სტატიები
მიშა!!! მიშა!!! მიშა!!! მიშა!!! მიშა!!! მიშა!!!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1227 15 ოქტომბერი 2021, 23:33

ქეთი ხატიაშვილი

ვინ არის მიშა? მიშას პროპაგანდისტები საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ის დიდი რეფორმატორია. თავად მიშა ამბობს, რომ სახელმწიფოებრიობის ფუძემდებელია. თუმცა,  ხალხს მხოლოდ დაგებული გზები ახსენდება. არადა, რეფორმები იყო, პირველ რიგში პატრული, მეორე რიგში - იუსტიციის სახლი, მესამე რიგში - ეროვნული გამოცდები. რატომ არ ხვდება ისინი ხალხის ჩამონათვალში?

შეიძლება იმიტომ, რომ სხვა რეფორმები არც ყოფილა. რაც იყო, ცვლილებას უფრო ჰგავდა, ვიდრე გარდაქმნას. ეს ცვლილებები კი მიშას სიამაყეს უფრო ემსახურებოდა, ვიდრე ხალხს. სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს ხშირად აღმატებული ტონით საუბრობდა ამ რეფორმებზე. თუმცა, პოლიცია იმდენად პოლიტიზებული იყო და აქციების დარბევის დროსაც ისე ომახიანად გაჰყვიროდა: მიშა! მიშა! მიშა! რომ მოსახლეობამ ისინი ვერც აღიქვა და ვერც მიიღო, როგორც მის სამსახურში ჩაყენებული ინსტიტუტები. 

უფრო მარტივად, ხალხი რეფორმებს აღიქვამდა არა როგორც მისი უფლებების დაცვის ინსტრუმენტს, არამედ როგორც მიშას იარაღს ხალხის წინააღმდეგ. ასეთი აღქმა დატოვა იგივე 7-მა ნოემბერმა, 26-მა მაისმა. 

ასე რომ, მოასფალტებული ქუჩები, რა თქმა უნდა, დიდი და უწყინარი საჩუქარი იყო. და ის კარგადაც ახსოვთ. აი, დანარჩენებს კი ვეღარ აკონკრეტებენ. 

გზების იქით იწყება ის, რაც მათ მიშას პროპაგანდისტულმა მანქანამ ჩაუნერგა - დემოკრატიული სახელმწიფო შექმნა, რომელიც თურმე მანამდე არ არსებობდა. ჰოდა, იმეორებენ!!!

დემოკრატიული სახელმწიფო კი, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვა და ღია არჩევნებია. 

შემთხვევითი არ არის, რომ ამ ნაწილში თავისუფლების მოედანზე მიშას სახელით გამართულ მიტინგზე მისული ხალხი კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა. „პოსტივის“ ეთერში ეს კარგად ჩანდა. ზოგიერთები კი ამბობდნენ: დიახ, მოხდა გირგვლიანი, რობაქიძე, მაგრამ სად არ ხდება? ან დიახ, იყო წამება ციხეებში, მაგრამ დრო იყო ასეთი. 

როგორც წესი, სტალინელები და ლენინელები ამბობენ ხოლმე: დრო იყო ასეთი, ლენინს მტრებთან ბრძოლა უწევდა, ის ხალხისთვის იბრძოდა, მათი ბედნიერებისთვის და მათი უფლებებისთვის.

თუმცა, როცა ლენინმა ვერტიკალამდე მიაღწია, იმავე ხალხს თავისუფლების ნაცვლად ტოტალიტარიზმი და რეპრესიები მოუტანა, ბედნიერების ნაცვლად კი - შიმშილი და სიკვდილი. თუმცა, როცა მოკვდა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ცრემლებს ვერ იკავებდა, ისევე როგორც სტალინის გარდაცვალების დროს. 

ასეა ახლაც საქართველოში, ასე იყო ცოტა ხნის წინ ვენესუელაში, უფრო ადრე კი - ჩრდილოელ კორეაში. განსხვავებული ქვეყნებია სრულიად განსხვავებული ბედითა და განვითარების დონით, მაგრამ ერთი რამ მაინც საერთო აქვთ - ეს პროპაგანდისტული მანქანაა, რომელიც ქვეყნის არსებობასა და ლიდერს შორის ტოლობას სვამს. 

მაგალითად, რუსული პროპაგანდა ამბობდა, რომ ლენინის გარეშე საბჭოთა კავშირი არ იარსებებდა; ახლა საქართველოში მიშას პროპაგანდა ირწმუნება, რომ მიშას გარეშე საქართველო არ იარსებებს. მანამდე არც ასლან აბაშიძის გარეშე უნდა ეარსება აჭარას. 

მაგრამ როგორ მოიპოვა ტოლობის ნიშანი მიშამ? მაგალითად, პირველი დემოკრატიული ინსტიტუტი, თავისი ოფიციალური პროტოკოლით, ჟვანიამ შექმნა პარლამენტისგან. თუმცა, ის სიმბოლოდ ვერ იქცა.

მიშაც შეეცადა, სხვათა შორის, შევარდნაძის დროს სასამართლოს რეფორმირებას, თუმცა სრული ფიასკო განიცადა.
შესაძლოა, უკვე მაშინ მიხვდა ის, რომ რეფორმა ხანგრძლივი პროცესია, რთული და წინააღმდეგობრივი. უკვე ვერტიკალზე კი იმასაც დაინახავდა, რამდენად ცუდი იარაღია რეფორმა ძალაუფლების შენარჩუნების საქმეში.

ამიტომაც დემოკრატია, დასავლური ღირებულებები მის ლექსიკონში ისევე დარჩება, როგორც საზეპიროები, რომლებიც მაღალ სტუმარს ისევე უნდა მოუყვე, ადრე პატარა ბავშვებს რომ აიძულებდნენ, სკამზე შემხტარიყვნენ და ლექსი გამოთქმით წაეკითხათ.

ჰოდა, მიშაც ამ როლში შევიდა. საზეპიროებს სხაპასხუპით ყვებოდა, მაგალითად, იგივე ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს. მაღალი სტუმრის გაცილებისთანავე კი შიდა აუდიტორიას ხმამაღლა ესაუბრებოდა სინგაპურიზაციაზე. იმ ქვეყანაზე, სადაც სიტყვა დემოკრატიაც კი კანონით ისჯება. 

მაგრამ ესეც არ იყო ყველაფერი. უფრო ზუსტად არაფერი არ იყო იმ მთავარის გარეშე, რასაც იდეა ჰქვია. 
თავად განსაჯეთ, თუ არ არის რეფორმა, არ არის დემოკრატია, არ არის ღირებულებები. მაშინ ხომ უნდა იყოს რაღაც, რის გამოც მიშა უდრის საქართველოს?

ჰოდა, ეს რაღაც მან საკმაოდ იოლად იპოვა. შევარდნაძის წინააღმდეგ თუ მხოლოდ კორუფციის გამო იბრძოდა, საკუთარი კონკურენტების წინააღმდეგ ის ზვიად გამსახურდიას გამოიყენებს. 
იდეაც ეს იქნება. 

მიშა იტყვის, რომ ის ერთადერთია, ვინც, ზვიად გამსახურდიას მსგავსად, თავისუფლებისთვის იბრძვის, იბრძვის კრემლისა და პუტინის წინააღმდეგ. 

ზვიადის მომხრეებმა ეს იოლად დაიჯერეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მან შევარდნაძე აიძულა, გადამდგარიყო. შევარდნაძის მიმართ კი ზვიადისტებს შეურიგებელი დამოკიდებულება ჰქონდათ. საქართველოს მეორე პრეზიდენტს იუდას ეძახდნენ და ზვიადის დამხობასაც სწორედ მას უკავშირებდნენ. 

მიშამ ზვიადის მომხრეებს ზვიადის გამო შურისძიების საშუალება მისცა - ასე თარგმნეს მათ 2003 წლის ვარდების რევოლუცია. 

ჰოდა, მერე და მერე და ყოველთვის, როცა მიშას მართვა, გავლენების შენარჩუნება თუ ვერტიკალზე დარჩენა გაუჭირდება, ის იტყვი: მე ვებრძვი მტრებს საქართველოს გადასარჩენად.

მტრები კი არა მხოლოდ კრემლში, არამედ ყველგან იპოვა - თავის პირად პოლიტიკურ კონკურენტებში, ყველა წარუმატებელი ნაბიჯის ქვეშ თუ საკუთარი შეცდომების უკან. 

ზვიად გამსახურდია მისთვის გამოსავალი უფრო გახდა, ვიდრე თავისუფლების სიმბოლო.

ამიტომაც ის მის გარემოცვაში ირინა სარიშვილსაც იღებს, რომელიც თავის დროზე სწორედ ზვიად გამსახურდიას ებრძოდა და სერიოზულ პროვოკაციულ ძალას წარმოადგენდა, და გია ბარამიძესაც, რომელმაც საქართველოს დსთ-ში შეყვანის კენჭისყრის დროს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ჰოდა, ახლა, როცა ტოლობის ნიშანი დასმულია, პროპაგანდა ადვილად ახდენს ამ მითის გაცოცხლებას. ბევრს მართლაც სწამს, რომ მიშას გარეშე საქართველო არ იარსებებს; რომ ირგვლივ ყველა მტერი და პრორუსია, მიშას გარდა; და რომ მხოლოდ მას შეუძლია გაანათოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი