852
01 აპრილი 2020, 17:17
„ხელისუფლება პასუხისმგებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეების სასარგებლოდ გაღებული თითოეული თეთრი მაქსიმალურად რაციონალურად დაიხარჯება - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 2 მილიარდში იგულისხმება, როგორც ის დახმარება, რომელიც გაიცემა ეკონომიკის და შესაბამისი სუბიექტების სტიმულირებისთვის, ისე სოციალური პაკეტი, რომელიც განისაზღვრება მთავრობის მიერ მოქალაქეების დასახმარებლად.
რაც შეეხება იმას, თუ ბიზნესის რომელი სფეროები უნდა ელოდნენ დახმარებას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე.
„აქაც ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე. დღესაც ვიცით უკვე გარკვეული სფეროები, სადაც უფრო მეტად გაუჭირდებათ ეკონომიკურ სუბიექტებს, ეს არის მაგალითად ტურიზმის სექტორი. ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერებულია, შესაბამისად, უკვე ვიცით რომ ეკონომიკური პრობლემები ექნებათ, თუმცა სხვა სფეროებშიც ველოდებით ეკონომიკურ გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში გვექნება სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ინფორმაცია გვექნება კონკრეტული სფეროების და კომპანიების დონეზე. შესაბამისად, მცირე დროში უკვე გვექნება პრობლემის ზედმიწევნით, დეტალურად იდენტიფიცირების საშუალება და ამის მიხედვით გადანაწილდება 2 მილიარდი ლარი შესაბამის სუბიექტებზე და ჩვენს მოქალაქეებზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, 2 მილიარდი ლარის მობილიზება ბიუჯეტიდან დაზოგილი ხარჯებიდან მოხდა.
„ ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, ბევრი მიმართულებით იზოგება ხარჯები, მათ შორის ბიუროკრატიული ხარჯები, რომელიც ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში, სხვადასხვა მიმართულებით გვექნება დანაზოგი და ეს ყველაფერი გვაძლევს 2 მილიარდი ლარის აკუმულირების საშუალებას. თუმცა, გრძელდება მუშაობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, იმისათვის, რომ მოხდეს დამატებით რესურსების მობილიზება. ჩვენ ჯერ ვაკვირდებით მოვლენებს, ვნახოთ რამდენ ხანს გასტანს ეს ვითარება, ამის მიხედვით, თანდათანობით გამოიკვეთება სურათი. მთავრობა, ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიში მუშაობს იმისათვის, რომ დამატებითი სახსრების მობილიზება მოხდეს, რათა მინიმალურად გაურთულდეს სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს მოქალაქეებს და კომპანიებს. ამაში ჩართულია მთელი ხელისუფლება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის მთავრობის საქმე, თუმცა საქმეში ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელია ჩართული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ მიმართულებით კონკრეტული შეღავათები უკვე დაწესდა ეკონომიკური სუბიექტების სასარგებლოდ, თუმცა, მოვლენათა განვითარების მიხედვით, შეიძლება დამატებითი ზომები იქნეს მიღებული.
„მთავარია არც ერთი თეთრი არ დაიხარჯოს ირაციონალურად დ არამიზნობრივად. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. გარკვეული მიმართულებით დაანგარიშებას სჭირდება მცირე დრო, და ჩვენ შესაბამისად, მაქსიმალურად თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს ანუ, ზუსტად დავადგენთ, თუ სად არის პრობლემა და ზუსტი გაანგარიშების საფუძველზე გვექნება ყველა მიმართულებით წერტილოვანი და მიზანმიმართული ჩარევა. ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა და ეს მოგვცემს საშუალებას, – ერთი მხრივ, არც ერთი თეთრი არ დავხარჯოთ არამიზნობრივად და მეორე, რომ თითოეული ჩვენი ინტერვენცია, თითოეული ჩარევა, დახმარება იყოს მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული და უზრუნველყოს შედეგის მიღწევა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |