში განახევრდა სიღარიბის დონე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ბოლო ინდექსის თანახმად, საქართველო სულ 2 ქულით ჩამორჩება გაერთიანებულ სამეფოს და, რაც ნამდვილად გასაოცარია, უსწრებს აშშ-ს.
ეკონომიკური შესაძლებლობები გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოსთვის ნათელია.
დინამიური ეკონომიკა არსებითია მსოფლიოს ესოდენ ფეთქებად რეგიონში განლაგებული ქვეყნის უსაფრთხოებისთვის; არანაკლებ მნიშვნელოვანია სტაბილური დემოკრატია. ახლახან გატარებულმა რეფორმამ (ქართული ოცნების მთავრობის ხელმძღვანელობით მიღწეული იყო პარტიათაშორისი შეთანხმება ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რამაც დადებითი შეფასება დაიმსახურა აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის მხრიდან) კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს პროდასავლური ვექტორი.
ჩვენი მხრივ, ბრიტანეთს აქვს შესაძლებლობა, უკვე დამოუკიდებლად გადოს ხიდები თავის მეგობრებთან მსოფლიოს სხვადასხვა (და გამოწვევებით სავსე) რეგიონში, რადგან დღეს ბრიტანეთმა დაიბრუნა სრული კონტროლი თავის საგარეო ურთიერთობებზე, საერთაშორისო დახმარებაზე, ვაჭრობაზე და ეკონომიკისა თუ უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობაზე. ცხადია, რომ ბრიტანეთის დიდი ხნის უახლოესი მოკავშირეები დარჩებიან პრიორიტეტად ამ გააქტიურებულ საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ არის კიდევ ბევრი სხვა ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს ბრიტანეთის ინსტიტუტების პატიოსნებას და სტაბილურობას, ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას დაზვერვის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, ასევე იმ მდიდარ გამოცდილებას, რომელიც ბრიტანეთს წვლილის სახით შეაქვს საერთაშორისო ურთიერთობებში.
საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მეგობარი, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრიტანეთს ბრექსიტის შემდგომ პერიოდში და რომლის სურვილიცაა ჩვენთან მჭიდრო სამომავლო პარტნიორობა. ამის სანაცვლოდ, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ კეთილსინდისიერება და განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები როგორც საქართველოსთან, ისე მის მეგობარ მეზობელ ქვეყნებთან.
https://www.neweurope.eu/article/georgia-is-the-first-european-friend-to-back-post-brexit-britain/?utm_source=dlvr.it&utm_medium=facebook
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |