გუშინ, საბერძნეთში, ანტიკურ ოლიმპიაში გაიმართა ოლიმპიური ცეცხლის დანთების ტრადიციული ცერემონია. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი), ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის, იაპონიის მთავრობის განცხადების თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გადადება ან გაუქმება არ იგეგმება.
"ცხადია, რომ შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველას ერთად, მომდევნო თვეების განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა საგანგებო რეჟიმში", - აცხადებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სპორტსმენებს მიმართავს.
"კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით, მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანაც გადადის ცხოვრების ახალ წესზე და ამ წესს, რასაკვირველია, ემორჩილებიან სპორტული ორგანიზაციებიც. სწორედ ამ მიზეზით, გადაიდო არაერთი ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირი, მათ შორის - ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ძიუდოში, წყალბურთში. მოსალოდნელია მომდევნო ცვლილებებიც. ეს შეჯიბრებები გაიმართება მოგვიანებით.
შესაბამისი საერთაშორისო სპორტული ფედერაციები, სოკ-თან შეთანხმებით, მუშაობენ ახალი გეგმა-გრაფიკის შედგენაზე და გადაწყვეტილებების მიღებისთანავე, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის და ფედერაციებისთვის, მწვრთნელებისა და თავად სპორტსმენებისთვის.
ცხადია, რომ შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველას ერთად, მომდევნო თვეების განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა საგანგებო რეჟიმში. ერთის მხრივ, უნდა გავუფრთხილდეთ ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ჩართული ადამიანების ჯანმრთელობას, ამასთანავე, მთელი გულმოდგინებით და მობილიზებით გავაგრძელოთ მზადება საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის და თავად ოლიმპიური თამაშებისთვის.
სწორედ ამ ვითარებაში, არსებული სერიოზული გამოწვევების გათვალისწინებით, გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მოქნილობა, ერთმანეთის გამხნევება და მხარდაჭერა, დასახული მიზნისკენ მტკიცედ სვლა.
მივმართავ ჩვენს სპორტსმენებს, განსაკუთრებით კი ჩვენს ოლიმპიელებს და ოლიმპიური ლიცენზიებისთვის მებრძოლებს: კვლავაც მთელი შემართებით გააგრძელეთ მზადება ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, რათა აიხდინოთ დიდი ოცნება - მოიპოვოთ ოლიმპიური მედლები და ასახელოთ ჩვენი ქვეყანა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეგიქმნათ მაქსიმალურად ხელსაყრელი და კომფორტული პირობები, უზრუნველყოს თქვენი მზადება და წარმატებული მონაწილეობა ოთხწლეულის უმთავრეს სპორტულ ფორუმში", - აცხადებს სოკ-ის პრეზიდენტი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |