სტატიები
ჯერ აიგნორებდნენ, ახლა აკრიტიკებენ - რა ხდის წარმატებულს ოცნების ერთ-ერთ წინააღმდეგობრივ ფიგურას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1151 29 ნოემბერი 2022, 00:14


ქეთი ხატიაშვილი

მას ჯერ აიგნორებდნენ, შემდეგ დასცინოდნენ, ახლა აკრიტიკებენ... განწყობების ასეთი ცვლილება მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს - ირაკლი კობახიძემ პოლიტიკაში წონა შეიძინა. 

აიგნორებდნენ მაშინ, როცა ის გამოუცდელი იყო და ქართულ პოლიტიკაში შეიძლება ცალკეული სვლების კითხვაც კი უჭირდა; დასცინოდნენ მაშინ, როცა კონკურენცია პირველად იგრძნეს. როცა მან პოლიტიკისა და კარიერის კიბეზე ერთდროულად დაიწყო ასვლა; აკრიტიკებენ ახლა, რადგანაც ხვდებიან, რომ ის უბრალოდ ცარიელი ფიგურა კი არ არის, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ხელში, არამედ რეალური მოთამაშეა. 

და მაინც, რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ ყველაფერი? 

იმავე დავით უსუფაშვილს ხომ ოცნებების ახდენისთვის მთელი „ერთი საათი“ ჰქონდა. თუმცა ერთადერთი, რაც ჩაუთქვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი იყო. ჰოდა, იჯდა კიდეც იმ სავარძელში მთელი ოთხი წელი. მხოლოდ იჯდა, გაკეთებით არაფერი გაუკეთებია. 

რატომ მოვიყვანე მხოლოდ დავით უსუფაშვილის მაგალითი? დარწმუნებული ვარ, დღემდე ვერ გაიგო, რატომ გაკოტრდა პოლიტიკაში. ისევე როგორც არ ესმის გიგა ბოკერიას, მაგრამ ამ ორი ხელმოცარულის აზროვნებას ახლა დეტალურად არ შევეხებით. სულ სხვა ისტორიაა და სხვა დროს იყოს. 

ირაკლი კობახიძეს დავუბრუნდეთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვის მოსწონს ის და ვის - არა; რამდენი აქებს და რამდენი აკრიტიკებს - დღეს ის არის ფაქტორი პოლიტიკაში. სხვა ეპითეტები და გამონათქვამები - ივანიშვილის მონა, ბიძინას ხელისბიჭი და ასე შემდეგ - სრულიად უინტერესოა. არა იმიტომ, რომ მას შეიძლება სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს, არამედ იმიტომ, რომ ყველა დანარჩენს ივანიშვილის გარშემო იგივე სურვილი ჰქონდა, მათ შორის იმავე უსუფაშვილსაც. 

თუმცა, ირაკლისგან განსხვავებით, დავითს ერთგულებისთვის სითამამე არ ეყო. გუნდურ თამაშში კი ეს აუცილებელი თვისებაა. 

ირაკლი კობახიძეს არ ეშინია, გააჟღეროს „ქართული ოცნების“ პოზიცია და დაიცვას ის. მოგვწონს-არ მოგვწონს, ეს სხვა თემაა. უსუფაშვილის პარალელით დავიწყეთ და გავაგრძელოთ. როგორი იყო დავითი? მისი თავმჯდომარეობის დროს პარლამენტმა ვერ შეძლო საკონსტიტუციო რეფორმის გატარება. კომისია კი შეიქმნა, მაგრამ შედეგი - ნული. მეტიც, მოსმენების კანონის მიღების დროს უსუფაშვილი საერთოდაც კულისებში დაიმალა - ის სხდომასაც კი არ ესწრებოდა. 

გამოუცდელმა პოლიტიკოსმა კი საკონსტიტუციო რეფორმის გატარება შეძლო. ეს ძალიან რთული პროცესი იყო, რომელსაც მაშინდელმა პრეზიდენტმაც კი ბოიკოტი გამოუცხადა. გიორგი მარგველაშვილი ყველაფერს აკეთებდა ამ რეფორმის ჩასაგდებად, თუმცა საბოლოოდ მას ხელი მოაწერა. ეს დავით უსუფაშვილი დარჩა არაფრით, თორემ მარგველაშვილის ხელმოწერა, სხვა თუ არაფერზე, კონსტიტუციაზე მაინც იქნება. 

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პოზიციას ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და პრინციპულად იცავდა. არასოდეს დამალულა, გაქცეულა და ამოჰფარებია სხვას - იმავე ბიძინა ივანიშვილს. 

როგორც, მაგალითად, გიორგი გახარია. ხომ გახსოვთ, გადადგომის შემდეგ დიდხანს ამბობდა, უხილავ ხელს ვგრძნობდიო. უხილავი და შავი ხელის შეიძლება ბავშვობაში გეშინოდეს და არა მაშინ, როცა ქვეყანას მართავ. სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ გიორგი გახარიას სიმამაცე არ ეყო, გუნდის პოზიცია ბოლომდე დაეცვა. მიზეზებს პოლიტიკაში მნიშვნელობა აღარ აქვს. მერე ან ყველაფერს იღებ, ან ყველაფერს კარგავ.

გუნდური თამაშისთვის ირაკლი კობახიძეს ჯერ არ გადაუხვევია. მას ყოველთვის ჰყოფნის გამბედაობა და სიმამაცე, იყოს კულისებში ჩამოყალიბებული პოზიციის ერთგული. 

კლასიკად ქცეული მაგალითი ვნახოთ. გავრილოვის სკანდალის შემდეგ, როცა რადიკალებმა მისი [ირაკლი კობახიძე მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ] გადაყენება მოითხოვეს, კობახიძემ ერთ-ერთი ეთერით თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა. თუმცა, როცა კულისებში მისი წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, გუნდისთვის არც ხელი არ შეუშლია და არც პრობლემები არ შეუქმნია - გადადგა. 

და ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნებოდა ირაკლი კობახიძე, ოპოზიციაში რადიკალური განწყობები რომ არ დომინირებდეს. ამ განწყობების გამო, ის ზოგჯერ ძალიან ხისტია პოზიციის ჩამოყალიბების დროს, ზოგჯერ - ძალიან გაბრაზებული... თუმცა უკვე გამოცდილებაც მიიღო - ბოლო დროს რისხვის ნაცვლად სახეზე ირონიული ღიმილი გადაურბენს ხოლმე...

მას ჯერ ყოფნის სიმამაცე, დარჩეს ერთგული. 

თუმცა, მას ერთი დაანონსებული და ჯერჯერობით შეუსრულებელი მისია მაინც დარჩა - ქართულ პოლიტიკაში თამაშის წესები უნდა შეიცვალოს. ამ მიმართულებით კი მივდივართ, მაგრამ ძალიან ნელა და კომპრომისებზე წასვლა თავად ირაკლისაც არაერთხელ მოუწია. 

ასე რომ, ვნახოთ...

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი