სტატიები
The Washington Times: გახარიას აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარი, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1022 08 ოქტომბერი 2019, 12:25

ევროპასა და აზიაში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური სტრატეგიების გადათამაშება,  ხოლო ამ თავსატეხის გაბნეული ფიგურები კავკასიაში იყრის თავს, მათ შორის სამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

აქ კი საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ქვეყანა წარმოადგენს მოვლენების ეპიცენტრს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უფრო მეტი დევს ფსონზე, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის ამბიციური „სარტყლის და გზის“ ინიციატივა მთელ ევრაზიას მოიცავს, ხოლო რეგრესის გზაზე მყოფი რუსეთი ცდილობს, მიუერთდეს ჩინეთის დინამიზმს და, ამავე დროს, არ დათმოს ჰეგემონია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ცენტრალური აზია რეფორმების გზით ადასტურებს თავის ეკონომიკურ პოტენციალს, ხოლო თურქეთი „ეთამაშება“ ახალ ხედვებს თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ „არაევროპულ“, ევროპის გარეშე მომავალში.

ჩინეთიც და რუსეთიც, ამერიკაც და ევროპაც - ყველა ეძებს სტაბილურობის განმტკიცების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და სტრატეგიული უპირატესობის მიღწევის გზებს. ყველა ეს ტრაექტორია კი თავს იყრის კავკასიაში, სადაც ყველა წამყვანი მოთამაშე ცდილობს, დაიკავოს პოლიტიკური გავლენის და ეკონომიკური უპირატესობის მოპოვებისთვის ხელსაყრელი პოზიცია, სადაც ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძები ერთმანეთს კვეთს.

მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს პოზიციებს სპარსეთის ყურესა და ავღანეთში, ყოფილი საბჭოთა რეგიონები, მათ შორის კავკასია და ცენტრალური აზია, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

ვაშინგტონის ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანთან დღესაც გართულებულია 1988 წელს დაწყებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. მეორეს მხრივ, პროდასავლური საქართველო, ისრაელთან ერთად, წარმოადგენს ამერიკის ყველაზე ერთგულ და სანდო მეგობარს და მოკავშირეს ფართო რეგიონში.

კავკასიაში განლაგებული საქართველო წარმოადგენს სახმელეთო ხიდს ევროპასა და აზიას, შავ და კასპიის ზღვებს შორის. ათასწლეულების განმავლობაში ქვეყანამ გადაიტანა სპარსელების, ოსმალების, რუსებისა და მონღოლების შემოსევები, და ყოველ ჯერზე ქართველები იგერიებდნენ მჩაგვრელებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო კიდევ ერთხელ აღდგა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არამდგრად, ფეთქებად გარემოში. საქართველოს სათავეში უდგას სტაბილური და დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კავშირების განსამტკიცებლად, განსაკუთრებით ბოლო წლებში, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ გზაზე სვლა შესაბამის უნარებს და სიზუსტეს მოითხოვს.

საქართველოს ეკონომიკის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20% არის ოკუპირებული
გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი

11 სექტემბრის მოვლენებზე ამერიკის პასუხის და ერაყში საომარი მოქმედებების მხარდაჭერის მიზნით საქართველომ ავღანეთსა და ერაყში 3500 მებრძოლი გააგზავნა. 2008 წელს კი რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დაიკავა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

სწორედ ამაზე მიუთითებდა გიორგი გახარია სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნისას: „საქართველოს ეკონომიკის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20% არის ოკუპირებული - ამაშია ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი“.

ბატონმა გახარიამ ასევე მკაფიოდ დაადასტურა, რომ აშშ არის საქართველოს უახლოესი მოკავშირეა და რომ საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

ახალ თანამდებობაზე ბატონი გახარია შთამბეჭდავი ბიოგრაფიით მოვიდა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ბიზნესში, მათ შორის ავიაკომპანია ლუფტჰანზაში, ხოლო შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში და დაინიშნა ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე. შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ასევე ეკონომიკის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იგი ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს რეფორმების განხორციელებას ანგარიშვალდებულების, ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების მიზნით.

მისმა წარმატებულმა საქმიანობამ ეკონომიკის სექტორში მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ბოლო ინდექსში საქართველო მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ხელისუფლების ეფექტიანობის და კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას.

გახარიას რთული გზა ელის წინ. მას ამ გზის გავლის უნარი შესწევს, თუმცა ამას დრო დასჭირდება

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას ბატონმა გახარიამ თავის კომენტარებში ასევე მოუწოდა არსებული ფორმატების „ჭკვიანურად და რაციონალურად“ გამოყენებისკენ რუსეთთან ურთიერთობებში და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან მიმართებაში. ბატონი გახარია აცნობიერებს, რომ ღია სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. მას ასევე ახსოვს, რომ სამხედრო ინტერვენციას რუსეთის მხრიდან წინ უძღვოდა კიბერშეტევა, რომელმაც გაანეიტრალა საქართველოს მთავრობა და ფინანსური ინტიტუტები.

ბატონ გახარიას აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარი, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე. რუსეთი წარმოადგენს უმთავრეს, თუმცა კი არა ერთადერთ პრობლემას უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუკი მდგომარეობა რეგიონში არ შეიცვალა, მხოლოდ დროის საკითხია, რომ აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებმა რეგიონში ყურადღება საქართველოზე გადაიტანონ.

1400-ზე მეტი წლის განმავლობაში საქართველომ გამოზარდა დიდი ლიდერები, რომლებმაც ერთ მუშტად კრავდნენ ქვეყანას და კრიტიკულ მომენტში ამარცხებდნენ მტერს. იმავე დროის განმავლობაში საქართველოს გადატანილი აქვს შიდა დაპირისპირებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. დღესაც შიდა ბრძოლა დომინირებს ქართულ პოლიტიკაში და ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ბატონ გახარიას რთული გზა ელის წინ. მას ამ გზის გავლის უნარი შესწევს, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ამისთვის მას თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა დასჭირდება.

 

 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი