966
03 თებერვალი 2020, 10:31
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააღრმავებს ისედაც მტკიცე სავაჭრო ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. წელს ეს საკითხი უნდა იქცეს ტრამპის ადმინისტრაციის და კონგრესის პრიორიტეტად.
„ბოლო ათწლეულში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციის და ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით“ - ნათქვამია - “Heritage Foundation”-ის მკვლევარის ალექსის მრაჩეკის სტატიაში „5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 1996 წლიდან, როცა "ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა" დაიწყო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოქვეყნება, 2019 წლამდე საქართველომ გადაინაცვლა „ეკონომიკურად რეპრესირებული“ კატეგორიიდან „ეკონომიკურად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში. საქართველოს მაჩვენებლები რეკორდულია, რადგან სულ რაღაც 13 წელიწადში მან 124-ე ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა.
„უკვე წლებია, რაც აშშ განიხილავს საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას. წელს დადგა მისი გაფორმების დრო, რამაც უნდა ცხადყოს ხელშესახები მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელსაც წლების განმავლობაში წვლილი შეაქვს ამერიკულ მისიაში, ავღანეთში.
საქართველო-აშშ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემუშავება ცარიელ ადგილზე როდი დაიწყება - ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების და ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო-ხელშეკრულების გარდა, უკვე მიმდინარეობს მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მხოლოდ გააღრმავებს ისედაც მტკიცე სავაჭრო ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. წელს ეს საკითხი უნდა იქცეს ტრამპის ადმინისტრაციის და კონგრესის პრიორიტეტად“ - ნათქვამია სტატიაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |