სტატიები
ქართული პოლიტიკის თანამედროვე მოსე - „უდაბნოში“ ხეტიალის 40 წლიანი ციკლი სრულდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
921 23 ნოემბერი 2022, 18:44


ქეთი ხატიაშვილი

23 ნოემბერი ვისთვის მხოლოდ რელიგიური დღესასწაულია, ვისთვის კი - მხოლოდ პოლიტიკური. „ქართული ოცნების“ მომხრეები გიორგობას უფრო ზეიმობენ. მათთვის ეს ნამდვილად არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. ნაციონალებისთვის ეს „ვარდების რევოლუციაა“. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ დღეს სინათლემ სიბნელე დაამარცხა. მიშა ამ ნარატივს გვიანაც გამოიყენებს. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იტყვის, რომ მას შეუძლია საქართველოში სინათლე აანთოს; რომ ახლა აქ ბნელა და უკუნეთია. 

მაგრამ არსებობენ შუაშისტებიც, რომელთა უმრავლესობას რელიგიაში პოლიტიკური სიმბოლოების შერევა არ მოსწონს, წმინდა გიორგის გვერდით გაბრწყინებული სააკაშვილის ფოტოების დანახვა აღიზიანებს. მათ წმინდანების კონკურენტები არ სჭირდებათ. შესაბამისად, ეს დამთხვევა მათში აღფრთოვანებას სულაც არ იწვევს. კარგად რომ გავიაზროთ, შუაშისტები რაიმეს აღნიშვნაზე მეტად მაინც უფრო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე არიან კონცენტრირებული. 

საქართველოს დამოუკიდებლობიდან 31 წელი გავიდა, „ვარდების რევოლუციიდან“ - 19. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც ალბათ კვლავაც დიდ ორაზროვნებასა და დაპირისპირებას გამოიწვევს, სულ რაღაც, რვა წლის შემდეგ დადგება. 

2030 წელს საქართველოს დამოუკიდებლობიდან ზუსტად 40 წელი იქნება გასული. 

40-წლიანი ციკლი კი ბიბლიაში მოსეს ბიბლიურ ისტორიას უკავშირდება. თქმულების მიხედვით, მოსემ ეგვიპტიდან მონობაში მყოფი ებრაელი ხალხი გამოიყვანა და მათ აღთქმულ ქვეყანაში მიყვანას დაჰპირდა. ჰოდა, მძიმე იყო ეს 40 წელი და ვერავინ, ვინც მონობაში დაიბადა და გაიზარდა, დაპირებულ მიწამდე ვერ მიაღწია. 

ამ ისტორიის დეტალებში ახლა აღარ შევალთ. საერთოდაც, ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ისტორიული ფაქტი არ არის. თუმცა მოსეს ორმოცწლიანი მოგზაურობა დარჩა, როგორც სიმბოლო. მორალი მარტივია, თავისუფლებას მაშინ მიიღებ, როცა თავისუფალი გახდები. ეს მდგომარეობა უფროა, ვიდრე რაიმე საჩუქარი, რომელსაც ერთხელ მოგცემენ და შემდეგ მუდმივად გექნება.

მორალისტები ამ თქმულებას ასეც კითხულობენ: მონები თავისუფლებას ვერ აღწევენ, ამიტომაც იღუპებიან. მათგან მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩება. 

მაგრამ ახლა დეტალებში აღარ შევიდეთ...

თუმცა ამ რელიგიურ-პოლიტიკურ სიმბოლოებში მაინც თუ შევალთ, 2030 წელს დამოუკიდებელ საქართველოს 40 წელი შეუსრულდება. 

საბჭოთა მონობიდან თავი 1991 წელს დავაღწიეთ. მივიღეთ თავისუფლება, თუმცა ეს მხოლოდ ფიზიკურ დონეზე თავისუფლება იყო. ზვიად გამსახურდიამ საბჭოთა კავშირიდან ქვეყანა და ხალხი კი გამოიყვანა, მაგრამ მაშინ ისე ჩანდა, თითქოს ამ ნანატრი დამოუკიდებლობა/თავისუფლებისთვის შენობებიდან საბჭოთა სიმბოლოების ჩამოხსნაც კი საკმარისი იქნებოდა. 

რა თქმა უნდა, ეს დიდი უტოპია იყო და ამ უტოპიას - პოლიტიკასა და ცხოვრებაზე თავისებურ წარმოდგენებს - გადაჰყვა კიდეც გამსახურდია. ის ჩამოაგდეს.

ზვიად გამსახურდიამ ხალხი და ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ გამოიყვანა, მიმართულება კი ამ ხალხსა და ქვეყანას უკვე შევარდნაძემ მისცა. კონსტიტუციის დონეზე საქართველომ ორიენტაცია დასავლეთისკენ აიღო და პირველად შეიძინა საერთაშორისო ფუნქცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში ჩართვით. შევარდნაძემ საქართველო მსოფლიო რუკაზე დააფიქსირა, როგორც მოთამაშე. 

და ესეც არ იყო ყველაფერი. ნაციონალებისთვის ათვლის წერტილად სწორედ შევარდნაძის გადაყენება მიიჩნევა. ისინი ცდილობენ, ქვეყნის განვითარების ათვლის წერტილად „ვარდების რევოლუცია“ აქციონ. დაახლოებით ისე, როგორც კომუნისტებმა აქციეს ოქტომბრის რევოლუცია რაღაც ახალ, მესიანისტურ იდეად. 

მიშას თქმით, „ის რომ არა...“ და ამ ფრაზას მერე ყველა თავისებურად ასრულებს. აი, თუნდაც: „ის რომ არა, ქვეყანაში კორუფცია არ მოისპობოდა“; „ის რომ არა, არ დაიგებოდა ამდენი გზა“; „ის რომ არა, არ დაიწყებოდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება“; „ის რომ არა...“ და ეს ჩამონათვალი საკმაოდ მოცულობითია. 

თუმცა, ამ გრძელ სიაში არსად არაფერია ნათქვამი ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფო შტოების დამოუკიდებლად ფუნქციონირებაზე, სიტყვის თავისუფლებაზე... 

და მაშინ, რა მისცა მიშამ ხალხსა და ქვეყანას? გზებს ხომ კიმ ჩენ ინიც აგებს? 

მიშამ „უდაბნოში“ მოსიარულე ადამიანებს დიდი პიარი მისცა. ამ პიარს უნდა გაეჩინა იმედი უკეთესი მომავლისა; აღქმა იმისა, რომ ქვეყანა თანამედროვე, დემოკრატიული და თავისუფალია; და ასევე იმის შეგრძნება, რომ მიშა ერთადერთია, ვისაც შეუძლია... ეს ნარატივი მოგვიანებით სიმღერადაც კი იქცა. „მიშა მაგარია“ სწორედ ამის დემონსტრირებაა. 

და შემდეგ იყო „ქართული ოცნება“. ბიძინა ივანიშვილმა პარტიის სახელითაც კი უთხრა ხალხს: ვიცი, ამ უდაბნოში რომ გიჭირთ და წვალობთ. ჰოდა, აქ, ჩემს გვერდით, ოცნებები ახდებაო. და 2012 წელს მოიგო კიდეც არჩევნები...

მედია თავისუფლდება, ადამიანის უფლებები პრიორიტეტად ცხადდება და ქვეყანა პირველად იძენს თანამედროვე სახელმწიფოს ნიშნებს. 

თუმცა უდაბნოში ხალხს ერთი ლიდერი ჰყავდა - მოსე. როგორც ჩანს, ერთი ლიდერი მაინც რჩება მონობის საზომად. როცა ის ერთი გყავს, სხვა არავინ არც გინდა და არც გჭირდება. 

ასე რომ, ამ გაგებით ჩვენ ჯერ ისევ უდაბნოში დავბორიალებთ. ორმოცწლიანი ციკლის დასრულებამდე წინ კიდევ რვა წელი გვაქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლის მიუხედავად, საზოგადოება ისევ მკვეთრად არის გაყოფილი შავებად და თეთრებად. თანაც ამ მოჯადოებულ წრეში ყველა მხარე მხოლოდ თეთრი ფერით ცდილობს თამაშს. 

თანხმობის გარეშე 40 წლის შემდეგაც უდაბნოში დავრჩებით. და ეს უკვე შეიძლება დიდ ისტორიულ წერტილსაც ნიშნავდეს. 






სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი