1093
01 სექტემბერი 2023, 10:57
ხმაურით მოკლეს, მაგრამ საიდუმლოდ დაასაფლავეს. ამბობენ, რომ ევგენი პრიგოჟინის „სწორად დასაფლავების“ რუტინაზე კრემლშიც კი იმსჯელეს... როგორც ითქვა, ამბოხებული არ შეიძლება გმირი იყოს...
პრიგოჟინის მომხრეები და გულშემატკივრები ამ მკვლელობის უკან პუტინს ასახელებენ, თუმცა იქვე არც პრიგოჟინის ავიაკატასტროფაში დაღუპვის სწამთ. ფიქრობენ, რომ მან თავად მოაწყო ეს ტრიუკი - სიკვდილი გაითამაშა, რათა...
თუმცა ამის იქით, რა როგორ ან რატომ უნდა მომხდარიყო, ვერსიაც კი არ აქვთ....
მოკლედ, შეთქმულების თეორიების მოყვარულებს ხელს არ შევუშლით, ჩვენ პრიგოჟინის ბიოგრაფიას ჩავხედოთ და ფაქტები ვნახოთ, თანაც უცნობი ფაქტები.
- ახალგაზრდობაში ჟაკოს ეძახდნენ, 18 წლის ასაკში მძარცველების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. დაჯგუფებაში მასზე დიდებიც იყვნენ, მათაც ჟაკო მართავდა. სკოლის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ძარცვის დროს ის დააკავეს და რეციდივისტების კამერაში ჩასვეს... თუმცა პრიგოჟინი ირწმუნებოდა, რომ „ვერხის“ აღება კამერაშიც შეძლო.
- კოლონიაში პირველი ვადის დროს მარცხენა ხელზე თითი დაკარგა... ამით ამოიცნობენ მას ავიაკატასტროფის შემდეგ. თუმცა მანამდე დიდი ბიზნესი, დიდი პოლიტიკა და დიდი ავანტიურა აქვს გასავლელი...
- დიდ ბიზნესში ის მიხაილ მირილაშვილის წყალობით მოხვდა. დამოუკიდებელი ბიზნესისთვის ფული პრიგოჟინს სწორედ მან მისცა. ეს ფული ევგენიმ, იმავე ჟაკომ, სარესტორნო ბიზნესში ჩადო. თუმცა საქართველოში დაბადებული მირილაშვილი მარტო არ იყო, პრიგოჟინს პირველი ნაბიჯების გადადგმაში თავისი კლასელი და მირილაშვილის ბიზნესპარტნიორი ბორის სპექტორი დაეხმარა, როცა პეტერბურგში მათ საკუთრებაში არსებული მაღაზიების ქსელი სამართავად ჩააბარა.
- პირველი რესტორანი პრიგოჟინმა 1995 წელს გახსნა და სახელად „სტარაია ტამოჟნია“ დაარქვა. ამ რესტორანში ქალაქის მერი ანატოლი სობჩაკი დადიოდა ხოლმე. როგორც ჩანს, სწორედ იქ შეხვდნენ და გაიცნეს ერთმანეთი პრიგოჟინმა და პუტინმა - ვალოდია ხომ სობჩაკის აპარატში მუშაობდა.
- პრიგოჟინის ბიზნესკარიერაში ტრამპლინის როლი რესტორანმა New Island-მა ითამაშა. სასეირნო გემზე, რომელიც უკვე ხმარებიდან იყო ამოღებული, რესტორანი 1997 წელს გახსნა. პირველი მაღალი დონის შეხვედრა იქ ჯერ კიდევ 1999 წელს გაიმართა. რუსეთის პრემიერმა სერგეი სტეპაშინმა მაშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს მიშელ კამდესიუს უმასპინძლა.
- მერე კი.... მერე იყო თავად პუტინი, რომელიც ამ რესტორნად ქცეულ გემზე სხვა ქვეყნების მეთაურებს იღებდა... 2000 წელს პრეზიდენტი პუტინი იაპონიის პრემიერს ესირო მორის ხვდება, 2001 წელს - საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ შირაკს, 2002 წელს - ამერიკის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს... ასე იქცა ჟაკო, იგივე ევგენი, პუტინის პირად მზარეულად.
- პუტინთან დაახლოების შემდეგ ის ძველი პარტნიორების გზიდან ჩამოშორებას იწყებს. ყველა რესტორანი, რომლებიც იმ დროისთვის მირილაშვილს ეკუთვნოდა, პრიგოჟინის ხელში გადადის.
- ბევრი, ვინც მას კარგად იცნობდა, ამბობს, რომ პრიგოჟინი ძალადობისკენ მიდრეკილი იყო. ერთხელ მისმა დაცვამ ოფისში მისული ორი მუშა სცემა. მუშები კუთვნილ ხელფასს ითხოვდნენ, პრიგოჟინმა კი მათ გაწეული სამუშაო დაუწუნა და ფული არ მისცა.... იხსენებენ, რომ პრიგოჟინმა ერთხელ საკუთარ მძღოლს წიხლიც კი უთავაზა, მეჩქარება და უფრო სწრაფად იარეო. მოკლედ, მის ოფისში აგრესიის ნაკლებობას არ უჩიოდნენ.
- პრიგოჟინის წინააღმდეგ ბევრჯერ შეიძლებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. სულ მცირე, ათეულობით შემთხვევაა ცნობილი, როცა მისი თანამშრომლები ადამიანებს სასტიკად გაუსწორდნენ - რიგ შემთხვევაში სიკვდილამდეც კი სცემეს, თუმცა საქმე ან არ აღუძრავთ ან გამოძიება მხოლოდ ფორმალურად წარმართულა.
- პრიგოჟინის ოფიციანტები მაღალი დონის ღონისძიებების მომსახურების დროს ყველაფერს იწერდნენ და პრიგოჟინს საუბრების შინაარსს უგზავნიდნენ. პუტინს ის დემონსტრაციული პატივისცემით მოიხსენიებდა ხოლმე...
- მისი პირველი პოლიტიკური პროექტი ტროლების ქარხანა იყო. სწორედ მას უკავშირებდნენ ტრამპის გამარჯვებას ამერიკის საპრეზიდენტო მარათონში.
- კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ აფრიკის, სულ მცირე, 13 ქვეყანაში იმყოფებოდა. ამ ქვეყნებში ის არა მხოლოდ სამხედრო საქმეებით, ბიზნესითაც იყო დაკავებული. აფრიკაში ის ბრილიანტის, ოქროსა და ყავის სფეროში მუშაობდა.
- პრიგოჟინი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა კიბოს. ბევრი მიიჩნევს, რომ მისი უცნაური ქცევების ერთ-ერთი მიზეზი ავადმყოფობაც იყო. ის იცავდა მკაცრ დიეტას და გადიოდა მკურნალობის სპეციალურ კურსს.
- პრიგოჟინის გარემოცვა სამართლიანობის მარშს მის იმპულსურ ხასიათს მიაწერს. ამბობენ, რომ თითქოს კითხვაზე: ეს რა იყო? მან უპასუხა, „ფსიხანულ ია“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |