1035
20 მარტი 2023, 15:39
ამერიკაში, კალიფორნიაში, მსოფლიო-ფინანსური `ცუნამის` წინათგრძნობა სუფევს.
ამ დიდებული შტატის „გულში“, ე.წ. „სილიკონის ველზე“, სადაც ძალიან ხშირია სტიქიური უბედურებები, მიწისძვრები და ა.შ, დიდი ხანია ამგვარი შფოთი არ ყოფილა: უკრაინის საზარელი ომიც კი არ იწვევს ამ სამოთხეში ისეთ საშინელ მოლოდინს, როგორც რეგიონისა და მთელი კალიფორნიის უდიდესი Silicon Valley Bank-ის „მოულოდნელი“ გაკოტრება.
რეალურად არაფერი მოულოდნელი ამაში არ ყოფილა, თუმცა ამაზე ქვემოთ.
თავდაპირველად კი, რათა მკითხველმა ზუსტად გაიგოს, რატომ არის ეს „შფოთი“ მნიშვნელოვანი ამერიკისა და მთელი მსოფლიოსთვის, აუცილებელია მოკლედ განვმარტოთ, რას წარმოადგენს თვით Silicon Valley.
ეს არის „ამერიკული ოცნების“ ტრანსფორმაცია ახალ ისტორიულ ეპოქაში!
როგორც American dream უკავშირდებოდა თავის დროზე, - XIX და XX საუკუნის მიჯნაზე, - ნიუ იორკის „უოლ სტრიტის“ ვნებებს, ბირჟაზე აქციებით ვაჭრობას, მილიონობით დოლარის „ციდან ჩამოვარდნას“ და იქვე, ქუჩის გადაღმა წმიდა სამების დიდებულ ეპისკოპალურ ეკლესიაში ლოცვას..... ასევე, XX და XXI საუკუნეთა მიჯნაზე Silicon Valley იქცა საოცნებოდ ყველა ნოვატორისა და იდეალისტისთვის, ვინც წარმატებას თუ ცხოვრებისეულ მისიას მხოლოდ მილიონების და მილიარდების ოდენობით არ საზღვრავს.
ეს სივრცე გახდა შთამაგონებელი ახალი რევოლუციური, ტექნოლოგიური თუ საკომუნიკაციო იდეების, ნამდვილი ეპოქალური „გარღვევებისა“ ბოლო 30-20 წლის განმავლობაში; მათ შორის Facebook, Google და უამრავი სხვა სტარტაპი რომელსაც კონსერვატიული საბანკო სექტორი ეჭვით უყურებდა, თუმცა „ველის“ სხვა ბანკები უხვად აფინანსებდნენ.
მათგან უდიდესი სწორედ Silicon Valley Bank იყო.
ამიტომაც წარმოიშვა შფოთი: ხომ არ სრულდება ეს სინათლითა და იმედით გაცისკროვნებული ხანა ისევე, როგორც „უოლ სტრიტის“ ბუმი დაასრულა 1929 წლის საზარელმა აფეთქებამ და ხანგრძლივნა დეპერსიამ?
კითხვები და შეშფოთება აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რადგან ფაქტია, რომ რეგიონის უდიდესი ბანკი გაკოტრდა!
თანაც, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, როგორც 20 წლის წინ Silicon Valley-ის აყვავება გამოიწვიეს ტექნოლოგიურმა და საკომუნიკაციო სტარტაპებმა, ამჟამინდელი უფსკრულის პირასაც იმავე ტექნოლოგიებმა მიიყვენეს: ირკვევა, რომ Silicon Valley Bank-ის მენეჯმენტი, ზემოგების მისაღებად, მეტისმეტად სარისკოდ თამაშობდა აქტივებით ბიტკოინის (ელექტრონული ფულის) ბაზარზე.
ამან უკანასკნელ საფინანსო პერიოდში გამოიწვია მნიშვნელოვანი ზარალი; ბანკის მენეჯმენტმა ზარალი აღიარა საჯარო სივრცეში; რის შემდეგაც მეანაბრეები, რასაკვირველია, მიესივნენ ბანკს და ანაბრების გატანა დაიწყეს. აქტივები კი საკმარისი არ იყო.
ზოგადად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბანკს, როგორც ასეთს, თითქმის არასდროს აქვს „ცოცხალი ფული“ იმდენი, რამდენიც დაფიქსირებული ანაბარი და დეპოზიტები. ბანკის სისტემური, ინსტიტუციური არსი ისაა, რომ ფული მუდმივად მოძრაობს - „შემოსავალი“ და „გასავალი“ უწყვეტი მდინარებაა. მაგრამ თუ ბანკს *(ნებისმიერ ბანკს) მეანაბრეები მიესევიან და კუთვნილი თანხების დაბრუნებას მოითხოვენ, ამას ვერც ერთი ბანკი ვერ გაუძლებს - უბრალოდ გაკოტრდება, რაკი ამდენი `ქეში` მის საცავებში არ იქნება.
მით უმეტეს, რომ Silicon Valley Bank-ის ხელმძღვანელობა, როგორც ირკვევა, მეტისმეტად ბევრს (მილიონებს) ხარჯავდა ბონუსებზე და „ფინანსურ პარაშუტებზე“ ყოფილი თუ ნამდვილი ტოპ-მენეჯერებისთვის.
2008 წლის „ფინანსური აფეთქების“ შემდეგ, შესანიშნავმა ამერიკელმა კინორეჟისორმა, ოლივერ სტოუნმა (ძაღლთაპირი პუტინის მეგობარი კია, მაგრამ დიდი ხელოვანია და რა ვუყოთ?!-დ.) გადაიღო ფილმი „Wall street. Money never sleeps“, რომელიც მისივე 1987 წლის შედევრის - „Wall street“-ის ერთგვარი სიქველია.
ერთ-ერთ ეპიზოდში აღწერილია ამერიკელ ბანკირთა თათბირი (აშშ ფედერალური რეზერვის ანუ ცენტრალური ბანკის და თეთრი სახლის წარმომადგენელთა მონაწილეობით) მას შემდეგ, რაც ავისმომასწავებლად გაკოტრდა Lehman brothers. მისი მფლობელი სხვა დიდი ბანკების მესვეურებს ემუდარებოდა გადაერჩინათ, თორემ გაკოტრებათა ტალღა ყველას მისწვდებოდა.
არ გადაარჩინეს.
ჰოდა, შედეგად, 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა (ჩვენ, საქართველოში, მაშინ ამისთვის „არ გვეცალა“ ცნობილი მიზეზების გამო-დ.) ამერიკა და მთელი მსოფლიო შეაზანზარა! თუმცაღა უოლ სტრიტის ბებერმა კედლებმა მაინც გაუძლეს „ცუნამის“, ოღონდ მხოლოდ იმის წყალობით, რომ ამერიკის სახელმწიფო, საბედნიეროდ, მთელი მისი ძლევამოსილებით ჩაერია, „შხამიანი იპოთეკური აქციები“ გამოისყიდა, დიდძალი თანხები გამოყო ბიუჯეტიდან და უდიდესი ბანკები გადაარჩინა.
ახლაც, ზუსტად ასევე, როცა Silicon Valley Bank გაკოტრდა, ნიუ იორკში შეიკრიბენ საბანკო ტიტანთა მესვეურები და გადაწყვიტეს თითო მილიარდი დოლარი გამოეყოთ კალიფორნიის მეორე დიდი ბანკის, First republic bank-ის გადასარჩენად, რადგან ისიც თუ გაკოტრდებოდა, „ცუნამის“ ტალღა აუცილებლად მიაღწევდა სამების ნატიფ ეკლესიამდე.
მათ შორის იყვნენ ისეთი ტიტანები, როგორიცაა JP Morgan Chase; Bank of America; CityBank და ასე შემდეგ.
„ტიტანთა კლუბში“ შემავალმა ბანკებმა გაიღეს 30 მილიარდი დოლარი კალიფორნიული ბანკების გადასარჩენად. რასაკვირველია ფედ-რეზერვის გარანტიებით; თანაც სესხად და არა საჩუქრად.
ოღონდ გარდა ბანკთა მენეჯმენტის სიხარბე-თავგასულობისა (რაც აშკარად აკავშირებს ერთმანეთთან 2023 წლის Silicon Valley Bank-ის და 2008 წლის Lehman brothers-ის საქმეებს) აქვე წარმოიშვა კიდევ ერთი სისტემური საკითხი და წინააღმდეგობა, რაც დასავლეთისთვის ცივილიზაციურ პრობლემად იქცა:
ბევრი მეცნიერი და ე.წ. „კაპიტალიზმის“ ისტორიკოსი წერს, რომ ყველაზე „სუფთა და ჯანსაღი“ კაპიტალიზმი იყო იმ ეპოქაში, როდესაც, ციხის გამონათქვამის პერიფრაზით „გასაკოტრებელი კოტრდებოდა“, ფინანსური ბაზრები ამით „იწმინდებოდა“, შხამიანი აქტივები ნადგურდებოდა და ახალი, უფრო პასუხისმგებელი, შემძლე მოთამაშეები გამოდიოდნენ ასპარეზზე.
ასე იყო კაპიტალიზმის „ოქროს ხანაში“ - XVI-XIX საუკუნეებში, მაგრამ.....1929 წლის დეპერსიას, ბანკების გაკოტრებას, აქტივების გაცამტვერებას ის შედეგი მოჰყვა, რომ ათეულობით მილიონი ადამიანი დარჩა უმუშევარი; განადგურდნენ სისტემაშემოქმედი საწარმოები, ამერიკის და ევროპის სახელმწიფოები (!) ეგზისტენციურმა ანუ ყოფნა-არყოფნის კრიზისმა მოიცვა....... არადა სტალინი, მისი კომუნისტებით, ხომ „იქვე“ იყო!
და განა დღევანდელობა დიდად განსხვავდება? აქვე არ არის აშკარად მანიაკალურ მდგომარეობაში მყოფი პუტინი მისი არმიით?
თუკი დასავლური ცივილიზაცია ჩამოიქცა, მას ვინ ან რა შეაჩერებს?
შესაბამისად, ძველი ეპოქალური მიდგომები ვერანაირად ვერ იმუშავებს: 2008 წელსაც და ამჟამადაც, ამერიკის სახელმწიფო მტკიცედ ჩაერია, გასაკოტრებელი გადაარჩინა და „ფინანსური ცუნამის“ - ევროპისკენ, მერე კი „ახალი აზიისკენ“ გავრცელება არ დაუშვა.
და ეს მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ ცივილიზაციურ ზიანს აყენებს (დიახ!) ჩვეულებრივ ამერიკელთა რისხვა: „ვიღაცამ, ბანკის მენეჯმენტის თუ მისივე სიხარბის (მაღალი პროცენტების) გამო დანაზოგი დაკარგა, მე, ჩვეულებრივმა გადასახადის გადამხდელმა, რატომ უნდა ავუნაზღაურო ზარალი?!“
ხომ ლეგიტიმური საკითხია?!
არანაკლები ზიანია ისიც, რომ აშკარად შეირყვნა(!) Silicon Valley-სთან დაკავშირებული ახალი „ამერიკული ოცნება“ და ტექნოლოგიურ-საკომუნიკაციო ნოვატორობის ხიბლი.
თუმცა ეს უკვე გარდაუვალი ზარალია და მის შედეგს ალბათ წლების შემდეგ ვიგრძნობთ.
მომხდარს „ქართული შიდაპოლიტიკური განზომილებაც“ აქვს: სწორედ კალიფორნიაში დატრიალებული გრანდიოზული „ქარბორბალას“ შთაბეჭდილებით, შვეიცარიის „ცენტრალურმა ბანკმა“ განაცხადა, რომ მზადაა სახელმწიფო სახსრები გამოყოს ერთ-ერთი უდიდესი შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის გადასარჩენად.
ეს ბანკი სწორედაც 10 წლის წინანდელ „ტექნოლოგიურ სტარტაპს“ ემსხვერპლოს ლამის: ერთმა ამერიკელმა თაღლითმა ათეულმილიარდობით დოლარი მოიზიდა ვითომ ისეთი აპარატის დასამზადებლად, რომელიც წევთი სისხლით ადამიანის ყველა კლინიკურ მონაცემს დაადგენდა თითქოს. მისი „ტექნოლოგიური ნოვაცია“ სრული ფეიკი აღმოჩნდა და აქტივები საპნის ბუშტივით გასკდა.
ათასობით ადამიანი დაზარალდა. მათ შორის....ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფული (მილიარდამდე დოლარი) Credit Suisse-ის მენეჯერმა, პატრის ლესკადრონმა უკითხავად „ჩაასხა“ ხსენებულ სტარტაპში.
ლესკადრონმა 5 წელი მოიხადა და მერე თავი მოიკლა - მიდი და სდიე ახლა......
დღეს Credit Suisse მენეჯმენტი ნემსის ყუნწში ძვრება, რათა ივანიშვილს ფული არ დაუბრუნოს და „გეოპოლიტიკასაც“ კი იმიზეზებს.
მაგრამ თუ შვეიცარიის სახელმწიფომ ბანკი გადაარჩინა, შემდეგ კი აღადგინა, სხვა პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნება.
მათ შორის საქართველოშიც.
დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |