942
11 იანვარი 2020, 11:13
პარასკევს, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, სოხუმში მაღალი რანგის ემისარი - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა. მან მოლაპარაკება გამართა არა მხოლოდ ხელისუფლებასთან, არამედ „პრეზიდენტ“ რაულ ჰაჯიმბას ოპოზიციასთანაც.
ამ დროს ოპოზიციონერები უკვე აკონტროლებდნენ „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციას, რომელიც სრულიად უმტკივნეულოდ, რაიმე წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს. რამდენიმე საათით ადრე, სოხუმში დაბრუნდა ოპოზიცის ლიდერი, ასლან ბჟანია. აგვისტოს არჩევნებამდე იგი „უცნაურად მოიწამლა“.
ნურგალიევს და მის უშუალო ხელმძღვანელს, კრემლის „ნაცრისფერ კარდინალ“ სურკოვს, აფხაზებთან ერთადერთი მოთხოვნა აქვთ: „რაც გინდა ქენით, მაგრამ არ გაისროლოთ. თუ გაისვრით - ჩვენ ჩავერევით!“.
გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზა სრულ სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი. ამ ფონზე „აფხაზეთის თავდაცვის მინისტრ ქიშმარიას“ განცხადება „აფხაზური არმია შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობსო“ - მოსკოვის მითითების შესრულებაა.
ხაჯიმბა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. აფხაზეთში პოლიტიკური დაპირისპირებისა და არეულობის მორიგი ეტაპი იწყება. მოსკოვის მიზანიც ესაა: ამჟამინდელი „პრეზიდენტით“ უკმაყოფილონი არიან, რადგან რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის მოთხოვნა არ შეასრულა, მაგრამ „უსისხლო მარადი არეულობა“ უნდათ, რაკი თუ სისხლი დაიღვარა, მაშინ იმპერიული გავლენით მოწამლულ, სინამდვილეში ძალიან უბედურ და წარუმატებელ აფხაზეთში „ჩარევის“ სურვილს სხვა გარე მოთამაშებიც მოინდომებენ: თურქეთისა და ევროპის სახით. ეს კი მოსკოვისთვის კვლავ კატეგორიულად მიუღებელია.
მისი პოლიტიკაა „მარადი, კონტროლირებადი ქაოსი“.
რაც შეხება საქართველოს, ვინც არ უნდა გახდეს აფხაზეთის „პრეზიდენტი“ - ასლან ბჟანია თუ ალხაზ კვიცინია, ვინც აგვისტო-სექტემბრის არჩევნებზე მხოლოდ გაყალბებისა და ტერორის გამო წააგო ხაჯიმბასთან - თბილისის მიმართ აფხაზ სეპარატისტთა დამოკიდებულება არ შეიცვლება: რეალურ მოლაპარაკებებზე თბილისთან ისინი მაინც არ წამოვლენ, რადგან იციან, რომ ნამდვილი მოლაპარაკების თემები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: ლტოლვილთა დაბრუნება და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
ამიტომაც, მიუხედავად მუდმივი არეულობისა, სეპარატისტებს ურჩევნიათ, ისევ მოკოვის პროვოცირებულ „მართულ ქაოსში“ იცხოვრონ, ვიდრე საქართველოსთან გაარკვიონ ურთიერთობა და 1993 წელს, იმავე მოსკოვის მხარდაჭერით მიღწეული საკუთარი „ისტორიული გამარჯვება“ (როგორც თავად უწოდებენ) დააყენონ ეჭვქვეშ.
დათო გამცემლიძე
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |