სტატიები
შოთა ჭიჭიაშვილის კრიმინალური არქივი - ვინ იყო „კაპიტანი“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2533 03 ოქტომბერი 2019, 00:43

უკრაინაში მოკლული შოთა, იგივე მევლუდ ჭიჭიაშვილი, რომელიც „კაპიტნის“ ზედმეტსახელით იყო ცნობილი, 90-იანი წლების საქართველოში მომხდარი გახმაურებული დანაშაულების ორგანიზატორი იყო, რომლის დაჯგუფებაც პანკისის ხეობაში იყო დაბანაკებული.

შოთა ჭიჭიაშვილის კრიმინალური “არქივი” სოლიდურად გამოიყურება. ვეფხია მარგოშვილის მკვლელობის შემდეგ, პანკისის ხეობაში შექმნილი ერთ-ერთი პირველი სერიოზული კრიმინალური დაჯგუფების, ვეფხია მარგოშვილის ჯგუფის ლიდერი, სწორედ შოთა ჭიჭიაშვილი - „კაპიტანი“ გახდა  და ჯგუფიც გამსხვილდა.

საქართველოში არსებულ ჭიჭიაშვილის 23-ტომიან საქმეს მტკიცებულებად ერთვოდა მისი დაჯგუფების შეიარაღება: იაპონური წარმოების პორტატიული რადიოგადამცემები, “კალაშნიკოვის”, “აკს”-ის, “აკმ”-ის სისტემის ავტომატები; “მაკაროვის”, “ტტ” სისტემის პისტოლეტები და ასევე, “მაკაროვის” სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტები; “ფ”-ს ტიპის ყუმბარები, “რგდ”-ს ტიპის საიერიშო მოქმედების ხელყუმბარები; “რკბ-3”-ის ტიპის  ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარები; “რკპ-74”-ის ტიპის ხელის ტყვიამფრქვევის ვაზნები; “ვ-32”-ის მცირეკალიბრიანი ჭურვმტყოცნის სამხედრო ვაზნები; “რგ-42”-ის ტიპის ხელყუმბარა, რომლის ასაფეთქებლად გამოიყენება ტროტილი; “სკს”-ის თვითდამმუხტავი კარაბინის ვაზნები მცირე ჩამინათვალია ჭიჭიაშვილის ჯგუფის იმ შეიარაღებისა, რომლითაც ისინი იყვნენ აღჭურვილი. თუმცა, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი და ჭიჭიაშვილის საბრალდებო დასკვნაში 5 გვერდზე იყო ჩამოწერილი შეიარაღების ნუსხა, დაპატიმრებულთა მიერ მათი აღჭურვილობის შესახებ მიცემულ ჩვენებებთან შედარებით ფაქტობრივად, ზღვაში წვეთია. მათ დეტალურად აქვთ აღწერილი ჭიჭიაშვილისა და მისი დაჯგუფების მიერ პანკისის ხეობაში მოწყობილი საწვრთნელი ბაზის სამხედრო შეიარაღება. საქმეში საუბარია იმ სამხედრო მომზადების თაობაზეც, რომელსაც ამ ბაზაში გადიოდნენ.

“კაპიტანი” -  (შოთა ჭიჭიაშვილი) – დაახლოებით 170 სმ, გამხდარი, თხელი სახით, ძალიან განათლებული, კარგად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, გატაცებული იყო ფილოსოფიით და ამბობდა, რომ “ეტას” მიმდევარი იყო.  

“ნაილსი" - იქნებოდა დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, 24 წლის, გამხდარი, პროფესიონალი ჯარისკაცი. 

”ტარო” – დაახლოებით 170-175 სმ სიმაღლის, ჩასხმული, პატარა ხელებით და მსუქანი თითებით, დაახლოებით 45 წლის.

”ნაილსი” – დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, გამხდარი, 24 წლის, პროფესიონალი ჯარისკაცი. ერთი წლის მანძილზე ჩეჩნეთში მილიციელი იყო, შემდეგ გადავიდა სამხედრო ნაწილში. მარცხენა ორ თითს ვერ ამოძრავებს და დაახლოებით ხუთი ტატუირება აქვს, კოჭლი.  

“მაიკოლი” – დაახლოებით 175 სმ  სიმაღლის, გამხდარი, პოლიციელი იყო, შემდეგ გადავიდა სამხედრო ნაწილში. მან “კაპიტნის” დავალებით გაიტაცა ბერი. ის რუსეთის პასპორტით გადაადგილდებოდა. 

”ხოსუ” – დაახლოებით 180 სმ სიმაღლის, ათლეტური ათნაგობის, მხარზე აქვს ტატუირება -  ისარ გაყრილი გულის ფორმის. 

”დანი” – დაახლოებით 190 სმ სიმაღლის, ჩეჩენი ჯარისკაცი, მარჯვენა ხელზე ზემოთ აქვს ნაიარევი.

”კაკო” – 24 წლის, 1 70 სმ სიმაღლის, შავგვრემანი, ჩასხმული, ძლიერი აღნაგობის, ”სანის” ბიძაშვილი. მისი მამა და ძმა მოსკოვში ბიზნესმენები არიან", - ეს ჭიჭიაშვილის ჯგუფის წევრთა ნაწილის გარეგნული მახასიათებლებია, რომელიც მათ მიერ გატაცებულებმა სამართალდამცველებს ჩვენებაში დაუწერეს, თუმცა, მათგან მხოლოდ "კაპიტანი" დააპატიმრეს. 

შოთა ჭიჭიაშვილი კახელი, საგარეჯოელი გახლდათ, დედა წარმოშობით ქისტი  პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან იყო.  იმ პერიოდში, როცა პანკისის ხეობაში   სამართალდამცველთა „იურისდიქცია“ არ ვრცელდებოდა,  ვერავინ ბედავდა იქ შესვლას, ჭიჭიაშვილი ხეობას აფარებდა თავს და იქ გადაჰყავდა გატაცებული მძევლები.  პანკისის ხეობაში რამდენიმე ცნობილი დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ - ჭიჭიაშვილისა ადამიანის გატაცებაზე. 

ყოფილი სპეცრაზმელი, გია გულუას სახელობის სპეცრაზმის წევრი, სხვადასხვა დანაშაულებისთვის წლების მანძილზე იძებნებოდა და 2001 წელს მუხროვანის ამბოხის შემდეგ, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, დაეხმარა ამბოხებულებს, საქართველო დატოვა. მოსკოვში, ცოლის დასთან ცხოვრობდა. მან რუსეთის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარიც კი მოსთხოვა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტ პუტინის უარი მიიღო.

2003  წელს რუსმა სამართალდამცველებმა ძებნილი კრიმინალი დააკავეს და მალევე, საქართველოს გადმოსცეს. ჭიჭიაშვილის დაჭერასა და ექსტრადიციას წინ უძღოდა უშიშროების მაშინდელი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას მოსკოვში ვიზიტები და მის რუს კოლეგასთან ნიკოლაი პატრუშევთან მიღწეული შეთანხმება ჭიჭიაშვილის გადმოცემაზე. თბილისში, ჭიჭიაშვილი გაასამართლეს და 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, რვა წელიწადსა და რამდენიმე თვეში გათავისუფლდა.  

2013 წელს შოთა ჭიჭიაშვილს ხელისუფლებაში ახალი მოსული „ქართული ოცნების“ მიერ გამოცემული ფართომასშტაბიანი ამნისტია შეეხო და მან საპატიმრო დატოვა. მალევე, დატოვა საქართველოც. როგორც თავად მოგვიანებით განაცხადა, ის შსს-ში დაიბარეს და უთხრეს, რომ ქვეყანიდან უნდა წასულიყო. მევლუდ ჭიჭიაშვილი უკრაინაში წავიდა და ბოლო დღემდე იქ ცხოვრობდა.

დუმილი გარიგების სანაცვლოდ

წითელ  ცირკულარში შეყვანილი კრიმინალის, რომლის სახელთანაც 90-იანი წლების საქართველოში მომხდარი ყველა ხმაურიანი გატაცება და სხვა სახის სასტიკი დანაშაული დაკავშირდა, დაჭერას  შვიდი წელიწადი, ხოლო საქართველოში ექსტრადიციას სამი თვე დასჭირდა და  მისი ორთაჭალის ციხეში გამოკეტვა „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელისუფლებამ ჩაიწერა სათვალავში.

წლების მანძილზე შოთა ჭიჭიაშვილისადმი მიძღვნილი შოუები 2004  წლის 21 იანვარს თბილისის აეროპორტში მოწყობილი გრანდიოზული “ჩვენებით” დამთავრდა. ცნობილი კრიმინალი მოსკოვის ლეფორტოვოს საგამოძიებო იზოლატორიდან ორთაჭალის ციხეში მისთვის სპეციალურად გამზადებულ საკანში გაძლიერებული ბადრაგისა და მრავალრიცხოვან ჟურნალისტთა თანხლებით შეიყვანეს და ჭიჭიაშვილის კრიმინალური ისტორიაც ამით დაიხურა.

მალევე, თბილისში ჩამოყვანილ პატიმართან, ორთაჭალის ციხეში მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი შევიდა, ცნობილი კრიმინალისა და ქვეყნის მთავარი პროკურორის შეხვედრის დეტალები ოფიციალურად არ გახმაურებულა, არაოფიციალურად კი ითქვა, რომ ოქრუაშვილმა კრიმინალს დუმილის ნაცვლად გარიგება შესთავაზა. 

მართლაც, წინასწარი ძიების პროცესშიც და  შემდეგ,  სასამართლო პროცესზე  შოთა ჭიჭიაშვილი დუმილის უფლებას იყენებდა. დუმილის მიზეზად პატიმარსა და “ხავერდოვანი რევოლუციით” მოსული ხელისუფლების წარმომადგენლებს, კონკრეტულად, მაღალი რანგის სამართალდამცველებს შორის წარმოებული გარიგება სახელდებოდა. ამ გარიგების მიხედვით, ჭიჭიაშვილი დუმილს შეინარჩუნებდა, სამაგიეროდ, უმძიმესი დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობა ასცდებოდა და მიუხედავად, მისჯილი წლებისა, საპატიმროსაც მალე დაემშვიდობებოდა.

ჭიჭიაშვილის ალაპარაკება და ძალიან ბევრ უმნიშვნელოვანეს შეკითხვაზე მისი პასუხები, მავანის ინტერესში რომ არ შედიოდა ფაქტია. არ გამოაშკარავდა იმ გავლენიან პირთა გვარები, რომლებიც ზურგს უმაგრებდნენ ჭიჭიაშვილის კრიმინალურ  დაჯგუფებას სხვადასხვა - ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესების გამო და  თავიანთ თანამდებობრივ გავლენას ქვეყნის “უკონტროლო ზონად” ქცევისა და დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდნენ.

დაზარალებულთა შეცვლილი ჩვენებები

გენერალურმა პროკურატურისა და შემდეგ უშიშროების სამინისტროს მიერ წლების მანძილზე ფრაგმენტ-ფრაგმენტ ნაძიები და შემდეგ ერთ საქმედ ქცეული ჭიჭიაშვილის 23-ტომიანი საქმე უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე თვეში განიხილა, თუმცა, წლების მანძილზე ამ საქმესთან დაკავშირებით გაჩენილ ძალიან ბევრ და ძალიან სერიოზულ შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა. მოლოდინი, რომ „პანკისურ საიდუმლოებებს“ მევლუდ ჭიჭიაშვილის სასამართლო პროცესზე აეხდებოდა ფარდა, არ გამართლდა.

ცოლ-ქმარ  - ნათია რუსეიშვილისა მიხეილ დათიკაშვილის გატაცება; საგარეჯოს ერთ-ერთ ქუჩაზე გამართული “ბოევიკი” და პოლიციელ ქურხულის მკვლელობა; კასპელი ბიზნესმენის, რუსეთში ნავთობბიზნესში აქტიურად მომუშავე ნუგზარ წიკლაურის მამის ფირუზ ხოშაბაევის გატაცება; წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა გატაცება; ორი ესპანელი ბიზნესმენის - ხოსე ანტონიო ტრიმინო გომესისა და ფრანცისკო როდრიგეს კაბალას გატაცება;  პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილისა და ანა სურმავას გაიტაცება; “საფოსტო ბანკის” ახმეტის ფილიალის თანამშრომლებზე თავდასხმა და  13 ათასი ლარის გატაცება; უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებზე – ლორთქიფანიძესა და ახმეტელზე თავდასხმა; ყაჩაღობა, რომლის შედეგადაც, თბილისელ თეა აბულაძეს “ოპელ-ვექტრას” მარკის მანქანა წაართვეს, რითიც შემდეგ ესპანელი ბიზნესმენები გაიტაცეს; გორში “ნივის” მარკის მანქანის გატაცება და ახმეტაში დალი ალდამოვის გატაცება, ცოლად შერთვის მიზნით. ეს ის დანაშაულებია, რომელთა ჩადენისთვისაც შოთა ჭიჭიაშვილის უზენაესმა სასამართლომ 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აქვე სათქმელია ისიც, რომ დანაშაულის 15 ეპიზოდისთვის მისთვის წაყენებული ბრალდებები: განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში - მძევლად ხელში ჩაგდების გამო, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად; თავისუფლების უკანონო აღკვეთა არაერთგზის და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით; ბანდიტიზმი; პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ეს ის ბრალდებებია, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ შოთა ჭიჭიაშვილს საბოლოოდ წაუყენა და რომელიც მაქსიმალური სასჯელს უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე იური ტაბუცაძეს პოლიციისთვის მიმართვა მოუწია, რათა მოწმეები ძალით მიეყვანა დასაკითხად, რადგან, სასამართლოში არ მიდიოდნენ დაზარალებულებიც კი. მეტიც, შოთა ჭიჭიაშვილის პირისპირ მდგარმა მოწმეებმა და დაზარალებულებმა, რომელთაც წინასწარი ძიებისას ჭიჭიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს, ბრალდებულს „ხელი არ დაადეს“.  მის მიერ გატაცებულმა ყოფილმა მძევლებმა და მათი ოჯახის წევრებმაც კი, რომელთაც საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მევლუდ ჭიჭიაშვილთან უშუალო შეხება ჰქონდათ, გატაცებაში მისი მონაწილეობა კატეგორიულად უარყვეს.

გამტაცებელი ვერ გაიხსენა კახეთის რეგიონში პრეზიდენტის მაშინდელმა რწმუნებულმა პეტრე ცისკარიშვილმაც, რომელმაც სხვა დაზარალებულებისა და მოწმეების მსგავსად, მევლუდ   ჭიჭიაშვილში მისი და მისი საცოლის გამტაცებელი ვერ ამოიცნო.

გამორჩეულად საეჭვო იყო  პანკისის ხეობაში გატაცებული ცოლ-ქმრის დაკითხვა. პირველად, სწორედ ამ გატაცების  გამო აღმოჩნდა ჭიჭიაშვილი მართლმსაჯულების წინაშე. ის თბილისში დააკავეს. რუსთაველის გამზირზე მიმავალმა  ყოფილმა მძევალმა, რომელმაც თავისუფლებისთვის 50 ათასი დოლარი გადაიხადა, შემთხვევით მოსეირნე  მევლუდ ჭიჭიაშვილი დაინახა, სასწრაფოდ პოლიციაში დარეკა და სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ მან მისი და მისი მეუღლის გამტაცებელი ნახა. ჭიჭიაშვილი იქვე დააკავეს. ამის შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ყოფილმა მძევლებმა და მათი ოჯახის წევრებმაც მომხდარის შესახებ გამოძიებას დეტალური ჩვენებები მისცეს, დაპირისპირებაზე კი ჭიჭიაშვილი ამოიცნეს და განაცხადეს, რომ სწორედ ის იყო მათი გამტაცებელი. ამ საქმეზე ჭიჭიაშვილი გასამართლდა კიდეც და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ზემდგომმა სასამართლომ საქმე ძიებაში დააბრუნა და უკვე უზენაეს სასამართლოში მოულოდნელად, ყოფილმა მძევლებმა რამდენჯერმე მიცემული ჩვენებები  შეცვალეს - ჭიჭიაშვილის გატაცებაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყვეს. ამ ფაქტმა მოსამართლე ტაბუცაძეც კი გააკვირვა.

ქართველი დაზარალებულებისგან განსხვავებით,  ესპანელი ყოფილი მძევლები - ხოსე ანტონიო ტრიმინო გომესი და ფრანცისკო როდრიგეს კაბალა  საქართველოში ჩამოვიდნენ და საქართველოს უშიშროების მინისტრის თანდასწრებით ჩააბარეს ქართველ გამომძიებლებს დეტალური ჩვენება. დაზარალებულებმა  ფოტოებზე ამოიცნეს ადამიანები, რომლებიც მათ გატაცებაში მონაწილეობდნენ.

მანამდე კი,  მადრიდში, ესპანეთის უშიშროებისა და შს მინისტრების, დანაშაულთა სპეციალური დეპარტამენტისა და სხვა შესაბამისი ორგანოების წარმომადგენელთა თანდასწრებით, თითქმის 19 საათის მანძილზე მიმდინარეობდა მძევლობიდან დახსნილი, სამშობლოში დაბრუნებული ბიზნესმენების დაკითხვა.

,,პანკისი სხვა ქვეყანაა, რომელსაც არ ჰყავს არც პრეზიდენტი და არც სხვა მმართველი. პანკისში არიან მუსულმანები, ქართველი ბანდიტები, აზერბაიჯანელები, ქისტები, ჩეჩნები და სხვები. იქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, ნარკოტიკებს ამზადებდნენ, ძირითადად, “ჰეროინს”, რომელსაც ასაღებდნენ რუსებზე იარაღის გაცვლის საფასურად

დანამდვილებით ვიცით, რომ პანკისის ხეობაში კარგად ორგანიზებული მაფია მოქმედებს. ჩვენი გამტაცებლები ამ ორგანიზაციის რიგითი წევრები იყვნენ. “კაპიტანი” - შოთა ჭიჭიაშვილი, რომელიც მეთვალყურეობას გვიწევდა, გვეუბნებოდა, რომ გატაცების ორგანიზატორები გენერალი ლ. და ალექსა იყვნენ.

კაპიტანი" მეუბნებოდა, რომ ჩვენს შესახებ ინფორმაცია ვიღაც ესპანელმა ბიზნესმენმა მიაწოდა გენერალ ლ-ს და ეს ყველაფერი სწორედ მან მოაწყოო,’’განაცხადეს ყოფილმა მძევლებმა.

აღსანიშნავია, რომ „კაპიტანი“ ესპანელ ბიზნესმენთა გატაცებას თავადაც აღიარებდა.  ესპანელ ბიზნესმენებს თავისუფლება 300 ათასი დოლარი დაუჯდათ, თუმცა, მანამდე  დაახლოებით, 200 ათასი დოლარი შუამავლებსა და მიმწოდებელ ჯგუფს შორის დაიკარგა. ამ გატაცებაში ესპანეთის ხელისუფლებაც კი ჩაერია - საგარეო და შს მინისტრები პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მაშინდელ პრეზიდენტ შევარდნაძესთან. 

პიტერ შოუ შოთა ჭიჭიაშვილს არ გაუტაცებია

2002 წლის 18 ივნისს თბილისში, იოსებიძის ქუჩიდან, პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა შვიდმა უცნობმა "აგრობიზნესბანკის" თანათავმჯდომარე, ინგლისელი ბანკირი პიტერ შოუ გაიტაცა. ამ გატაცების გამო საქართველოში შეჩერდა ყველა ის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის დახმარებით ხორციელდებოდა, ასევე, გაურკვეველი დარჩა რა ბედი ეწია იმ 45 მლნ ევროს  დახმარებას, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის იყო გამოყოფილი.  

141-დღიანი ძიების შემდეგ, გატაცებული ბანკირის კვალს ბოლოს პანკისში მიაგნეს. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები მძევლის გასათავისუფლებელ ოპერაციას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ, მძევალი მოულოდნელად თავად გათავისუფლდა (?!).  საბოლოოდ, შეშინებული შოუ დუისის პოლიციაში აღმოჩნდა, სადაც  შემთხვევით  უშიშროების მინისტრის მოადგილე ირაკლი ალასანია იმყოფებოდა. 

"ტყვეობაში ჯაჭვით დაბმული სულ ორმოში ვიჯექი... იმ დღეს 4 კაცი მოვიდა და სადღაც წამიყვანეს. გზაზე რომ გავედით, იმ ხალხმა ერთმანეთში ჩხუბი დაიწყო, ამას სროლაც მოჰყვა. ერთი კაცი დაეცა, დანარჩენები გაიქცნენ. ამ დროს ბუჩქებში ვიყავი დამალული. მერე გამოვედი, მივედი იმასთან, ვისაც ესროლეს. ვნახე, რომ უკვე მკვდარი იყო. საშინლად შემეშინდა, თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. ბედად, სადღაც შუქს მოვკარი თვალი და იქით წავედი. ასე აღმოვჩნდი ქართველ ჯარისკაცთა ბლოკპოსტზე", - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისში ჩამოყვანილმა პიტერ შოუმ, რომლის გათავისუფლებასაც შოუ მიეძღვნა. ჟურნალისტთა უზარმაზარი კორტეჟი თბილისის შემოსასვლელთან დახვდა ყოფილ მძევალს, რომელსაც სულ რამდენიმე წინადადების თქმის საშუალება მიეცა და შეშინებული, დაბნეული, წვერმოშვებული, დაუბანელი და თმადაუვარცხნელი შოუ პირველი არხის სტუდიაში აღმოჩნდა.   

„შოუს შოუ“ ასე მოინათლა ინგლისელი ბანკირის გათავისუფლებისა და თბილისში ჩამოყვანის ღონისძიება. ის, იმავე ღამეს, მისი და ბრიტანული მხარის დაჟინებული მოთხოვნით ლონდონში გადააფრინეს. 

პიტერ შოუს გატაცებამ, ისევე, როგორც გათავისუფლებამ  საზოგადოებაში ბევრი შეკითხვა გააჩინა, თუმცა ეს კითხვები დღემდე უპასუხოდ რჩება.  ინგლისელი ბანკირის გამტაცებლად გამოცხადებულ შოთა ჭიჭიაშვილს მისი გატაცების ბრალდება მოეხსნა. საქმის გამომძიებლის ისკო დასენის (ის ახლა დეპუტატია) განცხადებით: “პიტერ შოუს გაუგზავნეს ჭიჭიაშვილის ფოტო, რომელშიც მან მისი გამტაცებელი ვერ ამოიცნო, საქმეში კი სხვა მტკიცებულებები არ არსებობს.” 

ერთი სიტყვით, საბოლოოდ, წერტილი დაესვა პიტერ შოუს საქმესაც და დარჩა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა.

გატაცების საქმის გახსნით დიდად არც თავად პიტერ შოუ დაინტერესებულა. 141-დღიანი ტყვეობის შემდეგ, მან ჩვენებს მიცემაზე კატეგორიული უარი თბილისშივე განაცხადა და არც ინგლისში ჩასულ ქართველ სააართალდამცველებს შეხვედრია დიდი ხალისით – ისინიც უარით გამოისტუმრა. თუმცა, სამშობლოში ჩასულმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ სამართალდამცველთა უსუსურობაზე, ქვეყანაში არსებულ უმძიმეს სიტუაციაზე, ტყვეობაში ყოფნის გაუსაძლის დღეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ: “საქართველო ძალიან საშიში ქვეყანაა.”  თუმცა, განსხვავებით ესპანელი ბიზნესმენებისგან მას არ უსაუბრია არც გამტაცებლებზე და არც გატაცების ორგანიზატორებზე – ეს საქმეც საიდუმლოდ დაიხურა. 

ვინ იყო შოთა ჭიჭიაშვილი?

 - მართლაც იყო თუ არა ოდიოზური კრიმინალი შოთა ჭიჭიაშვილი, თუ არსებული “მასალისგან” შექმნეს საჭიროების დროს საშიში პერსონა? - ამ შეკითხვას გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა ყოფილი გამომძიებელი ელდარ თოფჩიევი, რომელიც ჭიჭიაშვილის საქმის გამომძიებელი იყო და 23 ტომიდან 20 შექმნა, ასე პასუხობდა:  “ის სერიოზული კრიმინალია, იმდენად სერიოზული, რომ ასეთი მასშტაბის კრიმინალი დსთ-ს მასშტაბით არ იყო. 1996 წლის შემდეგ პანკისის ხეობაში მომხდარი ყველა გატაცება და სხვა რეზონანსული გატაცებები მისი ჯგუფის მიერაა ჩადენილი”.

ბოლო სკანდალი, რომელიც „კაპიტნის“ სახელს დაუკავშირდა გიორგი სანაიას მკვლელობაა. ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრმა კონსტანტინე ციხისთავმა, შარშან, მკვლელობიდან 22 წლის შემდეგ განაცხადა,  ჟურნალისტის მკვლელობა მაშინ, 1996 წელს, მთავრობაში დაიგეგმა და ის  შოთა ჭიჭიაშვილმა შეასრულა.  ეს ბრალდება შოთა ჭიჭიაშვილმა უარყო და განაცხადა, ციხისთავი აგენტი იყო,  ძალოვანებმა "შემომიგდეს", გიორგი სანაიას მკვლელობასთან არანაირი შეხება არ მქონიაო.  

„სანაიას საქმე, ღმერთმა აცხონოს გიორგი, უფრო მომავალი „ნაცების" ამბავი იყო. შევარდნაძისთვის ძირი რომ გამოეთხარათ და მისი ხელისუფლების მიმართ სიძულვილი დაეთესათ, მასებზე ზემოქმედებისთვის სჭირდებოდათ მისი სიკვდილი", - განაცხადა ჭიჭიაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი