1340
25 ნოემბერი 2022, 13:56
ქეთი ხატიაშვილი
მოგების დიდი შანსი აქვს, მაგრამ შეიძლება მაინც წააგოს. წაგების დიდი შანსი აქვს, მაგრამ შეუძლია მაინც მოიგოს. ჩვენ კი ფაქტის დანახვა გაგვიჭირდება. ლევან ხაბეიშვილის მომხრეებს ზუსტად ეცოდინებათ, რომ შიდაპარტიული არჩევნები სწორედ მან მოიგო, ისევე როგორც ნიკანორ მელიას მომხრეები ყოველთვის იფიქრებენ, რომ, რომ არა გაყალბება, ნიკა მოიგებდა...
პიარული ხრიკები უკვე დამკვეთის ყველა სურვილს ასრულებს. ჰოდა, ლევანი ნამდვილად გამარჯვებისთვის ემზადება. ნიკანორი კი - დამარცხებისთვის. მან ზუსტად იცის, რომ წააგებს.
და ამ კომბინაციაში ჩნდება სწორედ ეს პიარხრიკი. ფორმულა მარტივია - აღქმები ფაქტების ნაცვლად. სწორედ და მხოლოდ ეს ფორმულა იძლევა საშუალებას, წაგებული მოგებულად გამოცხადდეს, მოგებული კი - წაგებულად. სწორედ ასეთი შედეგით შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები დასრულდეს.
ნიკანორ მელია ლევან ვარშალომიძე არ არის. რამდენადაც პირველია ბრუტალური, იმდენად მეორეა მშვიდი. ხასიათი ასეთ დროს თითქმის გადამწყვეტ როლს თამაშობს ხოლმე. ამიტომაც 2020 წელს შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების წესსაც დუმილით შეხვდა და წაგებაც ჩუმად მიიღო. არადა, სოცქსელებით ჩატარებული არჩევნები ნამდვილად იძლეოდა ეჭვების საფუძველს, მაგრამ ლევანმა თავი დახარა.
ნიკანორი ასეთი ნაზი სულაც არ არის. მან მაშინაც იცოდა, რომ იგებდა და ახლაც ზუსტად იცის, რომ წააგებს. თავდაჯერებულია. აღქმების გასაჩენად მას სწორედ თავდაჯერებულობა სჭირდება.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მერე მთავარი ეპატაჟურობა ხდება, რომელიც მელიას ასევე სერიოზული დოზით აქვს.
თავდაჯერებულობას პლუს ეპატაჟურობა უდრის აღქმას. მარტივია.
და რა შეიძლება მოხდეს? ნიკანორ მელიას თავისუფლად შეუძლია, თითოეულ ჩვენგანს თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას: მე ამ არჩევნებში გავიმარჯვე და მოგება წამართვეს... ფაქტები? არ ექნება. სამაგიეროდ, თავის მომხრეებში აღქმას ნამდვილად გააჩენს. მეტიც, ეს აღქმა ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმურობას ნამდვილად შეარყევს.
ასე რომ, ეს იქნება არა საარჩევნო რინგი, არამედ პოლიტიკური ფრონტის ხაზი. კომპრომატებით ომი მელიამ უკვე დააანონსა. შანტაჟის შემცველი ფრაზებიც გააკეთა: ყველაფერს ვიტყვიო...
ამ ყველაფერში ვანო მერაბიშვილიც რომ შედის, აქ ფრჩხილი პარტიის გენმდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა უკვე გახსნა. მაგრამ საინტერესოა, სად არის კეზერაშვილი თავისი ფინანსებით?
როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიშასგან განდგომილებს აფინანსებდა, პარტიამაც და პირადად ლევან ხაბეიშვილმაც მას ქურდი და კორუმპირებული უწოდეს. ახლა, როცა გიგა ბოკერიამ პოლიტიკაში ყველაფერი წააგო, კეზერაშვილი კი ციხიდან გამოსულ მერაბიშვილს დაუმეგობრდა, კარტები სხვანაირად დალაგდა. ჰოდა, ახლა ლევან ხაბეიშვილი ბედნიერი სახითა და გაბრწყინებული თვალებით საუბრობს კეზერაშვილზე, მასთან თანამშრომლობასაც ადასტურებს.
შესაბამისად, ფსონის ხაბეიშვილზე დადება მოულოდნელი არ არის, თუმცა, სრულიად ალოგიკურია. მაგრამ ახლა ამ ისტორიას თავის ალოგიკურობაში აღარ შევყვებით.
ფაქტია, ვინც თანამშრომლობაზე წავიდა, ფსონიც მასზე დადო. რა იგულისხმება თანამშრომლობაში? ალბათ, ბევრი რამ. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, აქ მომსახურება ყოველთვის ფასიანია. მას არც შავი პარასკევი ეხება და არც სხვა რაიმე პოლიტიკური აქცია.
ჰოდა, როცა ფონზე (? - პერსონა ხომ არ უნდა იყოს?) ფულსაც დებ და რესურსებსაც, ესე იგი მის საარჩევნო კამპანიასაც დააფინანსებ.
ნიკანორ მელიას კი ასეთი რესურსები არ ექნება. მისი ერთადერთი რესურსი შურისძიებაა. ამიტომაც უკვე რამდენჯერმე თქვა, რომ ყველაფერს იტყვის.
ლევან ხაბეიშვილს კი პირიქით, ეს ხმაური საერთოდაც არ სჭირდება. მან იცის, რომ გამარჯვებულია, ამიტომაც მეგობრული და სათნო საარჩევნო კამპანიის ჩატარების მომხრეა.
ჰოდა, მელიას აქვს მიზეზი, არჩევნები ნაყიდად და გაყალბებულად გამოაცხადოს. თქვას, რომ კი არ წააგო, მოიგო, უბრალოდ კრიმინალებმა - ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა მას ეს გამარჯვება წაართვეს...
ის შეეცდება, წაგებული პროცესიდან შეძლებისდაგვარად გამარჯვებული გამოვიდეს. აჩვენოს, რამდენად უსამართლოა გარემო ნაციონალებში, როგორ წყდება ყველაფერი კულისებში ფულით ან დაშინებით ან... მოკლედ, არც არგუმენტების პოვნა გაუჭირდება და არც პიარხრიკებით აღქმების შექმნა...
ეგებ, არც არის ხრიკები...
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |