იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა უმაყურებლოდ ჩაივლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
851 18 მარტი 2020, 00:38

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გეგმისამებრ ფუკუშიმადან დაიწყება, მაგრამ კორონავირუსით შექმნილი ვითარების გამო შეზღუდვები დაუწესდათ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთ.

კერძოდ, მაყურებელს ესტაფეტისთვის თვალყურის მიდევნება შეეძლება გზის მიმდებარე მონაკვეთიდან, მაგრამ დამსწრეთა დიდი რაოდენობით თავშეყრის შემთხვევაში, ესტაფეტის მარშრუტი შეიცვლება. გარდა ამისა, მაყურებლის გარეშე ჩაივლის ცეცხლის იაპონიაში ჩასვლის ცერემონია.

„ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გათვალისწინებით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ფუკუშიმადან მაყურებლის გარეშე აიღებს სტარტს. ასევე გაუქმდება თანმხლები კულტურული ღონისძიებები. გვინდა უზრუნველვყოთ ღონისძიების უსაფრთხოება და ქვეყნის მასშტაბით, ქალაქიდან ქალაქისთვის ცეცხლის გადაცემა,” - განაცხადა ტოკიო-2020-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ტოშირო მუტომ.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დაიწყო 12 მარტს ოლიმპიაში, მაგრამ მომდევნო დღეს საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ქვეყნის ტერიტორიაზე ესტაფეტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, 19 მარტს, ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ტოკიო-2020-ის მასპინძლებისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია შედგება.

ცეცხლს 20 მარტს საგანგებო რეისით ჩაიტანენ იაპონიაში. ესტაფეტა  26 მარტს ფუკუშიმას პრეფექტურიდან დაიწყება და 121 დღეს გაგრძელდება. ოლიმპიური ცეცხლი ეწვევა ქვეყნის ყველა 47 პრეფექტურას და დასრულდება 24 ივლისს ტოკიოში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი