საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ფრანგი წევრი გი დრიუ პეკინში გამართულ IOC-ის 139-ე სესიაზე თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის და IOC-ის დამაარსებლის, პიერ დე კუბერტენის პარიზის პანთეონში გადასვენების წინადადებით გამოვიდა.
„მინდა წინადადებით მივმართო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შექმნას კომისია, რომელიც პიერ დე კუბერტენის პარიზის პანთეონში გადასვენების შესაძლებლობას განიხილავს. ეს პანთეონი კაცობრიობის ისტორიაზე უდიდესი გავლენის მქონე ცნობილი ფრანგების უკვდავსაყოფად არსებობს. პიერ დე კუბერტენი ამას იმსახურებს", - სეოკ-ის ინფორმაციით, ეს განცხადება გი დრიუმ გააკეთა და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ გადასვენება მიეძღვნება პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას.
ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელი პიერ დე კუბერტენი 1937 წლის 2 სექტემბერს შვეიცარიაში გარდაიცვალა და ლოზანაშია დაკრძალული.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |