855
24 იანვარი 2020, 14:20
მორის ყვითელაშვილმა ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალი მოუპოვა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ავსტრიის გრაცში ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა, პირველად ვაჟთა ასპარეზობათა ისტორიაში, მედალი მოიპოვა.
ისტორიულ შედეგს მორის ყვითელაშვილმა მიაღწია. ვაჟთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ქართველმა, რომელიც მოკლე პროგრამაში 82.77 ქულით მეოთხე იყო, თავისუფალში 163.94 ქულა დაიმსახურა, ორივე პროგრამის ჯამში 246.71 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მოპოვებით კარიერის პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატებზე ქალებში პირველ ასეთ წარმატებას 2010 წელს ტალინში ელენე გედევანიშვილმა მიაღწია და შემდგომ იგივე შედეგი 2012 წელს შეფილდში გაიმეორა.
ვაჟთა ერთეულებში ასევე იასპარეზა ირაკლი მაისურაძემ - მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში ასახული 214.47 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა. 19 წლის ქართველი მოციგურავესთვის ეს ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო მაჩვენებელია.
დღესვე სპორტულ ცეკვებში იასპარეზა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა, რომელმაც შარშან დეკემბერში ახალგაზრდებში წლის ფინალური გრან-პრი მოიგო. გრაცში ჩვენმა დუეტმა მოკლე პროგრამაში 27 წყვილს შორის 67.49 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა და თავისუფალი პროგრამისთვის კვალიფიკაცია გაიარა. თავისუფალი პროგრამა 25 იანვარს გაიმართება.
24 იანვარს ქალთა ერთეულებში ასპარეზში ჩაებმებმა ალინა ურუშაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |