სტატიები
მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1605 20 ოქტომბერი 2019, 18:39

იქნება თუ არა მესამე მსოფლიო ომი - რას გვკარნახობს ისტორიული ლოგიკა? რამდენად შესაძლებელია დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებამ კატასტროფამდე მიგვიყვანოს? რა ინტერესები აქვს ვაშინგტონს და მოსკოვს? ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე პასუხს ისტორიკოსის და ჟურნალისტის დავით გამცემლიძის სტატიაში იპოვნით. აქ არის ი ისტორიული ფაქტები, რომელიც უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ გაიგოთ რამდენად შესაძლებელია დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი.  


„ცივი ომი“ 

მეორე მსოფლიო ომის დასრულების, ანუ ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიისა და მილიტარისტულ-სამურაული იაპონიის დამარცხების შემდეგ, დედამიწაზე ორი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი დაფუძნდა. ერთს ამერიკის შეერთებული შტატები ედგა სათავეში და კაცობრიობის განვითარების ბუნებრივ ანუ ლიბერალურ ხაზს მიერთებულ ქვეყნებს, ერებს, კულტურებს აკავშირებდა; მეორეს ჰეგემონი კი სსრკ-წითელი რუსეთი იქცა, რომელიც ე.წ. „მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის“ საფუძველზე ადამიანთა მოდგმის ერთიან „მუშურ-გლეხურ არმიად“ გადაქცევას ანუ „საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა მსოფლიო კავშირის“ დაფუძნებას ისახავდა მიზნად. სსრკ ღერბზე მთელი პლანეტა შემთხვევით როდი იყო გამოსახული.

1917 წელს „სოციალისტურ რევოლუციად“ წოდებული სამხედრო გადატრიალების მთავარმა იდეოლოგმა ლევ ბრონშტეინ-ტროცკიმ საყოველთაო „მუშურ-გლეხური არმიის“ ფილოსოფია ყველაზე მკაფიოდ ჩამოაყალიბა, თუმაც „პრაქტიკოსმა პოლიტიკოსმა“, იოსებ ჯუღაშვილ-სტალინმა „სოციალისტური იდეოლოგია“ უფრო გეოპოლიტიკური, სახელმწოფოთშორისი დაპირისპირების „ინსტრუმენტად“ გამოიყენა, რომლის მიზანი, პირველ ეტაპზე არა „მსოფლიო რესპუბლიკათა კავშირის“, არამედ მისი სახელმწიფოს (სსრკ) გეოპოლიტიკური გავლენისა და „წონის“ გაზრდა-გაძლეირება იყო. პირველ რიგში ექსპანსიონისტური, სამხედრო მეთოდებით.

ბუნებრივია, ასეთ პირობებში, ამერიკასთან და მის ბუნებრივ მოკავშირეებთან უსასტიკესი დაპირისპირება გარდაუვალი გახდა მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი მოკავშირეები იყვნენ ნაცისტების წინააღმდეგ ომში.

პირველად, ტერმინი „ცივი ომი“ 1945 წლის 19 ოქტომბერს (!) გამოიყენა ალბათ გასული საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა გენიამ - ბრიტანელმა მწერალმა ჯორჯ ორუელმა სტატიაში „შენ და ატომური ბომბი“. მისი შორსმჭვრეტელური აზრით, იმიერიდან მსოფლიოში იბატონებდნენ ის სახელმწიფოები, ვისაც ექნება ბირთვული იარაღი, ოღონდ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ ომს მოერიდებიან ბირთვული აპოკალიფსის შიშით; ამდენად „ირიბი დაპირისპირებისას“ ლოკალურ კონფლქიტებსა და „პროქსი ომებს“ არჩევენ ერთმანეთის დასასუსტებლად.

პრეზიდენტ ტრუმენის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში, ბერნარდ ბარუხს ეს გამოთქმა მოეწონა და პირველად პოლიტიკურ დონეზე, 1947 წელს სწორედ მან თქვა ერთ-ერთ გამოსვლაში: „Cold war“.

ამრიგად, ჯორჯ ორუელის გენიალური მიგნება დროში უსწრებდა დიდი უინსტონ ჩერჩილის ეპოქალურ „სფიჩს“ (1946 წლის 5 მარტი) ამერიკულ ქალაქ ფულტონის უესტმინსტერ-კოლეჯში, სადაც ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პირველად ჩამოაყალიბა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი „ცივი ომის“ უმთავრესი მახასიათებლები უკვე არა მწერლის (თუნდაც გენიალური მწერლის) არამედ სახელმწიფო მოღვაწის პოზიციებიდან: ჩერჩილმა მოუწოდა მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხებს (პირველ რიგში ინგლისურენოვან ერებს) გაერთიანებულიყვნენ „თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დიადი ღირებულებების დასაცავად“.

„შტეტინიდან ბალტიის ზღვაზე - ტრიესტამდე ადრიატიკის ზღვაზე, ევროპულ კონტინენტზე ჩამოეშვა რკინის ფარდა“ - განაცხადა უინსტონ ჩერჩილმა. ჰერცოგ მარლბორის ღირსეული შთამომავალის ამ  უძლიერესმა გამოსვლამ უდიდესი რეაქცია გამოიწვია მსოფლიოში და ისტორიაც განსაზღვრა დიდწილად. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „კაცთა მოდგმა“ სწორედ „სიტყვისა და სიტყვიერების მოდგმაა“.

შემდეგ ამას მოჰყვა აშშ პრეზიდენტ ტრუმენის „კომუნიზმის შეკავების“ დოქტრინა, რომლითაც ამერიკამ იკისრა ვალდებულება, წინააღმდეგობა გაეწია სსრკ ნებისმიერი პირდაპირი თუ შენიღბული აგრესიისათვის. არა მხოლოდ და არა იმდენად სამხედრო, არამედ ეკონომიკური ინსტრუმენტებითაც. სწორედ ტრუმენის მითითებით, აშშ სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა გამოაქვეყნა ევროპის (პირველ რიგში დენაციფიცირებული გერმანიის) აღორძინების მრავალმილიარდიანი გეგმა, რომელსაც ვიცნობთ „მარშალის გეგმის“ სახელწოდებით. ეს გეგმა და ამერიკის ფინანსური ინვესტიცია ისტორიულად ევროპის ხსნა გამოდგა. „გერმანული ეკონომიკური სასწაულიც“, ადენაუერ-ერჰარდის რეფორმებთან ერთად, სწორედ ამ დიდი პროგრამით აიხსნება, რითაც ამერიკამ დასავლეთ ევროპის ხალხებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა და სერიოზულად დაასუსტა კომუნისტურ ძალთა პოზიციები საფრანგეთში, იტალიაში, თვით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და სხვა ქვეყნებში.

ბერლინის კრიზისმა „ცივი ომი“ პირველად კინაღამ გადაზარდა მესამე მსოფლიო ომში: ვაშინგტონმა, ლონდონმა და პარიზმა გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ ყოფილი ნაცისტური გერმანიის  ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული საოკუპაციო ზონები და მათ საფუძველზე შეექმნათ პროდასავლური დემოკრატიული სახელმწიფო: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. იმავე ფორმატით უნდა გაერთიანებულიყო საოკუპაციო ზონები ნაცისტური გერმანიის ყოფილ დედაქალაქ ბერლინში, მაგრამ დასავლეთ ბერლინი სსრკ საოკუპაციო ზონაში მდებარეობდა, ანუ ოკუპირებულ აღმოსავლეთ გერმანიაში დასავლურ ანკლავს წარმოადგენდა.

1947 წელს სტალინმა გასცა ბრძანება, დაებლოკათ დასავლეთ ბერლინი. პასუხად, ტრუმენმა ბრძანა, აეგოთ „საჰაერო ხიდი“ უზარმაზარი ქალაქის მრავალმილიონიანი მოსახლეობის გამოსაკვებად.

თუ რამ გადაარჩენდა ცივილიზაციას, იყო არა სამხედრო ძალა, არამედ ადამიანის „გულის მოგება“, - მისი პატარა, ადამიანური ოცნებების, თავისუფლებისადმი სწრაფვის, ბედნიერების დაუოკებელი წყურვილის გამოხატვა

ბერლინის „თავისუფალ აეროდრომებზე“ ყოველ 5 წუთში ერთხელ ეშვებოდნენ ამერიკული და ბრიტანული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომელთაც სურსათი მოჰქონდათ ან პირდაპირ ჰაერიდან, პარაშუტებთ ყრიდნენ საკვებსა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთებს, მათ შორის წამლებს.

 ამასობაში, საბჭოთა და ამერიკული ტანკები გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მრისხანედ მიუახლოვდნენ ერთმანეთს. არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ამერიკას უკვე ჰქონდა ატომური ბომბი, ხოლო საბჭოთა კავშირს - ჯერ არა. შესაძლოა სწორედ ამ გარემოებამ აიძულა სტალინი, 1949 წელს მაინც მოეხსნა ბლოკადა, რაც თავისუფალი სამყაროსა და ამერიკის პირველი დიდი გამარჯვება გამოდგა მიმდინარე „ცივ ომში“.

1949 წელსვე შეიქმნა NATO, როგორც „ევროატლანტიკური ცივილიზაციის“ ფარი. თუმცა ამ ცივილიზაციის იმდროინდელ მესვეურებს შესანიშნავად ესმოდათ, რომ თუ რამ გადაარჩენდა მათ ცივილიზაციას, იყო არა სამხედრო ძალა, რითაც ტოტალიტარიზმს საბოლოოდ მაინც ვერ დასჯაბნიდნენ, არამედ ადამიანის „გულის მოგება“, - მისი პატარა, ადამიანური  ოცნებების, თავისუფლებისადმი ბუნებრივი სწრაფვის, ბედნიერების დაუოკებელი წყურვილის გამოხატვა.

აქვე ვიტყვი, რომ საბოლოოდ, 40 წლის შემდეგ, თავისუფალმა სამყარომ სწორედ და მხოლოდ ამის წყალობით დაამარცხა ის შავ-ბნელი „კომუნისტური პროექტი“, რომელიც კაცობრიობას ერთ დიდ და უფერულ, უსიხარულო საკონცენტრაციო „ლაგერში“ შერეკვას უპირებდა. ამ აზრით, „Beatles“-ებმა „Levi,s“ - მა არანაკლები წვლილი შეიტანეს კომუნიზმის „შეკავება-დამარცხებაში“, ვიდრე „პერშინგის“ რაკეტებმა ან „აბრამსის“ ტანკებმა.

„გამალებული შეიარაღება“ ბერლინის კრიზისის, NATO-ს შექმნისა და პრომოსკოვური „ვარშავის სამხედრო ბლოკის“ დაფუძნებისთანავე დაიწყო. ეს ტერმინი გულისხმობს ორივე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მიერ კოლოსალური რესურსების ხარჯვას სამხედრო ინოვაციებზე და შეიარაღების როგორც ხარისხობრივ, ასევე რაოდენობრივ ზრდაზე. ასევე, სამხედრო ინოვაციის სფეროთა გაფართოებას, მათ შორის კოსმოსზე, რისი „გვერდითი“ ეფექტიც აღმოჩნდა პირველი კოსმონავტის (იური გაგარინის) გაფრენა კოსმოსში 1961 წელს  და პირველი ასტრონავტის (ნილ არმსტრონგის) ისტორიული „ნაბიჯი მთვარეზე“ 1969 წელს.

 „კორეის ომი“ - პირველი „პროქსი ომი“ ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის, როდესაც ორი ზესახელმწიფო ერთმანეთს პირველ ეტაპზე ეომებოდა არა უშუალოდ, არამედ „ადგილზე“ დაპირისპირებაში (ფაქტიურად  სამოქალაქო ომში) დაპირისპირებული მხარეების ხელით, თუმცა მასში აქტიურად მონაწილეობდნენ ამერიკელი მფრინავები, რუსი მეზენიტეები, მესანგრეები....მეორე ეტაპზე კი გაეროს ეგიდით მოქმედი ამერიკული არმია პირდაპირ შეეჯახა ჩინურ და საბჭოთა არმიათა უშუალო მხარადჭერით მოქმედ კომუნისტურ ძალებს, რასაც 38-ე პარალელზე კორეის ნახევარკუნძულის გაყოფა მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება.


კვლავ ბერლინიდან - საიგონამდე

 

1961 წელს, საბჭოთა დიქტატორმა ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელიც სტალინის წინააღმდეგ სკკპ XX ყრილობაზე გაკეთებული მრავალგვერდიანი „მოხსენებით“ საკუთარ სისხლიან ხელთა „მოწმენდას“ ცდილობდა, ბერლინში „კედლის“ აშენება გადაწყვიტა, რათა აღმოსავლეთ გერმანიიდან ანუ კომუნისტურ „კონცბანაკად“  ქცეული ე.წ. „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან“ - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ადამიანთა მასობრივი გაქცევა შეეწყვიტა.

უკვე მაშინ, ბევრისთის ცხადი გახდა, რომ ადამიანები „რატომღაც“ ბნელი კაპიტალიზმიდან - ნათელ და ბედნიერ სოციალიზმში კი არ გამორბოდნენ მასობრივად, არამედ პირიქით.

კედელი სულ რამდენიმე დღის განმავლობაში აიგო. მშენებლობის პირველ დღეს, ამერიკულ საკონტროლო გამშვებ პუნქტ „ჩექ პოინტ ჩარლი“-სთან, ამერიკული და რუსულ-საბჭოთა ტანკები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა პირდაპირი შეჯახება არ ყოფილა: დასავლეთი მაშინ „კედელს“ შეურიგდა, თუმცა ეს ჯებირი, 28 წლის შემდეგ, თვითონ „სოციალიზმმა“ დაანგრია მისი უბადრუკობით. ოღონდ  მაშინ ამას ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა, ანუ „ბერლინის კედელი“ ცივი ომის განუშორებელ სიმბოლოდ იქცა.

1962 წელს, კუბაზე საბჭოთა რაკეტების განლაგებას (ბირთვული ქობინებით), რომელთაც ნიუ იორკამდე და ვაშინგტონამდე მიღწევა სულ რამდენიმე წუთში შეეძლოთ, მოჰყვა ე.წ. „კარიბის  კრიზისი“, რომელიც კინაღამ მართლა გადაიზარდა ბირთვულ ომში, როდესაც პრეზიდენტ კენედის ბრძანებით, ამერიკულმა ხომალდებმა საბჭოთა გემებს კუბისაკენ მიმავალი საზღვაო გზა გადაუკეტეს. „უფსკრულზე“ რამდენიმედღიანი ბალანსირების შემდეგ,  ვაშინგტონმა და მოსკოვმა მოილაპარაკეს, რომ სსრკ გაიტანა რაკეტებს კუბადან, ხოლო ამერიკა - ანალოგიურ რაკეტებს თურქეთიდან.

1960-იანი წლების შუახანებიდან დაიწყო ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი „ვიეტნამის ომი“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ერთმნიშვნელოვანი მარცხით, შესაბამისად სსრკ-ჩინეთის გამარჯვებით დასრულდა: განსხვავებით კორეისაგან, კომუნისტებმა მთელი ვიეტნამის დაპყრობა შეძლეს.....თუმცა ისევე, როგორც „ბერლინის კედლის“ შემთხვევაში, ვერავინ იწანასწარმატყველებდა, რომ ყოველგვარი სამხედრო მარცხის გარეშე, 40 წლის შემდეგ, ვიეტნამი „კაპიტალისტურ ქვეყნად“ იქცეოდა.

„ცივი ომის“ პერიოდში, საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, „საბჭოთა ბლოკი“ და NATO სასტიკად „ეჯახებოდნენ“ ერთმანეთს ე.წ. „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში. კომუნისტებმა ჩათვალეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებული „დეკოლონიზაცია“, ასევე „მესამე მსოფლიოში“ ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბება, ხელსაყრელად უნდა გამოეყენებინათ პლანეტის „გასაწითლებლად“ და „მსოფლიო საბჭოთა სოციალისტური კავშირის“ მიუვიწყებელი იდეის განსახორცეილებლად. ამდენად, პლანეტაზე გაჩაღდა გააფთრებული ბრძოლა აფრიკიდან - სამხრეთ ამერიკამდე, ჩილედან - ანგოლამდე. დღეს ბევრს გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ მაგალითად აფრიკის ცენტრში, საბჭოთა არმია - სამხრეთ აფრიკის შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდებოდა, ხოლო ჩილეში ჯერ კომუნისტ სალვადორ ალიენდეს გახელისუფლება, შემდეგ გენერალ პინოჩეტის გადატრიალება ორი ზესახელმწიფოს სპეცსასახურთა დაპირისპირების შედეგი იყო.

1956 წელს საბჭოთა არმიამ, იური ანდროპოვისა და მარშალ კონევის მეთაურობით, სისხლში ჩაახშო უნგრეთის ანტიკომუნისტური აჯანყება. ხოლო 1968 წელს, მოსკოვმა შედარებით უსისხლოდ, თუმცა მტკიცედ „მოახრჩო“ დემოკრატიული რეფორმაცია ჩეხეთ-სლოვაკეთში.

1979 წელს, მობერებული საბჭოთა დიქტატორის, ლეონიდ ბრეჟნევისა და „გერონტოკრატიად“ გადაგვარებული მისი უახლოესი გარემოცვის ბრძანებით, საბჭოთა არმია ავღანეთში შეიჭრა, რათა ამ ქვეყანაში ისლამისტი ფანატიკოსების  გამარჯვება არ დაეშვა. მოსკოვში ძალიან ეშინოდათ, რომ ისლამისტები სულ მალე საბჭოთა „შუა აზიას“ მიადგებოდნენ. მაგრამ ჯარის შეყვანაზე და უბადრუკი, უდღეური, საყოველთაო სიძულვილით მოცული კომუნისტური რეჟიმის დამყარებაზე უკეთესი, როგორც ყოველთვის, ვერაფერი მოიფიქრეს. მეორე თანამდევი მიზანი, ალბათ, ინდოეთის ოკეანესთან მიახლოების მრავალსაუკუნოვანი ოცნების აღსრულება იყო.

„ავღანურ ინტერვენციას“ მოჰყვა თითქმის 10 წლიანი სისხლისმღვრელი ომი, რომელსაც 15 000 საბჭოთა (მათ შორის ქართველი) მეომარი და მილიონზე მეტი ავღანელი შეეწირა. ამერიკამ გვარიანად იძია შური ვიეტნამისთვის, რაკი ანტისაოკუპაციო ძალებს, პაკისტანის მეშვეობით „სტინგერის“ საზენიტო რაკეტები და ხარისხიანი იარაღი მიაწოდა. 1988 წელს, საბჭოთა კავშირი ავღანეთში დამარცხდა და ჯარიც გამოიყვანა.

თუმცა მსოფლიოს „გაწითლების“ თითქოსდა შეუქცევადი პროცესის კრახი ცოტა უფრო ადრე დაიწყო: 1980 წელს აშშ პრეზიდენტად რონალდ რეიგანი აირჩიეს. მან კომუნიზმის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობა“ გამოაცხადა. მსოფლიო კვლავ აღმოჩნდა ბირთვული ომის წკიპზე 1983 წლის 1 სექტემბერს, როდესაც საბჭოთა მფრინავმა ამერიკელებით სავსე სამხრეთ კორეული სამგზავრო „ბოინგი“ ჩამოაგდო. მოსკოვი იხტიბარს თითქოს არ იტეხდა, მაგრამ  საბჭოთა ისტებლიშმენტი უკვე იღლებოდა გაუთავებელი კონფრონტაციით, ხოლო „საბჭოთა ხალხი“ - ტუალეტის ქაღალდისა და საპონის დეფიციტით.

1984 წელს, ამერიკული სადესანტო ქევდანაყოფები გადასხდნენ პატარა კუნძულ გრენადაზე, სადაც იქაური კომუნისტები პრომოსკოვური „წითელი“ რეჟიმის დამყარებას ცდილობდნენ. ამ თითქოსდა უმნიშვნელო ეპიზოდმა უდიდესი რეაქცია გამოიწვია მთელს მსოფლიოში, რადგან, შეიძლება ითქვას, პირველი პრეცედენტი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც კომუნიზმმა აშკარად უკან დაიხია - უფრო ზუსტად, აიძულეს უკან დაეხია და „მსოფლიოს გარდაუვალი გაწითლებაც“ ეჭვ ქვეშ დადგა. თანაც თვალსაჩინოდ.

საბჭოთა კავშირი ამზადებდა ათეულობით ათას შესანიშნავ ტანკს, ოღონდ არ შეეძლო ქალის ნორმალური ფეხსაცმელისა და მამაკაცის ქურთუკის შეკერვა

რონალდ რეიგანმა გამოაცხადა „სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივა“, რომელიც ახლო კოსმოსში ანტისარაკეტო ლაზერული სისტემების განლაგებას ისახავდა მიზნად. სპეციალისტთა აზრით, ეს პროგრამა, რეალური შედეგის თვალსაზრისით, იმთავითვე ილუზორული იყო, რადგან არ ითვალისწინებდა „ასიმეტრულ“ საპასუხო სამხედრო ტექნოლოგიათა განვითარების შესაძლებლობას. ამის მიუხედავად, სრულ მარაზმში აღმოჩენილი საბჭოთა გერონტოკრატია კვლავ წამოეგო  ანკესს და „გამალებული შეიარაღების“ მორიგ რაუნდში ჩაება.

არადა, მაშინ უკვე ე.წ. „სოციალისტურმა წარმოებამ“ სრული კრახი განიცადა: საბჭოთა კავშირი ამზადებდა ათეულობით ათას შესანიშნავ ტანკს, ოღონდ არ შეეძლო ქალის ნორმალური ფეხსაცმელისა და მამაკაცის ქურთუკის შეკერვა, რომლებიც ერთი თვის შემდეგ ნაკერზე არ გაიხეოდნენ; სოფლის მეურნეობა მხოლოდ ჯარის და ორი სამი ქალაქის (მოსკოვი, ლენინგრადი.....) ნორმალურ გამოკვებას თუ ახერხებდა. ვეებერთელა ქვეყანა, შეიძლება ითქვას, შიმშილმა მოიცვა: მოსკოვი პურს (ხორბალს) „მტერი ამერიკისგან“ ყიდულობდა!

კრახი უკვე გარდაუვალი ჩანდა. ამიტომ, ნაცვლად გლობალური დაპირისპირებისა, საბჭოთა ელიტებმა დაიწყეს ფიქრი ძირეულ გარდაქმნაზე, რაც ცივი ომის დასრულებას და გამოთავისუფლებული რესურსებით სრული შიდა კატასტროფის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.  ერთ-ერთი ასეთი გეგმა (შემდგომში Перестройка-დ წოდებული) КГБ-ს წიაღში შემუშავდა იური ანდროპოვის ხელმძღვანელობით.

ეს გეგმა (ვიმეორებ) მიზნად ისახავდა გლობალური დაპირისპირების დასრულებას, ფორმაციის შეცვლას, წარუმატებელ „სოციალისტურ პროექტზე“ უარის თქმას, დასაველთთან „დათბობას“, შესაბამისად, ევროპა-ამერიკისგან  ფინანსური მხარდაჭერის მიღებას, რესურსების კონცენტრაციას და ქვეყნის (საბჭოთა კავშირის ანუ „მოსკოვური სახელმწიფოს“) სრულ მოდერნიზაციას ახალ სოციალ-ეკონომიკურ საფუძველზე. ჯერ ლაპარაკი იყო „სოციალიზმზე ადამიანური სახით“, თუმცა ეს რეფორმა სულ მალე, ბორის ელცინის მმართველობისას,  გადაიზარდა ისეთ „ველურ კაპიტალიზმში“, როგორიც მაშინ უკვე ევროპა-ამერიკაში აღარც დაესიზმრებოდათ.

 

ახალი ეპოქა

 

საბჭოთა კავშირის ახალმა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა, რომელიც „მოსკოვური სახელმწიფოს“ მოდერნიზების იური ანდროპოვისეული გეგმის განსახორციელებლად მოიყვანეს ქვეყნის სათავეში, 1985 წლიდანვე დაიწყო „დათბობა“ დასაველთთან. რამდენჯერმე (ჯერ ჟენევაში, შემდეგ რეიკიავიკში) შეხვდა აშშ პრეზიდენტ რონალდ რეგიანს და მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრებს ხილული სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია, ძირეული შედეგი მაინც ის იყო, რომ მოსკოვი დაეთანხმა „გამალებული შეიარაღების“ შეწყვეტასა და ბირთვული იარაღის შემცირებას.

ოღონდ აქვე, ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ ატომური იარაღის სრული ელიმინაცია არ შედიოდა არც ამერიკის ინტერესებში: ვაშინგტონისათვის მთავარი იყო, აღმოეფხვრა საფრთხე, რომელსაც დასავლეთ ევროპას უქმნიდა „გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ განლაგებული 25 000 საბჭოთა ტანკი და ნახევარ მილიონზე მეტი სამხედრო. ასევე, ამერიკის პრიორიტეტი იყო, არ დაეშვა ისრაელის წინააღმდეგ რაიმე აგრესია მოსკოვის მხარდაჭერილი ახლო აღმოსავლური რეჟიმების მიერ. რეიგანმა ორივე ამოცანას წარმატებით გაართვა თავი და ისტორიაში შევიდა, როგორც „კომუნიზმის დამამხობელი“ - ერთ ერთი უდიდესი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. ოღონდ მისი ისტორიული გამარჯვება დიდწილად განაპირობა სსრკ შინაგანმა სისუსტემ, ეკონომიკურმა დავრდომილობამ, ელიტათა „მობერებამ“ და მთლიანობაში, დახავსებული, მოყირჭებული „სოციალისტური პროექტის“ სრულმა კრახმა.

1991 წელს, საბჭოთა კავშირმა თითქმის ღიად დაუჭირა მხარი აშშ და მისი მოკავშირეების სამხედრო ოპერაციას ერაყის წინააღმდეგ - სადამ ჰუსეინის მიერ დაპყრობილი ქუვეითის გასანთავისუფლებლად. ეს იმავე პოლიტიკის გაგრძელება იყო, რაც გორბაჩოვმა 1985 წლიდან დაიწყო.

ამასობაში, „გარდაქმნამ“, რომელსაც თითქოსდა ცხოვრება უნდა გაეუმჯობესებინა, უკუშედეგი გამოიღო: ეკონომიკური და სოციალური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა, იფეთქეს „ეთნოკონფლიქტებმა“ ჯერ ყარაბაღში, შემდეგ უზბეკეთში („მესხეთელ თურქთა“ ჟლეტა).....1989 წლის 9 აპრილს, სსრკ შინაგანმა ჯარმა, საბჭოთა არმიის სადესანტო ქვედანაყოფთა დახმარებით, სისხლში ჩაახშო მშვიდობიანი მიტინგი თბილისში - დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

თუ როგორი იყო მაშინ ამგვარი მოთხოვნებისადმი ამერიკის დამოკიდებულება, ნათელს ჰფენს სახელმწიფო დეპარტამენტის 1989 წლის 10 აპრილის მოკლე განცხადება, რომელშიც მან მოსკოვს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თბილისში მომიტინგეები....„სსრკ შემადგენლობაში მეტ ავტონომიას მოითხოვდნენ“ და არა დამოუკიდებლობას.

თვით ბალტის რესოპუბლიკების ეროვნული მოძრაობათა მიმართაც კი, რომელთა ინკორპორირება საბჭოთა იმპერიის შემადგენლოაბში, აშშ-ს და დასავლეთს არასდროს იფიციალურად არ უცვნია, დასავლურ დედაქალაქთა დამოკიდებულება ძალიან ფრთხილი იყო: აშკარად ეშინოდათ (არც თუ უსაფუძვლოდ), რომ იმპერია „კუდს მოიქნევდა“, გორბაჩოვი დამარცხდებოდა და ხელისუფლებას ისევ КГБ დაეპატრონებოდა.

სამაგიეროდ, დასავლეთი ბევრად აქტიური და თამამი იყო იქ, სადაც მოსკოვს ძველებური ბერკეტები აღარ გააჩნდა: აღმოსავლეთ ევროპას „ხავერდოვანი რევოლუციების“ ტალღამ გადაუარა: „პარღის გაზაფხულს“ მოჰყვა ანალოგიური პროცესები პოლონეთში, უნგრეთში და „ვარშავის ხელშეკრულების“ სხვა სახელმწიფოებში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა რეჟიმის შეცვლა უნგრეთში; იმიტომ, რომ როდესაც უნგრეთმა გახსნა საზღვარი ავსტრიასთან, ათიათასობით გერმანელი აღმოსავლეთ გერმანიიდან, სწორედ „უნგრული ფანჯრის“ გამოყენებით გაიქცა დასავლეთ გერმანიაში; 1989 წლის ნოემბერში ამას მოჰყვა „ბერლინის კედლის დაცემა“, ორ გერმანიას შორის საზღვრის მოშლა, ხოლო 1990 წლის ზაფხულში გერმანიის ფაქტობრივი და იურიდიული გაერთიანება.

ზოგიერთ კომუნისტურ ქვეყანაში (მაგალითად რუმინეთში), ადგილობრივმა დიქტატორმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ სცადა ისტორიის ბორბლის შეტრიალება, მაგრამ სასტიკად დაისაჯა აჯანყებული ხალხისა და „მომავლის“ მხარეს გადასული არმიის მიერ.

მოსკოვი ამ პროცესებს არათუ ხელს არ უშლიდა, არამედ ზოგიერთი ცნობით, ხელსაც კი უწყობდა, რათა დასავლეთის ნდობა დაემსახურებინა უმთავრეს საკითხში: შეენარჩუნებინა „მოსკოვური სახელმწიფოს“ მთლიანობა 1945 წლის საზღვრებში.

ის, რომ გავლენიანი დასავლური წრეები ამას  შინაგანად ეთანხმებოდნენ, დადასტურდა 1991 წელს, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ-ბუშ უფროსის ვიზიტისას კიევში, როდესაც მან ფაქტობრივად მოუწოდა ყველა მოკავშირე რესპუბლიკას, ბალტიის სამი ქვეყნის გარდა, ხელი მოეწერათ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისათვის და დარჩენილიყვნენ „მოდერნიზებული“, თუმცა ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლოაბში, რაკი ეს სახელმწიფო უკვე აღარ იქნებოდა კომუნისტური, -  დაეფუძნებოდა საბაზრო ეკონომიკას (ანუ დასავლურ ფინანსურ ინსტრუმენტთა მხრიდან კონტროლირებადი გახდებოდა), შესაბამისად აღარ იარსებებდა არათუ გლობალური, არამედ რეგიონული ომის საფრთხე და ევროატლანტიკური სამყაროც შვებით ამოისუნთქებდა.

ვგულისხმობ არა მხოლოდ „დინების აღმა“ მცურავ ზვიად გამსახურდიას (იმავე ბუშის შეფასებით), არამედ ორ ყველაზე მძლავრ, - უკრაინულ და ყაზახურ ელიტებს

ამ პროგრამას ხელი შეუშალა იმან, რომ ბევრი რესპუბლიკისათვის „მოსკოვური სახელმწიფოს“ მოდერნიზების ეს გეგმა და მით უმეტეს ამ „ახალ ფედრაციულ სახელმწიფოში“ ყოფილ ავტონომიებთან უფლებრივი გათანაბრება (რასაც ანდროპოვ-გორბაჩოვის გეგმა ითვალისწინებდა) კატეგორიულად მიუღებელი იყო.

ვგულისხმობ არა მხოლოდ „დინების აღმა“ მცურავ ზვიად გამსახურდიას (იმავე ბუშის შეფასებით), არამედ ორ ყველაზე მძლავრ, - უკრაინულ და ყაზახურ ელიტებს; ისინი „ჩუმი საბოტაჟის“ გზას დაადგნენ და საბოლოოდ ჩაშალეს კიდევ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, რასაც მოჰყვა 1991 წლის 19 აგვისტოს სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოსკოვში, პუტჩის სწრაფი მარცხი „ახალი რუსეთის“ ელიტებთან ბორის ელცინის ლიდერობით და საბჭოთა კავშირის დაშლა 1991 წლის დეკემბერში - „ბელოვეჟიეს“ შეთანხმების შესაბამისად.

იმავე წელს შეიქმნა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“, რომელიც მოსკოვს (უკვე ელცინის მოსკოვს) ჩაფიქრებული ჰქონდა, როგორც დერჟავული მოდერნიზაციის გაგრძელება პოსტსაბჭოურ სივრცეზე „ახალი რუსეთის“ ეკონომიკური და სამხედრო დომინანტობის გამოყენებთ, ხოლო ყოფილ „მოკავშირე რესპუბლიკებს“, - როგორც „მშვიდობიანი დაშლის“ ტექნოლოგია.

საბოლოოდ, თითქოს მეორე მიდგომა აღმოჩნდა უფრო შორსმჭვრეტელური, მაგრამ „იმპერიულმა ნოსტალგიამ“, ასევე მტკივნეულმა რეფორმებმა და „ველური კაპიტალიზმის“ გაბატონებამ წყალი შეუყენა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის პოლიტიკურ ლეგიტიმურობას, გააძლიერა „დერჟავაზე“ მეოცნებე მისი ოპოზიცია, რასაც დაემატა სრულიად „ბანდიტური“ პრივატიზება, ადამიანთა ანაბრების გაძარცვა და უსასტიკესი რეფორმები.

ბორის ელცინი ყველანაირად ცდილობდა მიეღო დასავლური დახმარება იმ ოდენობით, რაც ამ რეფორმების შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელებაში ხელს შეუწყობდა, მაგრამ ევროპასა და ამერიკაში ხვდებოდნენ, რომ პოსტსაბჭოური რუსული საზოგადოება „უძირო ქვევრია“, ამიტომაც ჯერ გორბაჩოვის, შემდეგ ელცინის მოთხოვნილი 100 მილიარდი დოლარი მოსკოვმა ვერ მიიო.

ელცინი ცდილობდა, ეკონომიკური გაჭირვებისა და სრული სოციალური კოლაფსის კომპენსირება მოეხდინა იმავე დერჟავულ გრძნობებზე თამაშით და „მოსკოვის მოკავშირეთა“ მხარდაჭერით სამეზობლოში: ამ პოლიტიკის ფარგლებში, სეპარატისტებმა დაამარცხეს აზერბაიჯანი ყარაბაღში, ხოლო საქართველო-აფხაზეთში. საქართველოში სამოქალაქო ომის, ქაოსისა და  ომში უსასტიკესი მარცხის  „წყალობით“, სულ მალე, რუსეთი მოგვევლინა „შუამავლად“ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში, სადაც განლაგდნენ მისი  ე.წ. „სამშვიდობო ძალები“.

რაც მთავარია, ბალკანეთზე იმ დროს გაჩაღებულ სისხლიან სასაკლაოში ჩაფლული დასავლეთი პოსტსაბჭოურ სივრცეზე განვითარებულ ამ პროცესებს უკვე აღიქვამდა, როგორც სრულიად ნორმალურსა და მისაღებს, რაკი მიიჩნევდა, რომ პოსტსაბჭოური სივრცე (ბალტიის გარდა) „მოსკოვის პრიორიტეტული პასუხისმგებლობის ზონაა“ და გარკვეულ ჩარჩოებში, სწორედ რუსეთს უნდა განეხორციელებინა იქ მშვიდობის დამყარების ფუნქცია. იმავე მიზეზით, დასავლეთმა, ფაქტიურად,  თვალი დახუჭა ჩეჩენი ხალხის ჟლეტაზე 1994-1996 წლებში.

ამის მიუხედავად, „იმპერიის დაკარგვის ტრავმა“ (ვიმეორებ) იმდენად მწვავე აღმოჩნდა, რომ მოსკოვმა პოლიტიკის „დაკორექტირების“ აუცილებლობა იგრძნო. ამის პირველი ნიშანი გახდა КГБ-ს უგამოცდილესი კადრის, „თბილისელი“ ევგენი პრიმაკოვის  გამწესება რუსეთის პრემიერ-მინისტრად 1998 წელს.

1999 წლის გაზაფხულზე, როდესაც ამერიკამ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, სერბიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ევგენი პრიმაკოვი დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონში მიფრინავდა, თუმცა თვითმფრინავი ჰაერში შემოატრიალა, რაც ნამდვილად იქცა რუსეთსა და დასავლეთს შორის ისტორიული შემოტრიალების საწყისად.

 

„ცივი მშვიდობა“

 

პერიოდს დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობებში ევგენი პრიმაკოვის ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრად (1996წ) შემდეგ პრემიერ-მინისტრად (1998წ) დანიშვნიდან - 2008 წლამდე, ერთი ამერიკელი პოლიტოლოგის ტერმინით, შეიძლება ეწოდოს „ცივი მშვიდობა“. ვითარება თანდათან იძაბებოდა მას შემდეგ, რაც NATO-ში მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები (უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი), შემდეგ ბალტიის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია ესტონეთი) რაც რუსეთისათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო.

NATO-ს გაფართოების მეორე ტალღა განხორციელდა სერბეთის დაბომბვისა და კოსოვოს დე-ფაქტო, შემდეგ კი დე-იურე დამოუკიდებლობის ფონზე, რაც რუსეთში ძალზე აგერსიულად  აღიქვეს, რაკი მრავალსაუკუნოვან ბალკანელ მოკავშირეს („ბრატუშკებს“) ვერ მიეხმარენ.

სწორედ ამ დროს, ყარაჩაელი ტერორისტები მოსკოვში აფეთქებენ საცხოვრებელ სახლებს და იმალებიან ჩეჩნეთში, შემდეგ კი საქართველოს პანკისის ხეობაში. „ძალოვანების“ ზეწოლით, რუსეთის  პრეზიდენტი ხდება КГБ-ს ყოფილი რეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. იგი იწყებს გამანადგურებელ სამხედრო ოპერაციას ჩეჩნეთში. ასევე უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას (პანკისის გამო). 1999 წლის სტამბულის სამიტზე, დასავლეთის ხელშეწყობით, საქართველო აღწევს შეთანხმებას ქვეყნიდან რუსული სამხედრო ბაზების ეტაპობრივი გაყვანის შესახებ.

ვლადიმერ პუტინი თანდათან ამკაცრებს რიტორიკას დასაველთის, ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართ. უკვე მაშინ, 2001-2002 წლებში, ცხადი ხდება, რომ იგი არ შეურიგდება პირველ რიგში უკრაინის გასვლას მოსკოვის გავლენის სფეროდან. და არც საქართველოს დაკარგვა იქნებოდა მისთვის მისაღები. მით უმეტეს „სამხრეთ კავკასიური დერეფნის“ იდეის გათვალისწინებით.

2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში და, განსაკუთრებით, 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუცია“ უკრაინაში, პუტინმა აღიქვა, როგორც დასავლეთის მცდელობა, საბოლოოდ დაესამარებინა პოსტსაბჭოურ სივრცეზე მოსკოვის გავლენის აღდგენისა და, შემდგომ ეტაპზე, „ერთიანი მოსკოვური დერჟავის“ აღორძინების გეგმები; პუტინის გეგებით, ეს ყოველივე იყო დასავლურ სპეცსამსახურთა „გეოპოლიტიკური ინჟინერიის“ გამოვლინება - ისევ და ისევ რუსეთის დასასუსტებლად და დასამხობად. მისთვის „წითელი ნაჭრის“ ფუნქცია შეასრულა 2007 წელს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტთა ერთობლივმა მიმართვამ NATO-სადმი MAP-ის მოთხოვნით, რასაც დასავლეთი, მთლიანობაში, კეთილგანწყობით შეხვდა.

ეს პროცესები ვითარდებოდა იმ ფონზე, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ნავთობზე ფასი ბარელზე 100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამან პუტინს საშუალება მისცა, არა მხოლოდ მრავალწლიანი სოციალური პრობლემები შეერბილებინა, საგარეო ვალები გაესტუმრებინა, არამედ დაეწყო რესურსებიოს ხარჯვა არმიის გასაძლიერებლად, ყოფილ მოკავშირე რესოპუბლიკებში (მათ შორის უკრაინაში) პოზიციათა განსამტკიცებლად, მოსკოვის გავლენის კვლავ აღსადგენად.

უტინმა წარმოთქვა ზეაგრესიული სიტყვა, რომელშიც პირდაპირ გააფრთხილა დასავლეთი, რომ რუსეთი მზადაა უკვე ყველაფერზე წავიდეს, მათ შორის სამხედრო დაპირისპირებაზეც, თუ აშშ და ევროპა არ აღიარებენ მის პრიორიტეტს პოსტსაბჭოურ სივრცეზე

2006-2007 წლისათვის მან შეძლო მთლიანად გაენადგურებინა ჩეჩნური სეპარატიზმი, ასევე მოახერხა დაემყარებინა სრული კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე, სადაც არ დარჩა მისგან დამოუკიდებელი მედია: ოდესღაც მრავლისშემძლე მილიარდერები, ბორის ბერეზოვსკი და ვლადიმერ გუსინსკი, რუსეთიდან გაიქცნენ. ბადრი პატარკაციშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს შეაფარეს თავი. სხვები კი კრემლის ყურმოჭრილ მონებად იქცნენ.

2007 წლის 10 თებერვალს, მიუნჰენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინმა წარმოთქვა ზეაგრესიული სიტყვა, რომელშიც პირდაპირ გააფრთხილა დასავლეთი, რომ რუსეთი მზადაა უკვე ყველაფერზე წავიდეს, მათ შორის სამხედრო დაპირისპირებაზეც, თუ აშშ და ევროპა არ აღიარებენ მის პრიორიტეტს პოსტსაბჭოურ სივრცეზე და კვლავ განაგძობენ ამ სივრცის ქვეყნების, მათ შორის პირველ რიგში უკრაინისა და საქართველოს „გადმოწევას“ დასავლური ცივილიზაციის სფეროში.

„მიუნჰენის სფიჩს“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა სერბეთის პრობლემა გადაწყვიტა, სერბი დიქტატორი მილოშევიჩი ჰააგაში გაასამართლა, რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე შეთანხმებებს მიაღწია, ხოლო რუსეთის ეკონომიკური ბაზისი, კომუნისტური ეპოქისაგან განსხვავებით, „კაპიტალისტურად დაიმსგავსა“, როგორც სჩანს, დასავლურ დედაქალაქებში კარგად ვერც მიხვდნენ რას გულისხმობდა პუტინი ან რა უნდა ეღონათ, თუკი, მაგალითად უკრაინას პრეზიდენტ იუშჩენკოს დროს, სურდა დასავლეთთან დაახლოება - უარი ეთქვათ კიევის ინიციატივებზე? და ამით ეჭვ ქვეშ დაეყენებინათ დასავლური ცივილიზაციის საფუძველი - თავისუფალი არჩევანის უფლება და ირიბად დაედასტურებინათ მოსკოვის პრიორიტეტი, რაც ადრე თუ გვიან ისევ „ერთიანი დერჟავის“ აღორძინებით დასრულდებოდა?

განსაკუთრებით გამანადგურებელი პრეცედენტი გამოდგა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის დაჟინებით,  რისი არანაირი აუცილებლობა (მაგალითად გენოციდის თავიდან ასაცილებლად) მაშინ უკვე არ არსებობდა. ამით შეიქმნა პრეცედენტი, რომელიც პუტინმა ოსტატურად გამოიყენა მთელი იალტა-პოტსდამისა და ჰელსინკის, ასევე ცივი ომის დასრულების შემდგომი ევროპული წესრიგის დასანგრევად.

 

„ცხელი მშვიდობა“

 

2007 წლის დეკემბერში, დიდ პრეს-კონფერენციაზე, პუტინმა განაცხადა: „კოსოვოს აღიარების პასუხად, ჩვენ მაიმუნურ მიმბაძველობას როდი ვაპირებთ: გვაქვს ჩვენებური საშინაო გეგმები და ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ“.

პირველ რიგში, რასაკვირველია საქართველოს გულისხმობდა. მაშინ რუსეთის გენერალურ შტაბში უკვე მზად იყო გეგმა, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ოს სეპარატისტთა დახმარებით და მათი პროვოცირებით:

7 აგვისტოს ქართული სოფლების დაბომბვას ოსური დაჯგუფებების მიერ მოჰყვა ქართული ჯარის შეტევა ცხინვალზე, რუსული არმიის შემოჭრა ცხინვალის რეგიონში, ასევე დასავლეთ საქართველოში და ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაცია, შემდეგ კი მათი დამოუკიდებლობის აღიარება მოსკოვის მხრიდან.

ყველაფერთან ერთად, ეს იყო დასავლეთის გამოცდა - თუ როგორ ირეაგირებდა ევრო-ატლანტიკური გაერთიანება მოსკოვის მხრიდან მეზობელი ქვეყნის დანაწევრების პირველ პრეცედენტზე სამხედრო ძალის გამოყენებით. სამწუხაროდ, იმდროინდელი დასავლელი ლიდერები ან ვერ მიხვდნენ, რამდენად გამანადგურებელი იქნებოდა მსოფლიო წესრიგისათვის ამგვარი პრეცედენტის „გატარება“, ან უბრალოდ ვერ იპოვეს რესურსები საპასუხოდ.

ამიტომ, „სახის შესანარჩუნებლად“, არაოფიციალურად, თუმცა საკმაოდ მკაფიოდ (მაგალითად ე.წ. „ტალიავინის დასკვნა“) შეძელება ითქვას, თითქმის „გაუპრავეს“ მოსკოვს მისი მოქმედება საქართველოში, რაკი „რატომღაც“ ეგონათ, რომ პუტინი ამ ნიშნულზე შეჩერდებოდა და აგრესიას არ გააგრძელებდა.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, „რაღაც საქართველოს“ გამო გლობალური დაპირისპირების წამოწყება არ ეპიტნავებოდათ.

ამასობაში, მოსკოვი განაგრძობდა გეოპოლიტიკურ თამაშს, უახლოვდებოდა ჩინეთს, გადასცემდა მას სარაკეტო სამხედრო ტექნოლოგიებს, ფარულად ეხმარებოდა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის შექმნაში, საბოლოოდ გამოვიდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების საერთო-ევროპული შეთანხმებიდან და ამ ფონზე ემზადებოდა შემდგომი მტაცებლური ნახტომისთვის პოსტსაბჭოურ სივრცეზე.  

2008 წლის პრეცედენტის „გატარება“ სულ მალე ძალიან ძვირად დაუჯდა დასავლეთს: 2013 წელს, მოსკოვმა აიძულა უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი უარი ეთქვა ევროასოცირების ხელმოწერაზე, შემდეგ კი ისარგებლა კიევში არეულობით, რათა მიეტაცებინა ყირიმი, რომელიც რუსეთის ნაწილად აქცია. 

ანუ, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთმა სახელმწიფომ მიიერთა მეორე სახელმწიფოს ტერიტორია და....არაფერი! რაიმე განსაკუთრებული სანქციები ამას არ მოჰყოლია.

ყირიმი(ც) „გააატრეს“ და რაკი ისიც „გაატარეს“, მიიღეს დონბასი: რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა რაზმებმა, რუსული არმიის ფარული, ზოგჯერ კი დაუფარავი მხარდაჭერით, დაიპყრეს დონეცკი, ასევე ინდუსტრიული აღმოსავლეთ უკრაინის  მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ყველაზე მძლავრი საწარმოებია განლაგებული, რომლებიც თავის  დროზე სსრკ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საძირკველს ქმნიდნენ.

ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, როგორც დასავლეთ-რუსეთის „ცხელი მშვიდობის“ ნაწილი, დღემდე გრძელდება და ბოლო არ უჩანს, რადგან დასავლეთი კვლავ „სტატუს-ქვოს“ როგორმე შენარჩუნების პოლიტიკას არჩევს, ოღონდ  ხშირად ამასაც ვერ ახერხებს.

უკრაინაში რომ „გაუვიდა“ და მშვიდობიანი მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებასაც კი ბევრი არაფერი მოჰყვა, პუტინი „გადაერთო“ ახლო აღმოსავლეთზე, - მხარი დაუჭირა სირიის დიქტატორ ბაშარ ალ ასადს, მხოლოდ საჰარეო ძალების გამოყენებით (ისე, რომ მასშტაბურ სახმელეთო ბრძოლებში ჩარევა არც დასჭირვებია) გაანადგურა მისი მოწინააღმდეგენი, ბოლოს კი ითამაშა ამერიკა-თურქეთის წინააღმდეგობაზე და ქურთებით დასახლებული რეგიონის კონტროლს მიაღწია - თითქმის თურქეთის საზღვრამდე.

მოსკოვის გეოპოლიტიკური ექსპანსიის გაძლიერება ასევე გამოიხატა Cyber-ომით დასავლეთის წინააღმდეგ. ეს შეტევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საომარი აგრესია საქართველოში, უკრაინაში და სირიაში, რადგან უკვე ნამდვილად არყევს დასავლური ცივილიზაციის საფუძვლებს. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ რეალურად არსებული პრობლემების გამოყენებით და მათზე დაყრდნობით (!) აქტიური  ჩარევა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, კატალონური სეპარატიზმის გაძლიერება, „ბრექსიტი“ ბრიტანეთში, „ყვითელი ჟილეტების მოძრაობა“ საფრანგეთში, პოპულისტური და რადიკალურად მემარცხენე,  ასევე რადიკალურად მემარჯვენე ძალთა გაძლიერება ევროპაში, რასობრივი დაპირისპირების პროვოცირება ამერიკაში და ა.შ. და ა.შ.

ისწრაფვის „მხოლოდ“ პოსტსაბჭოურ სივრცეზე „მოსკოვური სახელმწიფოს“ მთლიანი ან ნაწილობრივი აღდგენისკენ 1945 წლის საზღვრებში, ყევლა სხვა საკითხზე მზად არის კომპრომისისათვის

სწორედ  უახლოესი წარსულისა და დღევანდელი  რეალობის გათვალისწინებით თუ შევეცდებით გავცეთ პასუხი სათაურში გამოტანილ კითხვას: „იქნება თუ არა მესამე (ბირთვული) მსოფლიო ომი?“, დასკვნა არც ისე რთული „გამოსაყვანია“ პარადიგმაში რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს, დასავლეთის რეალურ რესურსებსა და  მიმდინარე, უკვე საკმაოდ მყარ და ერთი შეხედვით შეუქცევად  ტენდენციებს შორის:

მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, რადგან „ცივი მშვიდობისა“ და „ცხელი მშვიდობის“ არსთა გათვალისწინებით, მით უმეტეს განსხვავებით „ცივი ომისაგან“, დასავლეთი ხედავს, რომ მოსკოვი აღარ აპირებს დასავლური ცივილიზაციის სრულ განადგურებას, არ უქმნის მას ეგზისტენციურ საფრთხეს ალტერნატიული ფორმაციის (კომუნიზმისა და კომუნისტური იდეოლოგიის) ჩამოყალიბებით, ისწრაფვის „მხოლოდ“ პოსტსაბჭოურ სივრცეზე „მოსკოვური სახელმწიფოს“ მთლიანი ან ნაწილობრივი აღდგენისკენ 1945 წლის საზღვრებში, ყევლა სხვა საკითხზე მზად არის კომპრომისისათვის, „კომუნისტური რუსეთისაგან“ განსხვავებით, არ გეგმავს ევროპის სიღრმეში ექსპანსიის გაგრძელებას ამ ამოცანის შესრულების შემდეგ, ანუ არ აპირებს იმ „წითელი ხაზის“ გადალახვას, რაც ბალტია-პოლონეთ-უნგრეთ-რუმინეთის საზღვრებთან გადის, პირდაპირ არ ემუქრება ისრაელს და მზად არის შეამციროს დაძაბულობა, უკან დაიხიოს ან შეარბილოს ყოფნა იმავე ახლო აღმოსავლეთში, ხელი შეუწყოს კორეის დენუკლიარიზებას, ირანის შემდგომ დასუსტებას და ევრო-ატლანტიკის რყევის  ამჟამინდელ ტექნოლოგიებზე უარის თქმით......ოღონდ (!!!) მხოლოდ იმ პირობით, თუ დასავლეთი კვლავაც თვალს დახუჭავს მთავარ ტენდენციაზე: საშუალოვადიან პერსპექტივაში კრემლის დომინირება პოსტსაბჭოურ სივრცეზე, შემდეგ კი, გრძელვადიან ისტოროულ პერსპექტივაში, თუნდაც 50-100 წლის მანძილზე, „მოსკოვური სახელმწიფოს“ აღგენა, მცირე (ბალტიური კორექტირებით) 1945 წლის საზღვრებში!

ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც პუტინი ჩვენს თვალწინ უყრის საფუძველს; ხოლო მისი მთავარი იდეა ისაა, რომ ამ „ზღვარზე“ დასავლეთი ბირთვულ ომს, რუსეთთან, ნამდვილად არ დაიწყებს.

 


 

 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი