1120
25 მარტი 2020, 17:50
კარანტინის მესამე დღეა. ეს დღეები ისე ჰგავს ერთმანეთს...
დისტანციურ მუშაობის რეჟიმში ვარ და ხან სამსახურის საქმეში ვარ ჩართული ხან, საზოგადოებრივში, ჩემთვის ამ დროს ორივე მნიშვნელოვანია. მართალია, სულ საქმეში ვარ, მაგრამ სახლში ყოფნა და ფიზიკური უმოქმედობა ასეთ დროს ჩემთვის რთული ასატანია, მაგრამ ვერ დავარღვევ კარანტინის რეჟიმს.
სოფელშიც ყველა სახლშია, აქ ახლა უჩვეულო სიწყნარეა. სოფლის ბირჟებს ვერ ნახავ, არავინ გამოდის გრეთ, სახლებიდან საუბარი ისმის, მაგრამ ქუჩები ცარიელია.
ის კი არადა, ჩვენი კულტურის ნაწილი ჩაიხანებიც კი დაკეტილია და კაცები სახლში არიან, არადა, მათთვის როგორ რთულია ჩაიხანების გარეშ ცხოვრება, ჩაიხანა მათთვის საინფორმაციო საშუალებაა - ინფორმაციის გავრცელება-მიღების, გართობის ადგილია, აზერბაიჯანელი კაცების „სამყაროა“. ჩვენს ჩაიხანებში მარტო კაცები დადიან, ეს მათი ზონაა. ჩაის სვამენ, ნარდს თამაშობენ, საუბრობენ... დილით ჩაიხანით იწყება მათი ცხოვრება, მერე სადილზე სახლში მიდიან, ამ დროს ჩაიხანები ცარიელია, სადილის მერე დასვენება. 4-5 საათისთვის ისევ ჩაიხანა გვიანობამდე და ასე ყოველ დღე.
ჩვენთან ქალებს ბევრი უფლებები არ აქვთ და მათ შორის ჩაიხანებში შესვლის უფლებაც არ აქვთ. მე გამონაკლისი ვარ - ყველა სოფლის ჩაიხანაში ვარ ნამყოფი, ასეულობით ტრენინგი მაქვს იქ ჩატარებული.
ჩემ თემში გადაწყვეტილების მიმღები კაცია, ამიტომაც, დავდიოდით ჩაიხანებში და მათ ვესაუბრებოდით ნაადრევი და იძულებითი ქორწინების მავნე პრაქტიკაზე, ქალთა წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის დაუშვებლობაზე, თავისუფალ არჩევანზე, საარჩევნო კანონმდებლობასა და სარჩევნო ძალადობაზე... ვაცნობდით სანქციებს, რომლითაც ისჯება ყველა სახის ძალადობა. როცა პირველად დაგვინახეს ჩაიხანაში გაუკვირდათ, მაგრამ სტუმრის პატივისცემის გამო პირიქით, დაგვეხმარნენ კიდეც. „აი, აი, რა დრო მოვიდა, ქალი ჩაიხანაში ვის გაუგიაო“, - თავიდან ასე ამბობდნენ, მაგრამ მერე შეგვეჩვივნენ და პირიქით, გვცნობდნენ და სიხარულითაც გვხვდებოდნენ და გვისმენდნენ, განსაკუთრებით, ხანშიშესულები.
სხვა ამბავის მოყოლა დავიწყე, მაგრამ უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ჩაიხანა ჩემი თემის კაცებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია და ახლა ყველა დაკეტილია და დღეს კაცები სახლში სხედან. დღეს დავინახე, მეზობლის კაცი ქალს ეხმარებოდა - გაახსენდა, რომ სახლში საქმის გაკეთება მისი საქმეცაა და არა მარტო ქალის. კარანტინმა ერთი კარგი საქმე გააკეთა - კაცები სახლში დააბრუნა.
კარანტინის დღე მეორე
მთელი დღე ძალიან სტრესში ვიყავი, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ქსენოფობიურ კომენტარებია, ეს თითქმის ფაშიზმია - „უნდა მოვკლათ ყველა აზერბაიჯანელი, არ დაეხმაროთ ამ ხალხს, ამის ღირსები არიან, ნაბიჭვრები, არც იციან ქართული, გაათრიეთ ყველანი აქედან“. შოკში ვარ, ვერანაირად ვერ ვიკავებ თავს და მეც ვწერ სოციალურ ქსელში, რომ თავი შევიკავოთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ერთმანეთს, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოცაა, რომ ეს ჩვენი ქვეყანაცაა, ჩვენ ერთად ძლიერი ვიქნებით. უფლებების დამცველ ორგანიზაციებსაც მივმართე სოციალური ქსელიდან.
ჩემი ყოფილი თანამშრომელი მირეკავს და მაწყნარებს, ესმის ჩემი აღელვება, მეუბნება, მეც ქართველი ვარ და შენთან ვარო.
პირბადეები შევკერე, მარნეულში არსად იყიდება, არც არავინ გვაძლევს. მშვენიერი პირბადი გავაკეთე. მიხარია...
ძალიან ბევრი მირეკავს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ჩემი თბილისელი მეგობრებიც მოტივაციას მაძლევენ. სოციალური ქსელში ბევრი დროს ვატარებ, გარეთ ვერ გავდივარ და ყველა პროცესს ინტერეტის საშუალებით ვადევნებ თვალს.
ყველა თავისი სოფლის სურათებს აზიარებს, ქუჩები ყველგან ცარიელი, ხალხი სახლშია, ეს კარგია!
ჩემს სოფელში ნაგვის ურნები მოიპარეს, მოსახლეობა ამბობს, რომ თვითონ კომუნალური სამსახურის თანამშრომელმა მოიპარა, ნეტა ამ რთულ დღეებში ვის რად უნდა ნაგვის ურნა, ან სად უნდა წაიღოს.
ამასობაში ყველა სოფლიდან სოციალურ ქსელში წერენ, რომ წყალი არ გვაქვს, როგორ დავიბანოთ ხელები? არადა, ჰიგიენა დაიცავითო...
ჩვენთან ყველა ექიმის დახმარების მოლოდინშია. ჩვენს სოფელში ჯერ არავინ მოსულა, არავის შევუმოწმებივართ. ამას მე თავად ვაკეთებ.
ახლაც სიცხე გავიზომე. არ მაქვს.
სტუმრად ბიძა მოვიდა, პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ფიქრობს, რომ ეს კორონავირუსი პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომ ამით მოკლავენ ადამიანებს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები და რაც შემიძლია გასაგებ ენაზე ავუხსნა, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია, ვუხსნი რა არის კორონავირუსი, როგორ უნდა დაიცვას თავი და დაიცვას ჰიგიენა.
ღამეა, 2 საათია, არ მეძინება, ვფიქრობ, როგორ შეიცვალა ყველაფერი - თავდაყირა დადგა. ჩემს სოფელში - ალგეთში, თითქოს ყველაფერი იგივეა, მაგრამ შეცვლილი, შეიცვალა რიტმი, ცხოვრების წესი. მოლოდინში ვხოვრობთ, ველოდებით რა იქნება ხვალ
ხვალ უკეთესი დღის იმედით ვიძინებ
პირველი დღე ზუსტად ღამის პირველ საათზე დაიწყო...
გამიხარდა, რომ მეტად დაცული ვიქნები.
დილით, სანამ 5 საათზე დავიძინე, სრული დღის გეგმა მქონდა, რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე.
დილა იწყება სახლში... სამსახური არა, ავტობუსის ლოდინი არა, სამსახურში დაგვიანების შიში არა, ავტობუსში ჩხუბი არა...
ყველა ჰიგიენური წესების დაცვის შემდეგ სახლში კარგი და წესიერი საუზმით დაიწყო კარანტინში ჩემი პირველი დღე, თანაც, სახლში გამოკეტვის დღეებში ჩემი ხელით მომზადებული პახლავითაც ვისიამოვნე (ეროვნული აზერბაიჯანული ნამცხვარი)
დედაჩემი თავისი ამბებშია, ორი დღის წინ საინფორმაციო წყარო „მეგობრებისგან“ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როცა დაქალებმა გადაწყვიტეს, რომ მარნეული საკარანტინო ზონად გამოცხადდებოდა და გარეთ გასვლაც შეიზღუდებოდა. ასე რომ, ჩვენთან ეს ინფორმაცია ოფიციალურ გამოცხადებამდე 2 დღით ადრეც იცოდნენ... ამიტომ, როცა მართლა გამოცხადდა დედაჩემისთვის თქმას აზრი არ ჰქონდა, დამცინებდა - შენ „მაგარი გოგო“ ახლა გაიგე, მე როდის ვამბობდიო, მეტყოდა.
მამაჩემი კი პანიკაშია, თავისი გასაკეთებელი საქმეც მალე უნდა დაამთავროს და ეგრევე ქალაქში წავიდეს, „მაღაზიაში დარჩა რამე ნეტა“ ნერვიულობს. მესმის ამ ხალხის, 1990-იან წლებში იგივე დღეები გატარებული აქვთ და შიშიც იქიდან მოდის. ისედაც, მამაჩემისთვის მთავარია, ადამიანს საკმარისი საკვები ჰქონდეს. მე დიეტას რომ ვიწყებ, მამაჩემი დეპრესიაშია. ჩემი რეჟიმი ისეთი არეულია, რომ დიეტასა ხშირად ვარღვევ და სულ ვჭამ და ვჭამ. ამ დროს მამაჩემის თვალები უფრიალებს, ანუ აღფრთოვანებისგან უფართოვდება. სრულად ბედნიერი ხდება და მშვიდად იძინებს. ეჰ, ჩემი საცოდავი დიეტები.
სახლში წყალი არ გვაქვს, ჩვენთან სასმელი წყალი არ არის, ვყიდულობთ ხოლმე, ახლა, რადგან საკარანტინო ზონაში ვართ წყალს ვინც ყიდის, არ მოდის. ასე რომ, უწევს ქალაქში წასვლა და წყლის ყიდვა. როცა სახლში დაბრუნდა, წყლის გარდა, საპონი, მაკარონი და მარილი, რატომღაც დიდი რაოდენობის მარილი იყიდა, მოიტანა.
ჩემი ძმამ კარანტინის პირველი დღე ლოგინში გაატარა, სხვა დღეებში უნივერსიტეტიდან, რომ ბრუნდება ეგრევე ჩაიხანაში გარბოდა, ახლა მთელი დღე წევს, ეს ჩვენთვის შოკია.
ჩემზეც მინდა დავწერო. დისტანციურად ვმუშაობ, მაქსიმალურად ვცდილობ აზერბაიჯანულად და ქართულად ინფორმაციის გავრცელებას ამ ვირუსის შესახებ. მთელი დღე, ინტერვიუ, კითხვა- პასუხი, კრიტიკა, რეკომენდაცია და ა.შ. სხვა დროს სახლში ვერ გავჩერდებოდი, გარეთ გავიდოდი და ხალხს ჩამოვუვლიდი, გავესაუბრებოდი. ვაიძულებ ჩემ თავს ამ რეჟიმს მიეჩვიოს, ჩემთვის ერთ ადგილზე საათობით ჯდომა სასჯელია მით უმეტეს სახლში, მაგრამ პირბადეები არ მაქვს, არც ხელთათმანი, ძლივს 10 გრამი სპირტი ვიპოვე და მინდა ეკონომიკურად ვიხმარო, ამიტომ ოთახიდან ვერ გავდივარ.
ჩემი სახლში ყოფნა მთელი ოჯახს უხარია, ნათესავებსაც კი. პროფესიის, სწავლის, მოგზაურობის გამო სულ გარეთ ვარ, გვიან მოვდივარ და მაშინაც ჩემ ოთახში შევდივარ, წიგნის ვკითხულობ ან სხვა რამეს ვაკეთებ.
კარანტინის პირველ დღეს ბიძაჩემი მოვიდა ჩემს სანახავად. ის 85 წლისაა, დავინახე თუ არა, კორონას საფრთხე აინთო ჩემ თვალებში, მაგრამ რომ არ შევაშინო ხუმრობით ვეუბნები: „მოდით, სპირტი მაქვს და დავიცვათ თავი“. ბიძაჩემს ჩემი სჯერა, ამაყობს ჩემით და გაზეთებშიც სულ კითხულობს ჩემ სტატიებს. ამიტომაც, იოლად დამემორჩილა.
ოჰ, რაღაცა კარგი სუნი მოდის სამზარეულოდან. მივდივარ სადილზე. მაინც სახლში მომზადებული საჭმელს სხვა მუღამი აქვს. ცოტა გვიან შევდივარ, რადგან სტუმარი გვყავს, ველოდები წავიდეს და მერე შევალ, დისტანცია მინდა ხალხთან.
კარგად მივირთვი. თუმცა, დედაჩემი სადღაც წასულია, ვერ ვაკავებთ ამ ქალს სახლში. რაღაცას რომ ვეტყვით, მაშინვე ამბავს ტეხავს: რა არის ეს, ვინები ხართ, ნუ შეზღუდეთ ჩემს თავისუფლებასო. საუბარი უყვარს და ლაპარაკის თავისი ნორმა უნდა შეასრულოს. ზოგჯერ მე მიწევს ხოლმე სუფრის გაშლა, ოთახის დალაგება და ჭურჭლის დარეცხვაც კი.
კარანტინის პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა. მიჭირს ასეთ დროს სახლში გამოკეტვა, მაგრამ ვემორჩილები წესებს, როდემდე არ ვიცი. მინდა, ხალხს ვუთხრა, რა არის კორონავირუსი, როგორ დაიცვან ჰიგიენა, როგორ გაუფრთხილდნენ თავს…
ჩემი სოფელი ალგეთია, მარნეულთან ახლოსაა, ხალხი არ არის შეშინებული, პირიქით. მაგრამ წესს იცავენ, სახლიდან არ გამოდიან ბირჟაზეც არ დგებიან. სოფელი ცარიელია, სახლებიდან ხმები ისმის, მაგრამ გარეთ არ გამოდიან
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |