სტატიები
ნოესუბნელი ბოშები და მათი სევდიანი ისტორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1442 13 ოქტომბერი 2019, 20:27

მათ არაფერი აქვთ საერთო  რომანტიულ ისტორიებთან, ცეცხლოვან ცეკვებსა და თავბრუდამხვევ სიმღერებთან...   ბოშათა ბანაკი სოფელ-სოფელ აღარ ბანაკდება, არ მართავენ საცირკო წარმოდგენებს და აღარ ჩანან ტრადიციულ ჭრელა-ჭრულა კაბებში გამოწყობილი ეშხიანი ბოშა ქალები...

„ნოეს  უბანში“ - ისინი აქ, ამ რეალობაში, უკიდურეს სიღატაკეში, უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ბოშათა ბანაკი  წლების წინ მოვიდა გარდაბანში, სოფელ აღთაკლიასთან ტერიტორია შეარჩიეს და დაბანაკდნენ. ახლა, მიწაზე დადგმულ, სახელდახელოდ შეჭედილ ფიცრულებში, უმძიმეს პირობებში  12 ოჯახი, 140  ბოშა ცხოვრობს.

ისინი არ უყურებენ ტელევიზორს, არ უსმენენ რადიოს, არ კითხულობენ... არ დადიან ბაღში, სკოლაში, იციან, მაგრამ ცუდად საუბრობენ ქართულად, არ აქვთ ინფორმაცია სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე, რომლებშიც, როგორც მოქალაქეები არც თავად არიან ჩართული  - ბოშები არ არიან სახელმწიფოსთან ინტეგრირებული, ეს ეთნიკური ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია და „ციგნები“  - დამკვიდრებული სოციალური სტიგმა  საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყულს ხდის მათ. 

„ნოეს უბანში“ დასახლებულ ბოშათა ბანაკში ისევე, როგორც მათ თემში, ოჯახის მარჩენალი ქალია, რომელიც ძირითადად, მათხოვრობით და მკითხაობით შოულობს საარსებო ფულს. შემოსავლის კიდევ ერთი წყარო სახელმწიფოს მიერ გადახდილი სოციალური შემწეობებია, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახი იღებს - როგორც სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი დედები.

უმეტესობა არ მუშაობს და არც არასდროს უმუშავიათ, რადგან საბაზისო განათლებაც არ აქვთ და კიდევ, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმა - „ციგანი“ მათ ყველა კარს უხურავს - მათი ეშინიათ.

მრავალშვილიანობა ბოშათა თემისთვის ტრადიციად იქცა - „ნოეს უბანში“ 5 შვილზე ნაკლები არც ერთ ოჯახს არ ჰყავს. რომები ერთად, ოჯახად  ცხოვრებენ,  ბოშა მარტო არ თუ ვერ ცხოვრობს.  ერთ ოთახში 10-12 ადამიანს საწოლის გარეშე, პირდაპირ იატაკზე  ძინავთ. რეპროდუქციისა და  კონტრაცეფციის შესახებ ნაკლები ინფორმაციის გამო და იმიტომაც, რომ თავდაცვის საშუალებების ყიდვა სირცხვილად მიაჩნიათ და მისთვის ფული არც ემეტებათ, მრავალშვილიანობა ტრადიციად ექცათ.

ბანაკი ახლა სავსეა. ზაფხულის სეზონი დამთავრდა და  სეზონურ სამუშაოზე - მოწყალების მისაღებად  ზვისპირეთსა და სხვადასხვა  საკურორტო ქალაქებში წასული ბოშები ნელ-ნელა სახლებს დაუბრუნდნენ. 

 

მათ ყველა კარს უხურავს - მათი ეშინიათ

 უკიდურესი სიღარიბე, უმუშევრობა,  განათლების მიღების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ქართული ენის უცოდინრობა, პირადობის  მოწმობების უქონლობა, სოციალური სტიგმა... - ეს  საქართველოში მცხოვრები ბოშების  ძირითადი პრობლემებია.  იგივე პრობლემები აქვთ გარდაბანში მცხოვრებ ბოშებსაც, თუმცა,  „ნოეს უბანში“ მათთან საუბრისას  პრობლემები  უფრო კონკრეტდება.

- აბა, სად წავიდე, სად ვიმუშაო, ვის ვუნდივარ, არც კითხვა ვიცი, არც წერა, არც ანგარიში, არაფერი ვიცი... სად მიმიღებენ სამსახურში... და იძახიან, ბოშაა, ბოშაა... ჰო, ბოშა ვარ, დიახ...  - ამბობს ალა პეტრენკო, რომელსაც ნოესუბნელი სხვა ბოშა ქალებიც ეთანხმებიან.  

მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ნოესუბნელი ბოშების უდიდესი უმეტესობა არ მუშაობს და არც არასდროს უმუშავიათ, რადგან  საბაზისო განათლებაც არ აქვთ და  კიდევ, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმა - „ციგანი“ მათ ყველა კარს უხურავს - მათი ეშინიათ. მათი საქმიანობა  მათხოვრობაა, ეს  უკვე  ტრადიციაა - ერთგვარი "კულტურა". დილაადრიან მატარებელი ჩამოივლის და  ბოშების ბანაკი თბილისსა და რუსთავში მიემგზავრება - მოწყალების სათხოვნელად. დედებს ბავშვებიც თან ახლავს.  ჩვილ ბავშვებს ვერავის უტოვებენ,  უფრო მოზრდილები კი, უკვე თავადაც მათხოვრობენ.

 

"2-3 წლისამ  უკვე კარგად იცის ქუჩა" 

ნოესუბნელი  ბოშებისთვის  პრობლემაა განათლების ხელმისაწვდომობა. უფრო ზუსტად, ხელმისაწვდომ განათლებაზე მათი უარი.  ყველაზე ახლოს მდებარე სკოლა რუსთავის საჯარო სკოლაა, რომელიც დასახლებიდან  7 კილომეტრითაა მოშორებული და უტრანსპორტობის გამო ბავშვებს ძალზე უჭირთ იქ  სიარული. ამიტომაც,  სკოლაში ისინიც ვეღარ დადიან, ვისაც სურვილიც ჰქონდა - 30 ბავშვიდან სკოლაში მხოლოდ სამი დადის.

„უმძიმესი სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემებიდან  მომდინარეობს ყველაფერი... ბავშვები სკოლაში  ვერ დადიან იმის გამოც, რომ არ აქვთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ფული ტრანსპორტისთვის... სასკოლო ნივთებისთვის...

დიდი ხანია ვითხოვთ, რომ დასახლებაში ბაღი გაიხსნას, რაც ძალზე საჭიროა.  აქ მცხოვრები ბოშების შემოსავლის წყარო მოწყალების თხოვნაა და იმის გამო, რომ ბავშვებს ვერსად ტოვებენ, თან მიჰყავთ პატარები. აი, ასე, ქუჩაში, მათხოვრობაში იზრდებიან ისინი და სამწუხაროდ, სკოლამდელ განათლებასაც ვერ იღებენ... როცა სასკოლო ასაკის ხდებიან, უკვე ჩამოყალიბებული მათხოვრები არიან, ქუჩას მიჩვეულები და სკოლაში აღარც უნდათ სიარული ...

ყოველდღე ვხედავთ  ქუჩაში პატარა ბავშვების მათხოვრობას, არადა, როგორც წესი ისინი  ბაღში და სკოლაში უნდა დადიოდნენ, ბაღის ასაკიდანვე უნდა უყალიბდებოდეს ჩვევები, რასაც ქუჩაში იძენენ.  2-3 წლისამ  უკვე იცის ქუჩა და მათხოვრობა. ეს პრობლემების ჯაჭვია და მისი დაშლა განათლებით უნდა დავიწყოთ“, - ამბობს ადამიანის უფლებების დამცველი ელენე პროშიკიანი, რომელიც თავადაც ბოშაა და წლებია ბოშათა პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს.

ამბობენ, რომ ბოშები არ არიან საშიშები, არავის ერჩიან,არავის აყენებენ შეურაცხყოფას, არ ქურდობენ, არ ართმევენ, არ ესხმიან თავს...

ბოშა ქალები განათლების აუცილებლობაზე თავადაც  საუბრობენ, ადასტურებენ,  რომ უმძიმესი ყოფითი პირობების გამო ვერ ახერხებენ ბავშვებს განათლება მისცენ. უმეტეს შემთხვევაში, სწავლის ნაცვლად ბავშვები დედებს ეხმარებიან საარსებო ფულის შოვნაში - მათთან ერთად  მათხოვრობენ.

- გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა განათლება მიიღონ, არ გვინდა ჩვენსავით  იყვნენ... მაგრამ ბევრი პრობლემის გამო ვერ ვახერხებთ... მე ავად ვარ, ჩემი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, თვიდან თვემდე პურის საყიდლადაც არ მყოფნის... 15 წლის გოგო მყავს, თბილისშია წასული... მათხოვრობს... სკოლაში არ უვლია... წერა-კითხვას ახლა სწავლობს...  აი, ჩემი გოგოც ჩამოვიდა...  - ამბობს მადონა კალაშნიკოვა და ბანაკში  შემოსული ქალებისკენ ხელს იშვერს. დილაადრიან თბილისში სამათხოვროდ წასული ქალები და ბავშვები პროდუქტით დატვირთულები მატარებელს უკან ჩამოყვნენ...

 

"არ ვიცი... არაფერი... ვიმათხოვრებ... "

 ...15 წლისაა, ბავშვობიდან მათხოვრობს, სკოლაში არასდროს უვლია და აღარც უნდა, არც წერა-კითხვა იცის... მითხრა, რომ იმათხოვრა და ზეთი, პური და კარტოფილი ჩამოიტანა...  ყოველ დღე, დილაადრიან მიყვება თბილისის მატარებელს  და უკან პროდუქტებით ბრუნდება:

 

-         რამდენს შოულობ?

-         3, 5, 10 ლარი, მეტი არა... ყველაზე დიდს  20-25 ლარს, იშვიათად... წელიწადში ორ- სამჯერ, როცა კარგი დღეებია...აი, აღდგომა, შობა... მასეთი...

 -         ესენიც შენთან ერთად იყვნენ?

 -         კი, ჩემი მამიდაშვილია...

 -         ესენიც მათხოვრობენ? პატარები არიან...

 -         კი... მათხოვრობენ... ეს 5 წლისაა, ეს 8-ის... 5 ლარი იშოვეს... მაგხელა მეც უკვე     ვმათხოვრობდი…

 -         სკოლაში დადიან?

 -         არაა... არ უნდათ...

 -         შენ?

 -         არაა... არ მივლია...

 -         არ გინდა?

 -         არაა... რა ვიცი... აღარ...

 -         ისწავლი, მეგობრები გეყოლება...

 -         არ მიმიღებენ... არა, აღარ მინდა...

 -         რას აპირებ? რა გინდა გააკეთო?..

 -         არ ვიცი... არაფერი... რა ვაკეთო...მერე.... ვიმათხოვრებ... 

 -         სულ ხომ არ იმათხოვრებ?

 -         ჰოო... რატო არა... ეგ გამომდის... მარტო ეგ ვიცი...

 

„ჩვენ არ ვართ "ციგნები"

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთ პრობლემები ძალზე ბევრი აქვთ, ჯაჭვივით ერთმანეთზე გადაბმული და მაინც ყველაზე მეტად ის აწუხებთ, რომ საზოგადოებისთვის „ციგნები“ არიან... ამბობენ, რომ ბოშები არ არიან საშიშები, არავის ერჩიან,არავის აყენებენ შეურაცხყოფას, არ ქურდობენ, არ ართმევენ, არ ესხმიან თავს...

 - ჩვენ არ ვართ "ციგნები", ვინც ცუდს აკეთებს იძახიან  რომ  ბოშაა, იტყუებიან... საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოდიან „დომები“, მათთან აკრძალულია მათხოვრობა, დაიჭერენ ვინც მათხოვრობს იმასაც და ვინც ფულს აძლევს იმასაც. ამიტომ, საქართველოში მოდიან და აქ მათხოვრობენ. ძალიან ბევრნი არიან, თბილისში, მეტეხთან იყვნენ და იქ ისე საშინლად იქცეოდნენ, სულ იპარავდნენ ფულს, თავს ესხმოდნენ, აფურთხებდნენ ტურისტებს, ჯიბეში ხელს უყოფენ და ამბობენ, რომ ბოშები არიან, ტყუილია, ეგენი „დომები“ არიან. ჩვენ არავის არაფერს ვუშავებთ, - ამბობენ ბოშები და წუხან, რომ „დომებმა“ მათზე შექმნილი სტერეოტიპები კიდევ უფრო დაამძიმეს.   

 

 

 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი