1653
16 მარტი 2023, 00:01
ქეთი ხატიაშვილი
რევოლუცია მოვიდა, დახვდა სიცარიელე. ოპოზიციას ლიდერი და გმირი არ ჰყავს, ამიტომაც ის ჯერ არც ძალაა და არც რეალური ცვლილებები შეუძლია. როგორც აღმოჩნდა, ხალხის რუსთაველზე გამოყვანა უცხოელ დიპლომატებს უფრო ხელეწიფებათ.
საზოგადოებრივი აზრის შექმნა აგენტების შესახებ კანონზე სწორედ მათი მხრიდან განცხადებების გაკეთების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
თავისი პროტესტით უცხოელმა დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა პრაქტიკულად გვითხრეს: საქართველოში ტერიტორიულ მთლიანობას კი ვაღიარებთ, მაგრამ არ ვაღიარებთ დემოკრატიას. რატომ? პირველ რიგში, სასამართლო რეფორმის გამო. შემთხვევითი არ არის, რომ ამ სისტემის რეფორმა ევროკავშირის გზაზე ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად რჩება.
რუსეთი - პირიქით. საქართველოში დემოკრატიის არსებობას აღიარებს, ტერიტორიულ მთლიანობას - არა. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ მოსკოვის ქუჩებში გამოსული ხალხი არაფერს წყვეტს, მათ არც უსმენენ, რომ დაითვალონ და არც ითვლიან, რომ დაინახონ და საერთოდაც არ იმჩნევენ. თუ საჭირო იქნება, დაარბევენ, დაშლიან, დაიჭერენ, მოწამლავენ... მოკლედ, ყველაფერს გააკეთებენ, გარდა იმისა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა... კანონპროექტს თუ დააინიცირებდნენ, გაიტანდნენ კიდეც. მის გამოწვევაზე კრემლში არავინ იფიქრებდა.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი კინაღამ კი არა, ნამდვილად იქცა რევოლუციად. კელი დეგნანი არ ენდო ქართულ დემოკრატიას და ვისთვის - სამართლიანად, ვისთვის კი უსამართლოდ მიიჩნია, რომ ყველაფერი მაინც პუტინის რეჟიმის მსგავსად განვითარდებოდა. იქ კი ამ კანონის მიღების შემდეგ სამოქალაქო სექტორმა არსებობა შეწყვიტა, ზოგიერთი ორგანიზაცია აკრძალეს კიდეც. მეტიც, ყველა, ვინც პუტინის მომხრე არ არის, მტრად და აგენტად, ან ჯერ აგენტად და შემდეგ მტრად მოინათლა...
თუმცა, რაც დასავლეთისთვის დემოკრატიაზე დარტყმას ნიშნავდა, საზოგადოებისთვის უფრო სოციალური ნაღმი იყო, ზოგისთვის პოლიტიკურიც. გაჩნდა შიში, რომ ამ პროექტის დაკანონების შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი გრანტების გარეშე დარჩებოდა. საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოს ეკონომიკა კი არ კვებავს, არამედ უცხოური გრანტი...
ჰოდა, კონფლიქტიც მაშინვე გაჩნდა... ამიტომაც ამ პროექტმა მოიყვანა რევოლუცია... თუმცა მას „ადგილზე“ გმირი არ დახვდა.
საინტერესოა, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ოპოზიციის გავლენის ქვეშ მოყოლილი მედიაპროპაგანდა ძირითადად ცრუ გმირებს გვთავაზობდა. უფრო ზუსტად, მათ ფულს ცრუ გმირების შექმნაში უხდიდნენ და ისინიც გმირად ხან ვარლამ გოლეთიანს ასაღებდნენ, ხან - ნიკანორ მელიას, ხან - ივერი მელაშვილს, ხან - ვაჟა გაფრინდაშვილს, ხან - ლევან ხაბეიშვილს და ხან - ვის და ხან - ვის... თუმცა პროპაგანდისგან აწყობილ გმირებს რეალობა მალევე შლიდა.
ასე დაიშალა, მაგალითად, ნინო ლომჯარია, რომელსაც დიდი სახალხო დამცველის იმიჯს უქმნიდნენ, მან კი, როგორც კი თავი პოლიტიკურ პიედესტალზე იგრძნო, მაშინვე მცირე ცახესად იქცა. ჯერ გიორგი ვაშაძეს გამოუტანა მძიმე განაჩენი და პრაქტიკულად ხელისუფლების ჯაშუშად მონათლა, შემდეგ კი რამდენიმე ტელეარხი მოიხსენია პრორუსულად და მათი დაბლოკვა მოითხოვა.
სხვების იმიჯის ჩამოშლის მაგალითებს აღარ შევყვები.
ფაქტია, რევოლუცია დადგა, მაგრამ ტელევიზიით შექმნილმა ვერცერთმა გმირმა მისით სარგებლობა ვერ შეძლო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |