860
16 თებერვალი 2020, 21:37
ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნობილი რუსი ბიატლონისტის ევგენი უსტიუგოვის წყალობით, რუსეთმა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლების ჩათვლაში მოწინავე საფეხური დაკარგა. 2013 წლის 27 აგვისტოდან 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე უსტიუგოვის ყველა შედეგი გაუქმებულია. აქედან გამომდინარე, რუსი სპორტსმენი დაკარგავს სოჭის ოლიმპიურ სარბიელზე კაცთა ესტაფეტაში მოპოვებულ ოქროს მედალს.
საგულისხმოა, რომ საესტაფეტო გუნდის რომელიმე წევრის დისკვალიფიკაციით დასჯის გამო უქმდება ოთხეულის შედეგიც. შესაბამისად, ოქროს მედლები ჩამოერთმევათ უსტიუგოვის თანაგუნდელებს - ალექსეი ვოლკოვს, დიმიტრი მალიშკოს და ანტონ შიპულინს. ბიატლონში რუსეთისთვის ჩამორთმეული ოქროს მედალი გადაეცემა გერმანიას, ვერცხლი - ავსტრიას, ბრინჯაო კი - ნორვეგიას.
გარდა ამისა, რუსეთი სოჭი-2014-ის მედლების ჩათვლაში ერთხელაც დაკარგავს პირველ ადგილს და მას ნორვეგიას დაუთმობს. საქმე ის არის, რომ რუსულ სპორტში დოპინგთან დაკავშირებით რიჩარდ მაკლარენის მოხსენების და დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ანგარიშების საფუძველზე რუს სპორტსმენებს რამდენიმე მედალი ჩამოერთვათ. მოგვიანებით, სპორტის საარბიტრაჟო (CAS) სასამართლომ რამდენიმე რუსი სპორტსმენის სარჩელი დააკმაყოფილა და მედლები დაუბრუნა, რამაც რუსეთი პირველ ადგილზე დააბრუნა.
დღევანდელი მონაცემებით, რუსეთმა მთლიანობაში სოჭის ოლიმპიური თამაშების 4 მედალი დაკარგა.
მედლების განახლებულ საერთო ჩათვლაში 11 ოქროს მედლით პირველ ადგილზე ნორვეგია დაწინაურდება, 10 ოქროს მედლით მეორეზე დაქვეითდება რუსეთი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |