1057
07 სექტემბერი 2021, 15:24
ქეთი ხატიაშვილი
საინტერესოა, ხმის მიცემის უფლება რომ ჰქონდეს, ვის დაუჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერის პოზიციაზე? ვის მისცემდა ხმას - საკუთარი პარტიის კანდიდატურას თუ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს - მელიას თუ გახარიას? ვინ უფრო სჭირდება და აწყობს მის პოლიტიკურ თამაშებს?
ვნახოთ რას მოიტანს მელიას მეორე ტურში გადასვლა? ეს მიშასთვის უკვე მიღწეული შედეგია - გაიგო, რომ მთავარი ოპოზიციონერის სტატუსშია. გაიგო და უკვე აღარ აკმაყოფილებს - სუპერმმართველი უნდა რომ იყოს და არა უბრალოდ მთავარი ოპოზიციონერი.
ნიკა კი ის ფიგურა არ არის, ვინც ბელადის პოლიტიკურ თამაშს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.
მაგრამ გიორგი გახარია სულ სხვა თემაა. ამ ფიგურით მიშას შეუძლია, პირველივე ტურში მეორე ტურის წესებით ითამაშოს.
და თითქოს ასეც არის. მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ გადაწყვიტა და თბილისის მერის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ნიკა მელიას ზუგდიდის ქუჩებში უფრო ნახავთ, ვიდრე თბილისის საარჩევნო რინგზე.
[ზუგდიდს სააკაშვილი საკუთარი პოლიტიკური გავლენების სფეროდ განიხილავს, ჰოდა მამა-შვილი მელიების იქ საარჩევნო კამპანიაში ჩართვაც, გაქცეული მესამე პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, უსიამოვნო სიურპრიზი ყოფილიყო]
თბილისს დავუბრუნდეთ. ნაციონალები თითქოს არც ატარებენ საარჩევნო კამპანიას - არც აქტიურობენ, არც კარდაკარ დადიან, ეკრანიდან იმოძღვრებიან იმ დოზით, რა დოზასაც საარჩევნო მარათონი იტანს ხოლმე. ისე, თითქოს დემონსტრაციულად დააპაუზეს. სპორტში ასეთ ქცევას, წინასწარ „გაყიდულს“ ეძახიან. ყოველ შემთხვევაში, „ბალეშიკებს“ სწორედ ასეთი შთაბეჭდილება რჩებათ.
რა უპირატესობა აქვს გიორგი გახარიას?
ის ერთადერთია ოპოზიციაში, ვისაც „ქართული ოცნების“ ელექტორატზე ნადირობა შეუძლია. ჰოდა, თუ მას ოპოზიციისა და საპროტესტო ხმებს დაუმატებს, შეიძლება შედეგიც შთამბეჭდავი მიიღოს.
მაგრამ თავისი კანდიდატურის პასიურობით საარჩევნო რინგზე მიშა გახარიას ხომ არ ეხმარება, პირველივე ტურში დაასრულოს ბრძოლა მერის სავარძლისთვის? ის ხომ მოუთმენელი და სულსწრაფია, რატომაც არ უნდა სცადოს? მით უფრო, როცა ოპოზიციამ ერთიმეორეზე უსახო და უსახური ფიგურები დააყენა რინგზე. ესეც დიდი ფორაა გახარიასთვის.
ეგებ მეორე ტური საჭირო არც გახდეს, ეგებ ამ სრული სიჩუმით რინგზე მან მაქსიმალურად ისარგებლოს. თუ არადა, მეორე ტურში ყველა გახარიას გარშემო გაერთიანდება.
ასე რომ, სააკაშვილს ახლა აწყობს გიორგი გახარია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას მეტი რესურსი აქვს, „ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოლოს, არამედ იმიტომაც, რომ დასავლეთისთვის გახარია უფრო სერიოზული ფიგურაა, ვიდრე მელია.
თანაც მელიამ მას იმედები ბევრჯერ გაუცრუა. ამბიციებიც გამოამჟღავნა - „ნაციონალურ მოძრაობაში“ „მიშა მაგარიას“ მემკვიდრეობაზე უჭირავს თვალი და ხასიათიც - გაბედა და ციხეში ჩაჯდა. ჰო, ის გაბედა, რასაც მიშა ვერ ბედავს.
და როგორც ჩანს, ვერც ახლა გაბედავს, გიორგი გახარია თუ არ გაუწმენდს გზას ვერტიკალისკენ. ამჯერად ისინი ერთმანეთის მძევლები არიან. სააკაშვილს პირველად დასჭირდა მაშველი რგოლი საკუთარი პარტიის გარეთ; გახარიას მაშველი რგოლი საქართველოს გარეთ.
ასე რომ, ახლა მათთვის ეს არჩევნები რეფერენდუმი კი არ არის, არამედ რინგი, სადაც ერთმანეთი უნდა გადაარჩინონ... რა მოხდება მერე? ეს ჯერ არავინ იცის და ესეც ქართული პოლიტიკის ტრადიციული თავისებურებაა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |