სტატიები
თარიღები, რომლებიც დამოუკიდებლობის ისტორიას ქმნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
941 25 მაისი 2022, 22:32


ქეთი ხატიაშვილი

„საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“, - ეს სიტყვები ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს წარმოთქვა. ის ძალიან ამაყი იდგა და გაბედულად საუბრობდა. თუმცა საქმე სიამაყეში კი არა, თავისუფლებაში იყო. რადგანაც 1989 წლის 9 აპრილამდე ამ ფრაზის წარმოთქმისთვის მას აუცილებლად დაიჭერდნენ. 

სწორედ 9 აპრილმა გახადა არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ შეუქცევადიც საქართველოს დამოუკიდებლობა. 

ამ თარიღმა შექმნა დიდი ისტორია. უფრო ზუსტად შექმნა ისტორიული შანსი, მოგვეპოვებინა თავისუფლება, შეგვექმნა დემოკრატია და დავბრუნებოდით ევროპულ ოჯახს. 

თუმცა მანამდე იყო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის 98%-მა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა. რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალშიც. 

1992 წლის 7 მარტს საქართველოში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა. „..ვიყავი დარწმუნებული, რომ მხოლოდ მე შემეძლო საქართველოს ამოთრევა ქაოსისა და კრიზისიდან და გაძღოლა დემოკრატიისკენ“, - ეს ფრაზა მან პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ თქვა. 

ანალიზი
დავით გამცემლიძე
ისტორიკოსი, ანალიტიკოსი
2 მნიშვნელოვანი თარიღი, რომელმაც ისტორია შექმნა და მნიშვნელოვანი იყო არის 1989 წლის 9 აპრილი. მაშინ უკომპრომისო დამოუკიდებლობის იდეა გაჩნდა და 1991 წლის 31 მარტი. დამოუკიდებლობის  იურიდიული საფუძველი შეიქმნა

ედუარდ შევარდნაძის გარდა, იმ ისტორიულ მომენტში სხვა ვერავინ შეძლებდა სამოქალაქო ომის შეჩერებას. 

თავისუფლების შემდეგ სტაბილურობა წინსვლის აუცილებელი პირობა იყო. 

რაში დაიხარჯა ეს სტაბილურობა:

1995 წლის 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მხოლოდ მეხუთე წელს გახდა შესაძლებელი კონსტიტუციის მიღება. ის, რაც ზვიად გამსახურდიამ ამაყად და თავისუფლად თქვა, კონსტიტუციაში ჩაიწერა. 

1998 წლის 29 ოქტომბერი - ანკარაში ხელი მოეწერა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ხელშეკრულებას. თავდაპირველად საუკუნის პროექტად შეფასებულ დოკუმენტში თბილისი არ ფიგურირებდა და ის სწორედ შევარდნაძის მოთხოვნით შეიტანეს ხელშეკრულების დასახელებაში. ეს იყო ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. 

1999 წლის 27 აპრილი - საქართველო ევროსაბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა ხდება. „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, - იტყვის სტრასბურგში პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. 

სწორედ მას უკავშირდება პირველი სახელმწიფო ინსტიტუტის - პარლამენტის აწყობა. მან შექმნა ევროპული რეგლამენტიც, პროტოკოლიც და თამაშის წესებიც. შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოს პარლამენტს ხშირად დემოკრატიის კუნძულსაც კი უწოდებდნენ. 

1999 წლის 19 ნოემბერი - სტამბოლში ათასწლეულის სამიტზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც რუსეთმა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის ვალდებულება აიღო.

ანალიზი
თორნიკე შარაშენიძე
პოლიტიკის ექსპერტი
2 მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც ისტორია შექმნა და გამოვყოფდი სხვა თარიღებისგან არის ბაქო-თბილისი-ჯეიხანის პროექტი. საქართველომ ფუნქცია დაიბრუნა/შეიძენა. და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით


2002 წლის 21 ნოემბერი - ნატოს პრაღის სამიტზე საქართველომ ნატოსკენ თავისი მისწრაფება ოფიციალურად დააფიქსირა. ედუარდ შევარდნაძის ისტორიული სიტყვა ასე ჟღერდა:

„ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამიტზე შემიძლია განვაცხადო: საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო და მზადაა, ყოველივე იღონოს, რათა ღირსეულად მოემზადოს ამ ისტორიული მისიისთვის. საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ეს არც ისე მოკლე გზაა, მაგრამ არც ისე გრძელი, როგორც სულ ორიოდე წლის წინ მოჩანდა...“

გამსახურდიას გარეშე ჩვენ, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობას მოვიპოვებდით, თუმცა შევარდნაძის გარეშე იმ მომენტში სამოქალაქო ომისა და ქვეყნის ტერიტორიული რღვევის  შეჩერება არავის შეეძლო. მისი გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილი მის სახელს მხოლოდ საბჭოთა კავშირს დაუკავშირებს, დასავლური პრესა კი მას მოიხსენიებს, როგორც ცივი ომის გმირს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი იტყვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ „შეინარჩუნა პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დააყენა“. შევარდნაძის მოღვაწეობის კონტექსტში ის გაიხსენებს ცივი ომის დასრულებას, გერმანიის გაერთიანებას, ბირთვული შეიარაღების შემცირებას და  შევარდნაძეს უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეს უწოდებს.  

თუმცა საშინელი კორუფცია დამოუკიდებლობის გზაზე საქართველოს აქილევსის ქუსლი გახდება. ამ ქუსლს რეფორმატორებმა პოლიტიკური ტყვია მალევე ესროლეს.

2003 წლის 23 ნოემბერს ვარდების რევოლუცია მოხდა. ეს იყო ხელისუფლებაში ახალი თაობის მოსვლისა და ახალი პერსპექტივების გაჩენის მომენტი.

ეს თარიღი შეიძლება კორუფციის დასასრულისა და რეფორმის დაწყების საფუძვლად მივიჩნიოთ. 

ანალიზი
ლევან ალაფიშვილი
ექსპერტი
2 თარიღი, რომელმაც ისტორია შექმნა იყო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელიც მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა; ასევე 2008 წლის 5 იანვრის პლებიცისტი ნატოში გაწევრიანებაზე. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება მოქალაქეება მიიღეს, მათ იაქტიურეს, ამიტომაც გამოვყოფ

ვარდების რევოლუციის მთავარ მიღწევად შეიძლება დასახელდეს პატრული და ეროვნული გამოცდების ჩატარების გამჭვირვალე სისტემის შექმნა. 

ვარდების რევოლუცია იყო მენტალური შეტევა 1921 წლის 25 თებერვალზე - ცხოვრებისა და აზროვნების იმ ტემპსა და სტილზე, რომელიც საბჭოთა მმართველობამ საქართველოში შემოიტანა და დაამყარა. საბჭოთა აზროვნებიდან დასავლურ აზროვნებაზე გადასვლა განათლების გავლით - მიზანი ნამდვილად დიადი იყო, თუმცა...

თუმცა სააკაშვილმა თავად გადაუხვია ამ აზროვნებიდან - დემოკრატია აღარ მოეწონა, კონკურენტები მოღალატეებად გამოაცხადა, ბიზნესმენები - მტრებად, თავისუფალი მედია დახურა. ევროკავშირის ნაცვლად კი კურსი სინგაპურისკენ ავიღეთ. ამის შესახებ მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა. სინგაპური - ეს ეკონომიკის სასარგებლოდ დემოკრატიისა და თავისუფლების სრული უგულებელყოფაა. მაგალითისთვის, სინგაპურში სიტყვა დემოკრატიის წარმოთქმაც კი დასჯადია. 

2012 წლის 31 ოქტომბერი - პირველად მოხდა ხელისუფლების გადაცემა არჩევნების გზით. წაგებულმა სააკაშვილმა წაგება აღიარა და მოგებულ ბიძინა ივანიშვილს ხელი ჩამოართვა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერტიკალზე „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა. ნაციონალები პირველი ოპოზიციური ძალა იყო, რომელიც გამარჯვებულმა პარტიამ არ გაანადგურა. 

2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) ჩათვლით. ეს დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების გაგრძელებასა და ცხოვრების ყველა სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას ავალდებულებს. 

2017 წლის 2 თებერვალს ევროპის პარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

დღეს კი უკვე ევროკავშირის წევრი კანდიდატის ანკეტა შევავსეთ. 

და ჩვენი ისტორია გრძელდება...


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი