სტატიები
ავღანური წარსული - სოციალიზმი/დემოკრატია და ახალი არჩევანი - დამოუკიდებლობა/თავისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2019 21 აგვისტო 2021, 10:15


ქეთი ხატიაშვილი

სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით შევიდნენ და ერთი მიზეზით გამოვიდნენ - ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. ავღანეთი ძვირი დაუჯდა როგორც საბჭოთა მოსკოვს, ისე დემოკრატიულ ვაშინგტონს. იქ ვერც სოციალიზმი დამყარდა და ვერც დემოკრატიული სისტემა. მაშინ თალიბები გაჩნდნენ, ახლა თალიბები დაბრუნდნენ. შუაში კი იყო ომი, რევოლუცია... 
ავღანეთში ჯარი ლეონიდ ბრეჟნევმა შეიყვანა, მაშინ ქაბულმა კრემლი თავის შიდაპოლიტიკურ ინტრიგებში ჩაითრია. ექსპერტები მოსკოვს თავიდან არც ჯარის შეყვანას ურჩევდნენ და შემდეგ არც მის გამოყვანას.
ასევე იყო ამერიკის შემთხვევაშიც - არც თეთრ სახლს ურჩევდნენ იქ ჯარის შეყვანას და მით უფრო გამოყვანას, თუმცა, ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება ტერორიზმის საფრთხის გამო მიიღო.

დავიწყოთ ბოლოდან: 


ამერიკელები ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შევიდნენ. პრეზიდენტმა ბუშმა (შვილმა) მაშინ მთელ მსოფლიოს ტერორიზმის განადგურებისკენ მოუწოდა. და მსოფლიოც გაერთიანდა, პირველ რიგში კი, სწორედ ავღანეთის წინააღმდეგ, რადგანაც ქვეყნის მმართველი ძალა - თალიბები - ამ ტერაქტზე პასუხისმგებელ, ნომერ პირველი ტერორისტ ბინ ლადენს იფარებდნენ. მის გადაცემაზე უარი თქვეს და საკუთარი ქვეყანა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენეს. 

ბუშმა თალიბები გაანადგურა; ობამამ - ბინ ლადენი; ტრამპმა თალიბებს ზავი შესთავაზა; ბაიდენმა კი ამერიკული ჯარი ავღანეთიდან გაიყვანა და თალიბებს ქვეყანაში დაბრუნების საშუალება მისცა. 

ბუშიდან ბაიდენამდე გზა ამერიკას 3 ტრილიონი დოლარი დაუჯდა. შედეგად კი მიიღო მმართველობა, რომელმაც თალიბების შემოტევას ორი საათიც ვერ გაუძლო, პოზიციები მაშინვე დათმო და გაიქცა. 

ზუსტად 10 წელი გავიდა ბინ ლადენის ლიკვიდაციიდან. ზუსტად 20 წელი - ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტიდან, რომლის ორგანიზატორიც სწორედ ბინ ლადენი გახლდათ. მან არა მხოლოდ ამერიკა შეცვალა, არამედ დიდი გავლენა მოახდინა გეოპოლიტიკაზეც. 


საინტერესოა, რომ ჯო ბაიდენი ბინ ლადენის ლიკვიდაციის წინააღმდეგი იყო. ათი წლის წინათ მას ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ნომერ პირველ ტერორისტს ამერიკის სპეცსამსახურები ათი წლის განმავლობაში ეძებდნენ, პაკისტანში მიაგნეს, სპეცოპერაციაც დაგეგმეს, მაგრამ მას ბაიდენი ეწინააღმდეგებოდა. რატომ?

თუმცა, მანამდე ცოტა რამ თავად ბინ ლადენზე. ის ოჯახში ოცდაოთხიდან მეჩვიდმეტე შვილი იყო. მდიდარ ოჯახში იზრდებოდა, საუდის არაბეთში მამამისი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა - იცოდა, როგორ აეგო ლამაზი და მდიდრული სახლები, ამიტომაც ამ ბიზნესით სწრაფად გამდიდრდა. თავად ბინ ლადენი არაფრით გამოირჩეოდა, არავის ეგონა, მისგან არათუ ვინმე, რამე მაინც თუ დადგებოდა. თუმცა, საბოლოოდ, ერთიც დადგა და მეორეც გახდა. 

და აქ მის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანა ითამაშებს. რომ არა ბრეჟნევის ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ის სიცოცხლის ბოლომდე სამშენებლო ფირმის ერთ-ერთი რიგითი კლერკი ყოფილიყო, მაგრამ კრემლმა ავღანეთის მიწაზე დააბიჯა და ეს მუსლიმანურმა ქვეყნებმა დიდ გამოწვევად აღიქვეს. ამიტომაც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საუდის არაბეთშიც გამოაცხადეს საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული მუსლიმანის მთავარ, წმიდათაწმიდა მოვალეობად. ყოველი ოჯახი ვალდებული იყო, ერთი შვილი მაინც გაეგზავნა ამ ომში. ჰოდა, ოჯახმაც არჩევანი ოსამას სასარგებლოდ გააკეთა. მოჯაჰედებისთვის მას საკვები და თბილი სამოსი დაჰქონდა, თუმცა ომში მონაწილეობა არ მიუღია. საბჭოთა არმიის გასვლის შემდეგ კი, ოსამა სამშობლოში დაბრუნდა და ყველას უყვებოდა, როგორ იბრძოდა, რა დაუნდობლად ებრძოდა მტერი, როგორ უშენდნენ ტყვიებს, ესროდნენ ტანკები, დასდევდნენ ვერტმფრენები, მაგრამ ალაჰმა საკუთარი კალთა გადააფარა და უბედურებისგან დაიცვა.   


რთული სათქმელია, რამდენად დაიჯერა მან ის, რასაც საკუთარ თავზე ჰყვებოდა, მაგრამ სხვებს მის მიმართ მართლაც გაუჩნდათ მესიანისტური დამოკიდებულება. თუმცა, ამ სხვებში ხელისუფლება არ შედიოდა. ამიტომაც, როცა ერაყის წინააღმდეგ მათ ამერიკელები გამოიყენეს და არა ოსამა ბინ ლადენი, ბავშვივით ეწყინა, გაბრაზდა და ქვეყანა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შემდეგ საცხოვრებლად ის სუდანში გადადის. რადიკალების ერთ-ერთი თავშესაფარი მომავალში სწორედ ეს ქვეყანა გახდება. სუდანში მას ჩააქვს ფული და იდეები. სწორედ მაშინ დაიწყო მან ტერაქტების მოწყობა ჯერ ამერიკის სამხედრო ბაზებზე საუდის არაბეთში, შემდეგ კი აფრიკაში ამერიკის საელჩოზეც. სწორედ ამის შემდეგ ხვდება ის ამერიკული სპეცსამსახურების დოსიეში, სუდანს სასწრაფოდ ტოვებს და ავღანეთში გადადის. აქ კი უკვე 11 სექტემბრის ტერაქტი იგეგმება - თვითმფრინავების გატაცება, „ტყუპების“ აფეთქება ნიუ-იორკში, პენტაგონზე შეტევა.

თუმცა, 2001 წლის 11 სექტემბრამდე მისი შეჩერების მცდელობები იქნება. ამ მისიით პირველად ქაბულში საუდის არაბეთის სპეცსამსახურები ჩავლენ და ოსამა ბინ ლადენის ან საუდის არაბეთისთვის გადაცემას მოითხოვენ ან მის გაკონტროლებას - ტერაქტები რომ აღარ მოაწყოს. თუმცა, თალიბები, ისევე როგორც ბინ ლადენი, მიიჩნევდნენ, რომ ისლამის მთავარი მტერი ამერიკა იყო და რომ საუდის არაბეთი თავად სცოდავდა ვაშინგტონთან პარტნიორობით, ამიტომაც თანამშრომლობაზე უარი თქვეს, სპეცსამსახურების მხრიდან კი, საპასუხოდ, მკაცრი ტონი და მუქარანარევი რეპლიკები მიიღეს. შედეგად, ავღანეთის პირველი პირი მულა ომარი შეხვედრას დაუყოვნებლივ ტოვებს, თუმცა რამდენიმე წუთში უკან სველი ბრუნდება და ამბობს: გვერდით ოთახში ერთი ვედრო ცივი წყალი გადავივლე, რომ ცოტა დავცხრე, თორემ არც ვიცი, რა შემეძლო შენთვის გამეკეთებინაო.

ამის შემდეგ საქმეში ამერიკის სპეცსამსახურები ერთვებიან. ბილ კლინტონი იმ ბაზების დაბომბვის ბრძანებასაც კი გასცემს, სადაც ტერორისტებს ამზადებენ, თუმცა, თავად ნომერ პირველ ტერორისტს ვერ მიაგნებს. და ახლა ის მხოლოდ თინეიჯერების კერპი კი აღარ არის, როგორც ეს მის სამშობლოში იყო, არამედ მთელი მუსლიმანური სამყაროს რადიკალურად განწყობილი ჯგუფებისა თუ ხელისუფლებებისაც. ახლა ბინ ლადენს საბჭოთა ტანკები და სნაიპერები კი არ დასდევდნენ, როგორც ის ამას საუდის არაბეთში მოზარდებს უყვებოდა, არამედ თავად ამერიკის სპეცსამსახურები, მაგრამ ალაჰი მას იფარავდა.


კლინტონმა ვერ იპოვა, უკვე შვილი ბუშის დროს კი მან ყველაზე მასშტაბური ტერაქტების განხორციელება შეძლო. ნადირობაც ამის შემდეგ იწყება მასზე. მერე შევლენ ამერიკელები ავღანეთში და გაანადგურებენ თალიბებს, მხოლოდ თალიბებს და არა ბინ ლადენს, რომელიც გაუჩინარდება. რა თქმა უნდა, რადიკალებმა ესეც ალაჰის წყალობად მიიღეს. თავად მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი კი, რა თქმა უნდა, ასეთი გულუბრყვილო არ იყო, ამიტომაც გულუხვად არიგებდა ფულს პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მისი დამალვის დეტალებიც ძალიან საინტერესოა, თუმცა, ახლა აქ აღარ შევყვებით - ძალიან შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მხოლოდ, რომ მან დასამალად პაკისტანის სპეცსამსახურებისთვის მიუვალი ადგილები ან რადიკალების სიახლოვეს მყოფი რაიონები კი არ შეარჩია, არამედ ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი და სახლი, რომელიც სამხედრო აკადემიის სიახლოვეს იდგა.   

ჯორჯ ბუშმა მის კვალს ვერ მიაგნო. სამაგიეროდ მიაგნო ბარაკ ობამამ.


და აქედან ოსამა ბინ ლადენის ცხოვრებაში იწყება ახალი და მისი სიცოცხლის ბოლო თავი. 
ბუშის ადმინისტრაცია თუ თალიბების განადგურებას დასჯერდა, ობამამ ბინ ლადენის განადგურება დაისახა მიზნად. ჯო ბაიდენი ამ ოპერაციის წინააღმდეგი იყო, მას ეშინოდა, რომ სპეცსამსახურები ამ ამოცანას თავს ვერ გაართმევდნენ. მაგრამ გაართვეს. 

კლინტონმა ტერორიზმის საფრთხის შემცირება ვერ შეძლო, ბუშმა ტერორისტული აქტი თავიდან ვერ აიცილა, სამაგიეროდ გაანადგურა თალიბები ავღანეთში, ობამამ მოახდინა ბინ ლადენის ლიკვიდაცია. და თითქოს ამერიკის მისია შესრულებული იყო, თუმცა  მაინც ავღანეთში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. 


ტრამპის პოზიციები განსხვავებული გახლდათ, მას მიაჩნდა, რომ ვაშინგტონი ქაბულიდან უნდა გამოსულიყო. მან თალიბებთან მოლაპარაკებები დაიწყო და გარკვეული ვალდებულებებიც აჰკიდა. მათ შორის, ავღანეთში უკვე არსებულ ხელისუფლებასთან თანაარსებობა, ქალებისთვის უფლებების დატოვება. რეალურად კი ამერიკული ჯარი ავღანეთიდან უკვე ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გამოვიდა. 


ამერიკელებმა თავიანთი მისია შეასრულეს, ავღანეთის მთავრობამ - ვერა. კოლოსალური დაფინანსების მიუხედავად, ავღანეთი თანამედროვე ქვეყანა ვერ გახდა. ფული, რომელიც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მოდერნიზაციაზე უნდა დახარჯულიყო, ვერტიკალის საკვებად იქცა. კორუფცია კი ერთადერთი იყო, რაც ავღანეთში აყვავდა. 


ისტორიკოსების შეფასებით კი, რეალური მიზეზები მის ისტორიაში უნდა ვეძიოთ. 
ათვლის წერტილად ისინი აპრილის რევოლუციას იღებენ, როცა ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალგაზრდა ოფიცრებმა ძველი და ტრადიციული სტრუქტურა დაანგრიეს, მაგრამ ახალი ვერ ააშენეს. 
აქაც მივყვეთ მივყვეთ მოვლენებს.


1978 წლის რევოლუციამდე ავღანეთი სუსტი, მაგრამ სტაბილური ქვეყანა იყო. ეგრეთ წოდებული აპრილის რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში ახალგაზრდა ოფიცრები მოვიდნენ, რომლებმაც მიზნად სოციალიზმის აშენება დაისახეს, ისეთის, როგორიც მაშინ საბჭოთა კავშირში იყო.

სოციალისტურმა ეკონომიკამ კი არსად არ გაამართლა და ვერც ავღანეთი იქნებოდა გამონაკლისი. თუმცა, მთავარი ეს არ იყო. რევოლუციონერებმა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, რელიგიის წინააღმდეგაც გაილაშქრეს და რადიკალებიც სწორედ მაშინ გაჩნდნენ, მოჯაჰედების სახით. 

მოჯაჰედებს მაშინვე დაუჭირეს მხარი პაკისტანმა და ამერიკამ. პირველმა - ეთნიკური მსგავსების გამო, ორივე მხარეს ეთნიკურად პუშტუნები არიან უმრავლესობაში; ამერიკამ კი - საბჭოთა კავშირის საპირწონედ. 

ასეთმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, რა თქმა უნდა, სამოქალაქო ომი და ქვეყნის სრული განადგურება გამოიწვია. ამ ომმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალიან ბევრი ბავშვი დაობლდა. საბოლოოდ კი ისინი რელიგიურმა სკოლებმა შეიკედლეს. 

და სწორედ ამ ბავშვების თაობაში აღმოცენდა შემდეგ თალიბანი. ისინი გაზარდეს ერთადერთი რწმენით - ებრძოლათ ურწმუნოების წინააღმდეგ ისლამის სახელით. სხვა ცოდნა მათ არ მიუღიათ, ამიტომაც იყო მათი შეხედულებები ამდენად რადიკალური და სხვა მუსლიმანური ქვეყნებისგან განსხვავებული. იარაღთან ურთიერთობა იყო ერთადერთი, რაც მათ ასწავლეს. შესაბამისად, დაუნდობლობითაც გამოირჩეოდნენ.

 

ყველგან, სადაც თალიბები შედიოდნენ, ერთი და იგივე რამ ხდებოდა: ხურავდნენ სკოლებს, ქალებს უკრძალავდნენ განათლების მიღებას, მუშაობას. ქუჩაში მხოლოდ ჩადრით უნდა გამოსულიყვნენ და ისიც მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის თანხლებით. როცა მათ ქაბული პირველად დაიკავეს, უცხოელ ჟურნალისტ ქალებს კითხვის დასმაც კი აუკრძალეს. თალიბების ლიდერს უცხო ქალის ხმა არ უნდა ესმოდეს - ასე ახსნეს მაშინ ეს გადაწყვეტილება. დახურეს ტელევიზიები, დააწესეს მკაცრი კონტროლი კონტენტზე, გაანადგურეს კულტურული ძეგლები და ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც, მათი აზრით, ისლამს არ შეესაბამებოდა. ურჩებისთვის კი საშინელი სადამსჯელო ღონისძიებები შემოიღეს. მაგალითად, ქვებით ჩაქოლვა, ხელის მოჭრა, საქვეყნოდ გაროზგვა და ასე შემდეგ. 
   
თალიბების პირველი თაობა ხელისუფლებაში მას შემდეგ მოვიდა, როცა საბჭოთა ჯარმა ავღანეთი დატოვა. კრემლის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილმა მუჰამედ ნაჯიბულამ ხელისუფლება მალევე დაკარგა.

თუმცა, ის მოჯაჰედებმა ჩამოაგდეს. თალიბები ხელისუფლებაში შემდეგ მოვიდნენ. მოჯაჰედებმა ვერტიკალზე ერთმანეთის წინააღმდეგაც დაიწყეს ბრძოლა, თალიბანი კი ამ მხრივ სანიმუშოდ შეკრულ გუნდს წარმოადგენდა. ამიტომაც მალევე გამოაცალეს მოჯაჰედებს ტახტი. 

პირველი, ვისაც ისინი გაუსწორდნენ, ნაჯიბულა იყო, რომელიც მოჯაჰედებს შინაპატიმრობაში ჰყავდათ. დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლო პრეზიდენტი მათ სასტიკად აწამეს და ბოლოს, ძმასთან ერთად, პრეზიდენტის სასახლის შესასვლელში ჩამოახრჩვეს. ეს 1996 წელს მოხდა.


ნაჯიბულა რევოლუციონერთა თაობის წარმომადგენელია. აპრილის რევოლუციის შემდეგ, 1978 წელს ხელისუფლებაში მყოფი პრეზიდენტი მუჰამედ დაუდი მოკლეს და რევოლუციონერები ხელისუფლებაში მოვიდნენ. მაგრამ ისინი ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთ მხარეს ოფიცრები აღმოჩნდნენ, მეორე მხარეს - სამოქალაქო პირები. ამ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა, სამხედროებმა გაიმარჯვეს და ამბიციების მქონე ინტელიგენცია ელჩებად გაამწესეს. მაგალითად, ბაბრაქ ქარმალი ელჩად ჩეხოსლოვაკიაში გააგზავნეს. წასვლის წინ ის საკუთარ მომხრეებს დაჰპირდა, რომ გამარჯვებული დაბრუნდებოდა და მოგვიანებით გახდა კიდეც პრეზიდენტი; მოჰამედ ნაჯიბულა კი ცოტა ხნით თეირანში იყო, შემდეგ - მოსკოვში.
ამ ვისთვის სამხედრო გადატრიალებას, ვისთვის კი რევოლუციასაც ჰქონდა თავისი წინაპირობა. 

ზოგადად, მიზეზიც და საბაბიც საბჭოთა მოსკოვი იყო. კერძოდ კი, დაღლილ-დაქანცული და დაბერებული ბრეჟნევი, რომელმაც მეგობარ ავღანეთში მიმდინარე პროცესები ჯეროვნად ვერ შეაფასა - როდისღა დავისვენოო, თქვა და ავღანეთის პრეზიდენტს მუჰამედ დაუდს (1997-78 წწ.) შეხვედრაზე უარი უთხრა, რაც ქაბულში მხარდაჭერის დაკარგვად აღიქვეს და აპრილის მოვლენებიც უცებ, ტალღასავით აგორდა. მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირში გაწვრთნილი ოფიცრები გამოვიდნენ, მარტო დარჩენილმა დაუდმა ძალაუფლება ვერ შეინარჩუნა. 

დაუდი პოლიტიკურ ანგარიშში შეცდა - ეს სულაც არ იყო ის შემთხვევა, როცა თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. კონკურენტების დაპატიმრებისთანავე ე.წ. რევოლუცია აგორდა და დაუდი თავად მოჰყვა საკუთარი ვერტიკალის ნანგრევებში.

აჯანყებას სათავეში ჰაფიზულა ამინი ჩაუდგა. მაშინ პრეზიდენტმა მისი დაპატიმრება ვერ მოასწრო. ჰოდა, სანამ სროლა დასწრებაზე იყო, პირველმა ამბოხებულებმა ისროლეს. პრეზიდენტი დაუდი საპრეზიდენტო სასახლეშივე დახვრიტეს.  მოკლეს მისი ოჯახის წევრებიც. 


ქვეყნის მართვის სადავეებთან ახალგაზრდები აღმოჩნდნენ. ახალგაზრდა ოფიცრები, ისინი, ვინც გამოიზარდნენ და გამოიწვრთნენ საბჭოთა კავშირში, ამიტომაც სოციალიზმის მშენებლობა მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს. ეს კი, საბოლოოდ, ქვეყანაში რადიკალებს, მათ შორის თალიბებს გააჩენს. მიზეზებზე უკვე ვისაუბრეთ. 

მანამდე კი რევოლუციონერებმა ჯერ ძალაუფლების განაწილება სცადეს, შემდეგ - ხელისუფლების. თუმცა ვერცერთი ვერ შეძლეს და, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ჯგუფად გაიყვნენ. 

სამხედროებმა მმართველობა დაიტოვეს. თუმცა, გარკვეულ თანამშრომლობას მაინც შეეცადნენ, ამიტომაც, როცა  ქვეყნის პირველი პირი - ნურ მუჰამედ თარაქი, მისი პირველი მოადგილე კი ჰაფიზულა ამინი გახდა (ორივე ოფიცერთა დაჯგუფებას წარმოადგენდა), მეორე მოადგილედ ბაბრაქ ქარმალი დანიშნეს - სამოქალაქო ფრაქციიდან. 

თუმცა, გაყოფა ამის იქით ვეღარ წავიდა, ორივე მხარე მხოლოდ საკუთარი, მხოლოდ მისთვის მისაღები კადრების დაწინაურებაზე ფიქრობდა, ამიტომაც ურთიერთობები მალევე დაეძაბათ, მათ შორის საშინელი ზიზღი და მიუღებლობა გაჩნდა. 


რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირებაში კრემლმაც თავისი როლი შეასრულა, თუმცა, ახლა ამ თემას გვერდს ავუვლით - ძალიან შორს წაგვიყვანს. 

ვერტიკალზე მარტო დარჩენილმა სამხედროებმა საბჭოთა წესრიგის დამყარება დაიწყეს. უკმაყოფილებას რეპრესიებით ახშობდნენ, რელიგიას ებრძოდნენ, სოციალისტურ ეკონომიკას კი შედეგები არ მოჰქონდა. რეპრესიების მიმართულებით ამინი გამოირჩეოდა. ის ამბობდა: მე სტალინისტი ვარ და ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც სტალინი აკეთებდა, რომელმაც, სანამ მენშევიკები არ გაანადგურა, ვერაფრის კეთება ვერ დაიწყოო. 

სანამ თარაქი გამარჯვებითა და ხელისუფლების ფლობით ტკბებოდა, ამინი რეპრესიებს რეპრესიებზე აწყობდა. ხალხის უკმაყოფილება, მათ შორის სასულიერო პირებისაც იზრდებოდა და ვითარება სულ უფრო ფეთქებადსაშიში ხდებოდა. ის როლში იმდენად შევიდა, რომ თარაქიმაც კი იგრძნო საფრთხე და მხარდაჭერა მოსკოვს სთხოვა. ბრეჟნევი მას პირადად შეხვდა და ამინის ლიკვიდაციის პირობაც დადო. 

ორჯერ სცადეს ამინის მოკვლა. ერთხელ - სნაიპერით, თუმცა, ამინის კორტეჟმა ძალიან სწრაფად ჩაიარა და ვერ მოხერხდა; მეორედ მას საწამლავი კოკა-კოლაში ჩაუყარეს, თუმცა, მისთვის განკუთვნილი ჭიქა სხვამ დალია; მესამედ კი ამინის წვეულებაზე მისული ყველა სტუმარი მოწამლეს იმ იმედით, რომ ამინი ვერ გადარჩებოდა, თუმცა, დაცვამ მალევე მოიყვანა ექიმი და ის მაინც გადარჩა. 


ამინსა და თარაქის შორის დაპირისპირებამ საბოლოოდ სამხედრო კონფლიქტის სახე მიიღო, ამ ბრძოლაში კი პრეზიდენტი აღმოჩნდა დამარცხებული - თარაქი ბალიშით გაგუდეს. 
მოსკოვმა მაშინ ავღანეთში საიდუმლოდ ჩაიყვანა ბაბრაქ ქარმალი - ამინის შეცვლა და ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანა უკვე გარდაუვალი იყო. 

ამინის წინააღმდეგ ნამდვილი სპეცოპერაცია დაიგეგმა, ახლა არც ამ დეტალებს შევყვებით. ის შვილთან ერთად მოკლეს. 

ქაბული ქარმალმა დაიკავა და პირველივე განცხადებაში საბჭოთა კავშირს ჯარის შეყვანა სთხოვა წესრიგის დამყარების მიზნით. 


და ავღანეთში ომი თავიდან დაიწყო, ახლა უკვე მოსკოვისა და ვაშინგტონის ჩართვით. ქარმალსაც მალე მოუწევს ემიგრაცია წასვლა - ის მოსკოვში გაიქცევა. 

ქვეყანაში საბჭოთა ჯარებს ქარმალი დახვდება, წასვლით კი მათ ნაჯიბულა გააცილებს. მაშინ ალბათ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რამდენად მძიმე განაჩენი იქნებოდა მისთვის პრეზიდენტად დარჩენა. ის მოჯაჰედებს გაექცევა და თავს გაეროს ოფისს შეაფარებს. თუმცა თალიბების არ შეეშინდება. საქმე ის გახლავთ, რომ ისიც, როგორც თალიბები, ეთნიკურად პუშტუნია. ამიტომაც, როცა ერთ დღესაც დაუძახებენ, სიხარულით გამოვა სამალავიდან და ვერტიკალზე დასაბრუნებლად გაემზადება. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი ეთნიკური წარმომავლობა რეპრესიებისგან იხსნიდა, თუმცა მწარედ მოტყუვდება, მას სასტიკად აწამებენ.


ეს იყო ისტორია. ისე ჩანს, თითქოს ახლა ავღანეთი საწყის წერტილს დაუბრუნდა, დადგა იქ, სადაც დაუდის დროს იყო. მაშინ თალიბები არ იყვნენ, სამაგიეროდ იყო მოლოდინები, ქაბულთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ როგორც მოსკოვში, ისე ვაშინგტონში. ახლაც ასეა. ვნახოთ, სად წაიყვანს მათ ამჯერად ისტორიის ახალი მოლოდინებით სავსე ფურცელი.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი