სტატიები
ვისი პაიკია სალომე ზურაბიშვილი და გავა თუ არა ის საარჩევნო დამკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2785 02 სექტემბერი 2023, 12:15


ქეთი ხატიაშვილი

საქართველოს კონსტიტუციას უკვე გადაახტა... ახლა, როგორც ჩანს, უნდა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგსაც ასწვდეს და 2024 წელს საარჩევნო ბარიერსაც გადაახტეს... სხვა მიზეზი ან მიზანი სალომე ზურაბიშვილის დასავლურ ტურნეს, სავარაუდოდ, არც აქვს. მით უფრო, რომ ეს ტურნე არაოფიციალურია - ხელისუფლებამ მას ევროპაში ვიზიტებზე უარი უთხრა. მოგზაურობას საქართველოს პრეზიდენტი გერმანიიდან იწყებდა და ჩეხეთით ასრულებდა. ქვეყნების ჩამონათვალი შთამბეჭდავია: უკრაინა, გერმანია, პოლონეთი, შვეიცარია, ბელგია, დანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, ბულგარეთი და ჩეხეთი.

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, ვადის ამოწურვის წინ დიდი გასეირნება მოუწყო საკუთარ თავსო, მაგრამ არა, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარება. 

გერმანიიდან მართლაც დაიწყო. თუმცა, გერმანიის პრეზიდენტთან მისი შეხვედრა რატომღაც არც ბატონი შტაინმაიერის პრესრელიზში მოხვდა და არც დღის განრიგში. „დოიჩე ველეს“ საპარლამენტო ჟურნალისტი შეხვედრის ასეთმა გასაიდუმლოებამ გააოცა. გერმანიის პრეზიდენტის პრესსამსახურში „დოიჩე ველეს“  მხოლოდ პრეზიდენტის შეხვედრების გალერეის დათვალიერება ურჩიეს. იქ კი მართლაც იყო შეხვედრის ამსახველი ფოტო. სხვათა შორის, ინფორმაციის გადასამოწმებლად პრესამსახურის გარკვეული დრო დასჭირდა... 


თუმცა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ეს გალერეა დათვალიერებული არ ჰქონდათ, შესაბამისად, არც სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე იცოდნენ რამე. 

სიტყვა იმპიჩმენტი საქართველოს პრეზიდენტის მიმართულებით მართლაც გამოიყენეს. ინიციატივა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისგან“ მოდიოდა. 

სალომე ზურაბიშვილს, კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კეთებასთან არაფერი ესაქმება, - ასე მიიჩნევენ მმართველ პარტიაში. 

თუმცა თავად პრეზიდენტი აცხადებს, რომ სწორედ კონსტიტუცია აძლევს მას უფლებას, წარმოადგინოს ქვეყანა საგარეო ურთიერთობებში. 

როგორც ჩანს, დავას სულ მალე, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს...

თუმცა, მანამდე საინტერესოა, რატომ წამოიწყო ეს ტურნე სალომე ზურაბიშვილმა „დღეს“? ჯერ კიდევ „გუშინ“ ის „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ის [„ქართული ოცნება“] ქვეყნის საგარეო მიზანს [სტატუსის მიღებას] უპირისპირდება. ეს მაშინ იყო, როცა სტატუსის მიღების პერსპექტივა გაცილებით ბუნდოვანი ჩანდა და ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა მის ჩასაგდებად...

რას ვგულისხმობ? თუნდაც მათი მხრიდან ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნას... თუნდაც, საქართველოს დადანაშაულებას - დასავლეთის სანქციებს არღვევს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებაო. 

რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს სტატუსს გვაშორებდა... მაგრამ არცერთი ბრალდება არ დადასტურდა, დღეს სტატუსის მიღების შანსი ბევრად მაღალია....

ჰოდა, ახლა, ამ ფონზე, სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნეს წამოწყება ამ წარმატების მიწერას მართლაც ნიშნავს. 

მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მხოლოდ სალომეს ინტერესი არ უნდა იყოს... „ქართულ ოცნებას“ სერიოზული დაპირისპირება აქვს დასავლეთში იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც თავად „გლობალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. ჰოდა, არ არის გამორიცხული, ამ ძალებს ფსონი სალომე ზურაბიშვილზე დაედოთ. 

„ნაციონალური მოძრაობა“ კრიზისიდან ვერ გამოდის... „ლელო“ მხოლოდ ფულს ხარჯავს, პოლიტიკურ წონას კი ვერ იძენს, გიორგი ვაშაძეს ხმის ტემბრი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე რეიტინგი. 

მოკლედ, ისე ჩანს, თითქოს ამ „გლობალური ომის პარტიას“ არ სურს არჩევნების წინ  „ქართულმა ოცნებამ“ სტატუსი ბონუსის სახით მიითვალოს. 


ასე რომ, ზურაბიშვილი შეიძლება მართლაც გახდეს ფანჯარა ევროპაში... სწორედ მასთან ასოცირდეს ევროპა... ქალების დიდი არმია მას უკვე გულშემატკივრობს. ეს სოცქსელებიდანაც კარგად გამოჩნდა. ნაცებისგან განსხვავებით, თამარ ჩუგოშვილი, სამნიძე, ბესელია და სხვები მის ევროპულ ვოიაჟს გამოექომაგნენ. 

გერმანიიდან ზურაბიშვილი ბრიუსელში გაემგზავრა. როგორც ჩანს, შეხვედრამ იქაც საიდუმლო ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის კადრები მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა. მოგვიანებით, შეხვედრის ამსახველი კადრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ფეისბუკგვერდზე აიტვირთა. 

ბატონი მიშელის განმარტებით, სტატუსის მისაღებად საქართველოს სჭირდება რეფორმები სასამართლო სისტემაში და დეოლიგარქიზაცია. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოდის. თუმცა 2018 წელს სწორედ მისი დიდი და აქტიური მხარდაჭერით გახდა ის საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტი. შემდეგში - 2024 წელს - პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად ხმოსნები აირჩევენ. 

თემას რომ მივუბრუნდეთ, ბოლო ასეთი ხმაურიანი დაპირისპირება ე. წ. აგენტების შესახებ კანონს მოჰყვა, რომლის წინააღმდეგაც ზურაბიშვილი გამოვიდა და მიღების შემთხვევაში კანონზე ვეტოს დადებით დაიმუქრა. 

სიტყვა იმპიჩმენტიც პირველად არ გამოუყენებიათ მის წინააღმდეგ . „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოშიც უკვე მეორედ - თუ შეიძლება ასე ითქვას - უჩივლებს მის მიერვე მხარდაჭერილ პრეზიდენტს. პირველად მმართველმა ძალამ საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისს მიმართა. მაშინ დავა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნას ეხებოდა. კერძოდ კი, ელჩების დანიშვნის საკითხზე. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი მალევე უკან გამოიტანა. 

და ეს არც პირველი შემთხვევაა, როცა სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურ ვიზიტზე თანხმობა არ მისცეს. შარშან ის უკრაინაში, პოლონეთსა და საფრანგეთში არ გაუშვეს. 

P.S.: სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, არ გაუშვას პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტებზე: საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობას ახორციელებს მთავრობის თანხმობით, ხოლო 54-ე მუხლის თანახმად, საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც საშინაო, მთავრობის პრეროგატივაა. 

პრეზიდენტს მხოლოდ მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შეუძლია, ასევე - მსჯავრდადებულთა შეწყალება, სახელმწიფო ჯილდოებისა და უმაღლესი წოდებების გაცემა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ხელშეკრულებების გაფორმება და ხალხისადმი მიმართვა.

ისევ სამართლიანობა მოითხოვს, შევნიშნოთ, რომ ის ხალხში პოპულარული არ არის და არც არასოდეს ყოფილა. თუმცა ახლა ყველას, ვინც არც „ოცნების“ და არც ნაცების ორბიტაზე არ მოძრაობს, მისი იმედი აქვს. ისინი უმარკო კონვერტებს ჰგვანან - წარმატების ზუსტი მისამართი არ იციან, ჰოდა, თუკი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მარკას დაირტყამენ, ფიქრობენ, ეს მათ საარჩევნო ბარიერს ასწევს...

თუმცა ჯერ მხოლოდ სალომე გადაახტა კონსტიტუციას...



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი